რეზიუმე: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გამამართლებელი განაჩენების მართლაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო (იგულისხმება პროცენტული მაჩვენებელი). მდგომარეობის გამოსწორება 2011 წლიდან დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელი სტატისტიკური მონაცემების მხრივ საკმაოდ ეფექტური იყო. აღსანიშნავია, რომ გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც შენარჩუნდა.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კონტექსტი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, მის მიერ დასახლებული კონკრეტული ფაქტობრივი მონაცემების აბსოლუტურ სიზუსტესთან დაკავშირებით, იმავეს თქმა რთულია. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მხოლოდ 4-ჯერ გაიზარდა და არა 6-ჯერ. 6 წლიანი პერიოდების შედარებისას (იგულისხმება 2007-2012 და 2013-2016 წლები), აბსოლუტური მაჩვენებელი 4.8-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო 6 წლიანი პერიოდების საშუალო მაჩვენებლების შედარებისას, აღნიშნული რიცხვი მართლაც 6-ჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ფარდობით მაჩვენებელს, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს არსებით განხილულ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების პროცენტული წილი არ შეცვლილა. 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (2007-2012 წლებში ის 1.91-ს, ხოლო 2012-2018 წლებში - 4.41-ს შეადგენდა) - 2.3-ჯერ გაიზარდა. ასევე, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს განაჩენით გამოტანილ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების წილი 2.8-ჯერ გაიზარდა. ხოლო, 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი 5-ჯერ არის გაზრდილი.
ანალიზი
მიმდინარე წლის 9 აპრილს, გადაცემაში „პირისპირ“, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებაზე ისაუბრა. „2012 წლის შემდეგ, 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა“ - განაცხადა (38-ე წთ) ბიძინა ივანიშვილმა.
განცხადებაში, რომელიც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ექვსჯერ გაზრდას გვაუწყებს, არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი პერიოდის მონაცემებია შედარებული. ერთი შეხედვით, ჩნდება განცდა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები „ტალღებად“ ცნობილი რეფორმების შეჯამებას წარმოადგენს და შესაბამისად, სასამართლოს სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობას (უახლოეს მონაცემებს) ასახავს.
თუმცა, ფაქტ-მეტრის დაკვირვებით, აღნიშნული განცხადება (ისევე, როგორც სხვა მაჩვენებლებთან დაკავშირებული განცხადებები) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 ივნისი - 2017 მაისი საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებს ეყრდნობა და შესადარებლად ერთი მხრივ, 2008-2011 წლებისა და მეორე მხრივ, 2013-2016 წლების 4 წლიანი პერიოდებია აღებული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანაგრიში რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება არავალიდურ წყაროდ მივიჩნიოთ:
- ანგარიშის თანახმად, 2013-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით (ამ შემთხვევაში შესადარებლად გამოყენებულია 2008-2011 წლები), 82%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. კერძოდ, მოყვანილია რიცხვები: 2013-2016 წლებში -112, ხოლო 2008-2011 წლებში - 643. თუკი 112-სა და 643 გამამართლებელ განაჩენს შორის პროცენტულ ზრდას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა არა 82%-ით, არამედ 474%-ით გაიზარდა. აღნიშნული საკმაოდ უხეშ არითმეტიკულ შეცდომას წარმოადგენს, რაც (სხვა, ასევე მრავალი უხეში შეცდომის გათვალისწინებით) ანგარიშის სანდოობასა და ხარისხზე სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეცდომა (სავარაუდოდ, ამავე ანგარიშზე დაყრდნობით) იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გაიმეორა.
- ანგარიშში, ერთი მხრივ წარმოდგენილია 2013-2016 წლების მონაცემები, რომლებიც შედარებულია არა 2009-2012 წლების 4 წლიან პერიოდს, არამედ 2008-2011 წლებს. ანგარიშში არ არის დასაბუთებული საანგარიშო პერიოდის შერჩევის მიზეზები, კერძოდ რამ განაპირობა საანგარიშო პერიოდიდან სწორედ 2012 წლის მონაცემების გამორიცხვა. განმარტება კიდევ უფრო აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის განმავლობაში გამამართლებელი განაჩენების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, 2012 წელს, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა გამამართლებელი განაჩენი 117 პირის მიმართ გამოიტანეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საბჭოს მიერ შერჩეულ ოთხწლიან პერიოდში (სულ 112 პირის მიმართ) დაფიქსირებულ მაჩვენებელსაც კი აღემატება. შესაბამისად, საბჭოს მიერ პერიოდების შერჩევა აჩენს სურათის კიდევ უფრო დამძიმების მცდელობის განცდას. თუკი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესადარებელ პერიოდად 2009-2012 წლებს აიღებდა, მაშინ მივიღებდით, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა არა 6-ჯერ, არამედ 3.2-ჯერ გაიზარდა.
- ამასთან, ანგარიშის ხარვეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ აბსოლუტური (რიცხვობრივი) და არა ფარდობითი მონაცემების (პროცენტული წილი) წარმოდგენა. კერძოდ, ანგარიშში საუბარია მხოლოდ იმ პირთა რაოდენობაზე, რომელთა შემთხვევაშიც გამამართლებელი განაჩენი დადგა, ისე რომ ყურადღება არ არის გამახვილებული თუ ზოგადად, აღნიშნულ პერიოდში, რამდენი პირის მიმართ გამოიტანა სასამართლომ განაჩენი, მათგან რამდენი იყო გამამართლებელი განაჩენების წილი და სხვა ობიექტური გარემოებები.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები არ არიან ვალდებულები გადაამოწმონ თუ რას გულისხმობდა ან რას ეყრდნობოდა განმცხადებელი, ამასთან, ვერც დაუშვებენ რომ შესაძლოა 2019 წლის აპრილში გაკეთებული განცხადება, მხოლოდ 2016 წლის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას ასახავდეს. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდის შესახებ, უნდა გადამოწმდეს უახლესი მონაცემების გათვალისწინებით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არასწორია მხოლოდ აბსოლუტურ მაჩვენებლებზე აპელირება და სურათის უკეთ დასანახად აუცილებელია ფარდობითი მაჩვენებლის განსაზღვრაც.
აბსოლუტური მაჩვენებელი (იმ პირთა რაოდენობა რომელთა სასარგებლოდაც გამამართლებელი განაჩენი დადგა)
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ არსებითი განხილვითა და არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილ განაჩენებს იცნობს. ამ უკანასკნელში, საპროცესო შეთანხმება იგულისხმება, რომლის დროსაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.
რაც შეეხება არსებითი განხილვით გამოტანილ განაჩენებს, ის სამი სახის არსებობს: გამამართლებელი, გამამტყუნებელი და ნაწილობრივ გამამართლებელი (მ. 268). შესაბამისად, როდესაც ერთი სახის განაჩენზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სხვა დანარჩენების გათვალისწინებაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გამამართლებელი განაჩენების მართლაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. აღნიშნულმა მაჩვენებელმა ზრდა 2011 წლიდან დაიწყო და 2012 წელს წინა ხელისუფლების მაქსიმუმი - 117 გამამართლებელი განაჩენი, დაფიქსირდა. გამამართლებელი განაჩენების პარალელურად, 2008 წლიდან საგრძნობლად დაიწყო შემცირება გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობამ. კერძოდ, თუკი 2008 წელს 9 027 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, 2012 წლისთვის მისი რაოდენობა 7 829 ერთეულით შემცირდა და 2012 წელს გამამტყუნებელი განაჩენების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 198 (აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია როგორც„ნაციონალური მოძრაობის“, ასევე„ქართული ოცნების“მმართველობის პერიოდშიც). რაც შეეხება ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენებს, 2008 წლიდან 2013 წლამდე მათ კლების ტენდენცია ახასიათებდა.
გრაფიკი 1: 2008-2018 წლებში პირველი ინსტანციის მიერ არსებითი განხილვით გამოტანილი განაჩენები
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
თუ გვსურს დავადგინოთ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, „ქართული ოცნების“ პირობებში კონკრეტულად რამდენჯერ გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა სასარგებლოდაც გამამართლებელი განაჩენი დადგა, შესადარებლად უნდა ავიღოთ ან კონკრეტული წლები, ან გარკვეული პერიოდები. თუკი, კონკრეტულ წლებს ავირჩევთ, მაშინ ლოგიკურია წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წელი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წელს შევადაროთ, ანუ 2012 და 2018 წლების მონაცემები. მართალია, 2012 წელი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის არასრული წელია, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელთან მიმართებით, ეს წელი, სწორედ წინა ხელისუფლებას უნდა მივაწეროთ, რადგან შეუძლებელია ორ თვეში ისეთი რადიკალური ცვლილებების განხორციელება რომელსაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეეცვალა სურათი. ამასთან, მართალია მასშტაბური ამნისტია სწორედ 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა, თუმცა მისი შედეგები 2013 წელს დადგა და არა 2012-ში. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მხოლოდ 4-ჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ზოგადად პერიოდს, თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლიან პერიოდს ავიღებთ, მაშინ ის „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წლიან პერიოდს უნდა შედარდეს. კერძოდ, 2013-2018 წლების მონაცემები (1 355 ერთეული), 2007-2012 წლის პერიოდის მონაცემებს (279 გამამართლებელი განაჩენი). აღნიშნული პერიოდების შედარებით, ვადგენთ, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 4.8-ჯერ გაიზარდა.
ამასთან, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელს (40 გამამართლებელი განაჩენი), „ქართული ოცნების“ 6 წლიანი მმართველობის საშუალო მაჩვენებელს (226 განაჩენი) შევადარებთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი (საშუალო) მართლაც 6-ჯერ არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში (2014-2018) გამამართლებელი და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენების ზრდის პარალელურად, წინა წლებთან შედარებით (2010-2012 წლები), გაზრდილია გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობა. კერძოდ, თუკი 2012 წელს გამამტყუნებელი განაჩენი 1 198 პირის მიმართ დადგა, 2018 წელს აღნიშნული რიცხვი 4 924-მდე გაიზარდა.
ფარდობითი მაჩვენებელი
როდესაც გამამართლებელი განაჩენების ფარდობით მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მის წილს, იმ შედარებით უფრო ფართო მაჩვენებლებში, რომლის შემადგენელ ნაწილსაც გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს. ეს შედარებით ფართო მაჩვენებელი შეიძლება იყოს: 1. არსებითად განხილული საქმეები - რომელშიც შედის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი განაჩენების რიცხვი (გამამართლებელი, გამამტყუნებელი, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენები) და შეწყვეტილი საქმეები; 2. განაჩენის დადგომით დასრულებული საქმეები - იგულისხმება როგორც არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი განაჩენები (გამამართლებელი, გამამტყუნებელი და ნაწილობრივ გამამართლებელი), ასევე არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენი - საპროცესო შეთანხმება; 3. სასამართლოს მიერ განხილული საქმეები - რომელშიც თავის მხრივ შედის: განაჩენის დადგომით დასრულებული საქმეები + შეწყვეტილი საქმეები + პროკურატურისთვის დაბრუნებული საქმეები (საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი).
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ჩვენი მიზანი სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზომვაა, შესაძლოა უფრო გამართლებული არსებითად განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენების წილის დადგენა იყოს, რადგან არსებითი განხილვის დროს, სასამართლოს როლი განსაკუთრებით დიდია. კერძოდ, სასამართლო ისმენს მხარეთა პოზიციებს, აფასებს წარდგენილ მტკიცებულებებს და საქმის ყოველმხრივი განხილვის შედეგად, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
გრაფიკი 2: 2007-2018 წლებში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ არსებითად განხილულ საქმეთა რაოდენობა და მათში გამამართლებელი განაჩენების (პირები) პროცენტული წილი
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს, არსებით განხილულ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების ფარდობითი მაჩვენებელი არ შეცვლილა. რაც შეეხება 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელს, 2007-2012 წლებში ის 1.91-ს, ხოლო 2012-2018 წლებში - 4.41-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საშუალო მაჩვენებელი 2.3-ჯერ გაიზარდა.
გრაფიკი 3: 2007-2018 წლებში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განაჩენით გამოტანილ საქმეთა რაოდენობა და მათში გამამართლებელი განაჩენების (პირები) პროცენტული წილი
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
2012 წელთან შედარებით, 2018 წელს განაჩენით გამოტანილ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების წილი 2.8-ჯერ გაიზარდა. ხოლო, 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი კი 5-ჯერ არის გაზრდილი (2007-2017 წლები - 0.28, ხოლო, 2013-2018 წლები - 1.42). დაახლოებით ანალოგიურ სურათს მივიღებთ, თუკი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას, არა მხოლოდ განაჩენის გამოტანით დასრულებული საქმეებიდან, არამედ ზოგადად, სასამართლოს მიერ განხილული საქმეებიდან დავითვლით.