პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ჩვენ გვაქვს გამართლების მაჩვენებლების ზრდა იმ ბრალდებულების ვინც სასამართლოს დარბაზში მართლდებიან. წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით ეს ზრდა არის 83%-იანი. თუ ავიღებთ ოთხ-ოთხ წლიან პერიოდს, 2008-2011 წლებში ჩვენ გვყავდა 112 ბრალდებული გამართლებული, ხოლო 2013-2016 წლებში - 643“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის “ მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის დროს, მოსამართლე კოდექსით დადგენილი წესით არსებითად განიხილავს საქმეს და იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის გამართლების, დამნაშავედ ცნობის ან ნაწილობრივ გამართლების შესახებ (მუხლი 268).
იუსტიციის მინისტრმა, იმ „ბრალდებულებში, რომლებიც სასამართლოს დარბაზში მართლდებიან“, სწორედ მოსამართლის მიერ არსებითი განხილვით გამოტანილი განაჩენით გამართლებულები იგულისხმა (რაზეც ასევე მის მიერ დასახელებული რიცხვები მეტყველებს). ფაქტ-მეტრი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაზე ადრეც წერდა (იხ: სტატია 1; სტატია 2; სტატია 3; სტატია 4).
გრაფიკი 1: 2008-2012 წლების განაჩენები I ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად განხილულ საქმეებში (პირები)
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
გრაფიკი 2: 2013-2016 წლების განაჩენები I ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებით განხილულ საქმეებში (პირები)
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოცემული გრაფიკების თანახმად, 2008-2011 წლებში, სულ გამამართლებელი განაჩენი 112 პირის მიმართ დადგა. რაც შეეხება 2013-2016 წლებს, სასამართლოს მიერ ჯამში 643 ბრალდებული გამართლდა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრი არ ამახვილებს ყურადღებას 2012 წლის მონაცემებზე და მას არცერთ საანგარიშო პერიოდში არ თვლის, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს გამამართლებელი განაჩენების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ 2012 წელს დაფიქსირდა (117 პირის მიმართ).
ცხრილი 1: I ინსტანციაში გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 2008-2016 წლებში (პირები)
არსებითად განხილული საქმეები | გამამტყუნებელი | გამამტყუნებელის პროცენტული წილი | გამამართლებელი | გამამართლებელის პროცენტული წილი | შეწყვეტილი | |
2008 | 9 619 | 9 097 | 95% | 30 | 0,3% | 258 |
2009 | 7 610 | 7 250 | 95% | 18 | 0,2% | 245 |
2010 | 4 329 | 4 027 | 93% | 8 | 0,2% | 240 |
2011 | 2 456 | 2 332 | 95% | 56 | 0,3% | 41 |
2012 | 1 406 | 1 198 | 85% | 117 | 8,3% | 74 |
2013 | 2 206 | 1 587 | 72% | 70 | 3,2% | 499 |
2014 | 5 244 | 4 830 | 92% | 124 | 2,4% | 146 |
2015 | 5 628 | 5 154 | 92% | 222 | 3,9% | 130 |
2016 | 6 116 | 5 606 | 92% | 227 | 3,7% | 156 |
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
ცხრილი 1-ის თანახმად, პროცენტულად გამამართლებელი განაჩენის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები 2008-2011 წლებში, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს ფიქსირდება. კერძოდ, 2012 წელს არსებითად განხილული 1 406 საქმიდან, გამამტყუნებელი განაჩენის წილი 85%-ს, ხოლო გამამართლებელი განაჩენის წილი კი 8.3%-ს შეადგენს.
2012 წელთან შედარებით, 2013 წელს რადიკალურად შემცირდა აღნიშნული რიცხვი და 3.2%-მდე ჩამოვიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავე დროს შემცირდა გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული წილიც და გაიზარდა შეწყვეტილი საქმეების რაოდენობა. შესაბამისად, 2013 წელს გამართლებულთა დაბალი პროცენტული მაჩვენებელი არა გამამტყუნებელი განაჩენების ზრდით, არამედ შეწყვეტილი საქმეების რაოდენობის რადიკალური ზრდით არის განპირობებული. 2014-2016 წლებში აღინიშნება როგორც გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული მატება, ასევე გამამართლებელი განაჩენების პროცენტული კლება.
თეა წულუკიანის განცხადების თანახმად, წინა ხელისუფლებასთან შედარებით გამამართლებელი განაჩენების 83%-იანი ზრდაა. ლოგიკურად, ვინაიდან მინისტრი თავად 2008-2011 და 2013-2016 წლებს ასახელებს პროცენტული ზრდა სწორედ ამ პერიოდების შედარებით უნდა განვსაზღვროთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2008-2011 წლებში ჯამში 112 გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 2013-2016 წლებში - 643 განაჩენი იქნა გამოტანილი, რაც რეალურად 474%-იანი ზრდაა და არა 83 %-იანი, როგორც მინისტრი წარადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ შესადარებლად 2008-2012 წლებს ავიღებდით და არა 2008-2011 წლებს, პროცენტული მატება მაინც 181% იქნებოდა და არა 83%.
დასკვნა
2008-2011 წლებში I ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენი 112 პირის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი, ხოლო 2013-2016 წლებში აღნიშნული რიცხვი 643-ს შეადგენდა. უცნობია, თუ რა მოტივით გამოტოვა მინისტრმა სათვალავიდან 2012 წელი, მაშინ როცა წინა ხელისუფლების პერიოდში გამამართლებელი განაჩენების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ამ წელს იქნა გამოტანილი. კერძოდ, 2012 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 117 პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე. აღნიშნული რიცხვი იმდენად მაღალია, რომ 2008-2011 წლის გამამართლებელი განაჩენების ჯამსაც კი აღემატება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არსებითად განხილულ საქმეებში 2008-2016 წლის პერიოდისთვის გამამართლებელი განაჩენების ყველაზე მაღალი პროცენტული წილი სწორედ 2012 წელს დაფიქსირდა (8.3%). ამხელა მაჩვენებელი ახალი ხელისუფლების პერიოდში ჯერ არ დაფიქსირებულა.
მინისტრის მიერ დასახელებული პერიოდების შედარებით გამამართლებელი განაჩენების პროცენტული ზრდა 474%-ს უდრის და არა 83%-ს. შესაძლოა, ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომის ბრალი იყოს. თუმცა, აშკარაა, რომ კონტექსტიდან გამომდინარე, რეალობა მინისტრის პოზიციას ამყარებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.