რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, გასულ 6 წელიწადში (2019 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით) ინფლაციის დონემ 22% შეადგინა. ამ პერიოდში მედიკამენტების და თერაპიული ხელსაწყოების ფასები 67.8%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის ჯგუფში ინფლაციის დონემ 36.8% შეადგინა. გასულ 6 წელიწადში კომუნალური ხარჯები 26.1%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად ბუნებრივი აირის და დენის ტარიფების გაზრდას უკავშირდება. ელექტროენერგიაზე, აირზე და გათბობის სხვა სახეობების ქვეჯგუფში ფასები 15.2%-ით არის გაზრდილი. 2013-2018 წლებში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 25.5%-ით გაიზარდა. როგორც ვხედავთ, რიგ შემთხვევაში ინფლაციის დონე ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებში იმაზე მაღალია, ვიდრე ნიკა მელიამ დაასახელა.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა: „ბოლო წლებში, მედიკამენტებზე ფასები 60%-ით არის გაზრდილი. ჯანდაცვაზე ფასები გაზრდილია 37%-ით, კომუნალურ გადასახადებზე - 17%-ით, სურსათზე - 20%-ით“.

ნიკა მელია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე, გასულ 6 წელზე საუბრობს. მან ასევე დააკონკრეტა, რომ 2013 წლის იანვრის მონაცემები 2019 წლის იანვრის მონაცემებს შეადარა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია) საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას აჩვენებს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი მოიცავს 12 სასაქონლო ჯგუფს. შესაძლოა საერთო ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებლის ფარგლებში იყოს, თუმცა ცალკეულ ჯგუფებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება ან/და კლება დაფიქსირდეს.

ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არ ითვალისწინებს ინფლაციის დონის 0 პროცენტამდე შემცირებას. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელს, რომელიც ასახავს ფასების ცვლილების ისეთ დონეს, რომელიც ოპტიმალური იქნება ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე.

2013-2018 წლებში წლიური ინფლაციის დონე ძირითადად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო. გამონაკლისი იყო 2017 წელი, როდესაც ინფლაციის დონემ 6.7% შეადგინა, რაც დიდწილად ერთჯერადი ფაქტორით - აქციზის განაკვეთის ზრდით იყო განპირობებული.

საქსტატის მონაცემებით[1], 2019 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 22% შეადგინა. ამ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის (სამედიცინო პროდუქცია; ამბულატორიული მომსახურება; საავადმყოფოების მომსახურება) ჯგუფში ინფლაციის დონემ 36.8% შეადგინა. სამედიცინო პროდუქციაზე - მედიკამენტების და თერაპიულ ხელსაწყოების ფასები 67.8%-ით გაიზარდა. გასულ 6 წელიწადში კომუნალური ხარჯები 26.1%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად ბუნებრივი აირის და დენის ტარიფების გაზრდას უკავშირდება. ელექტროენერგიაზე, აირზე და გათბობის სხვა სახეობების ქვეჯგუფში ფასები 15.2%-ით არის გაზრდილი. 2013-2018 წლებში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 25.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები ზუსტად არ ემთხვევა ნიკა მელიას განცხადებაში მოყვანილ მონაცემებს, უმეტეს შემთხვევაში ინფლაციის დონე კიდევ უფრო მაღალია.

აღსანიშნავია, რომ გასულ 6 წელიწადში, ფასები ყველაზე მეტად, 81%-ით თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე გაიზარდა. ამავე პერიოდში ფასების შემცირდა ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე -24%-ით.

გრაფიკი 1: გასულ 6 წელიწადში ფასების ცვლილების მაჩვენებელი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (2019 წლის იანვარი 2013 წლის იანვართან შედარებით)



[1] ინფლაციის დონის დასაანგარშებლად გამოყენებულია პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, რომელიც საქსტატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი