იტვირთება



რეზიუმე: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ბოლო პერიოდში (განსაკუთრებით 2017-2018 წელი) საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ზრდის ტენდენცია ახასიათებთ. ამ სახის დანაშაულებში უმეტესი წილი ქურდობასა (2017 წელი - 73.5%; 2018 წლის 11 თვე - 78%) და თაღლითობაზე (2017 წელი - 11%; 2018 წლის 11 თვე - 8%) მოდის, ხოლო ყაჩაღობათა წილი ნაკლებია (2017 წელი - 2%; 2018 წლის 11 თვე - 1.1%).

აღსანიშნავია, რომ ყაჩაღობათა საერთო რაოდენობის კლების ფონზე, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინაში შეღწევით ყაჩაღობათა რიცხვი 8 ერთეულით გაიზარდა (44.44%-ით), რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ყურადღებას არ ამახვილებს.

რაც შეეხება ამ სახის დანაშაულის სეზონურობას, რაზეც გიორგი გახარიამ აქცენტი გააკეთა, მკვლევრებს ამასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკაზე დაკვირვებით, ყაჩაღობათა რაოდენობა მცირედით, თუმცა ზამთრის პერიოდსა და ადრეულ გაზაფხულზე შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ პერიოდში. თუმცა, ამ სახის კვლევას ვერ ექნება სიზუსტის პრეტენზია, ვინაიდან კონკრეტული დანაშაულის სეზონურობის დასადგენად, მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა არასაკმარისი მონაცემია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეჭვები არსებული სტატისტიკის სიზუსტის მიმართაც არსებობს.

ანალიზი

პარლამენტში 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკის ზრდაზე ისაუბრა. მან საკუთრებათა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზრდის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება ყაჩაღობათა რაოდენობის კლებაზე გაამახვილა. „2018 წელს ყაჩაღობა, როგორც მძიმე დანაშაული, შემცირებულია. ამ დანაშაულს აქვს თავისი სეზონურობა და სწორედ ახლა შევდივართ მაღალი რისკის შემცველ ფაზაში“ - განაცხადა მინისტრმა.

ბოლო წლებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საერთო რაოდენობას ზრდის ტენდენცია ახასიათებს. კერძოდ, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს 1 089-ით მეტი დანაშაული დარეგისტრირდა. ხოლო, 2018 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში 22 524 ერთეული), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები 81.75%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: საქართველოს მასშტაბით, 2013-2017 წლებში, რეგისტრირებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში უმეტესი წილი ქურდობასა და თაღლითობაზე მოდის. საერთო მაჩვენებლის ზრდაც ძირითადად ამ ორი სახის დანაშაულის მატებით არის გამოწვეული.

ცხრილი 1: 2013-2017 წლებში და 2018 წლის იანვარ-ნოემბერში რეგისტრირებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ტიპები

2013

2014

2015

2016

2017

2018 (11 თვე)

საკუთრების წინააღმდეგ (მ.177-189)

15 992

13 422

12 914

13 296

14 385

22 524

მათ შორის:

ქურდობა (მ.177)

76.1 %

71.4%

71.4%

72.5%

73.5%

78%

ძარცვა (მ.178)

3.5%

3.5%

3.4%

2.8%

2%

1.5%

ყაჩაღობა (მ.179)

2.5%

2.1%

2.9%

2%

2%

1.1%

თაღლითობა (მ.180)

7.5%

11%

9%

10%

11%

8%

გამოძალვა (მ.181)

0.5%

0.4%

0.4%

0.4%

0.6%

0.5%

ნივთის დაზიანება (მ.187)

5.5%

6.4%

6.6%

6%

5.4%

6.5%

სხვა დანარჩენი

4.7%

5.1%

6.2%

6%

6%

5%

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყაჩაღობის ძალადობრივი ბუნებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესაფასებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს სწორედ ამ სახის დანაშაულთა რაოდენობის მატება/კლება წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ამ მხრივ საკმაოდ არასტაბილური სურათი გვაქვს.

გრაფიკი 2: 2013 -2017 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულ ყაჩაღობათა რაოდენობა

ყაჩაღობასთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთლიან რაოდენობაში ბინაში და საცავში შეღწევით ყაჩაღობათა პროცენტული წილის განსაზღვრა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით 2015 წელი გამოირჩევა. კერძოდ, ამ პერიოდში წინა წელთან შედარებით, არა მხოლოდ ყაჩაღობათა საერთო რაოდენობა, არამედ ბინაში და საცავში შეღწევით ყაჩაღობათა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა (14 პროცენტული პუნქტით). კერძოდ, თუკი 2013-2014 წლებში ბინაში და საცავში შეღწევით ყაჩაღობათა რაოდენობა, საერთო მაჩვენებლის შესაბამისად 14-12%-ს შეადგენდა, 2015 წელს 26%-ს მიაღწია. 2016-2017 წლებში კვლავ შემცირდა შესაბამისად 17-16%-მდე. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით კი, ბინაში და საცავში ან სადგომში შეღწევით ყაჩაღობათა რაოდენობა, მთლიანი რაოდენობის 17.6%-ს შეადგენს.

ცხრილი 2: ბინაში და საცავში ან სადგომში შეღწევით ყაჩაღობათა რაოდენობა 2013-2017 წლებსა და 2018 წლის 11 თვეში

2013

2014

2015

2016

2017

2018 (11 თვე)

ყაჩაღობა (მ.179)

405

287

367

267

275

239

მათ შორის:

ბინაში შეღწევით

15

15

41

19

25

26

საცავში ან სადგომში შეღწევით

42

20

56

27

20

16

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი გახარიას განცხადებით, ყაჩაღობას სეზონურობა ახასიათებს და სწორედ ახლა იწყება მაღალი რისკის შემცველი ფაზა. დანაშაულის სეზონურონის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებსა თუ გეოგრაფიულ არეალებში ჩატარებული კვლევები, ყაჩაღობასა და წელიწადის თვეებს/სეზონებს შორის მიმართებას განსხვავებულად წარმოაჩენენ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ყაჩაღობათა რაოდენობით ზამთარი გამოირჩევა (პიკს დეკემბრის თვეში აღწევს). ხოლო რიგი კვლევის თანახმად, ყაჩაღობას (განსხვავებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისა), აშკარად გამოკვეთილი სეზონურობა არ ახასიათებს.

თუკი მთელი საქართველოს მასშტაბით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა 2013-2018 წლების სტატისტიკას თვეების მიხედვით დავაკვირდებით (იხ: ცხრილი 3), დავინახავთ, რომ ამ სახის დანაშაულთა რაოდენობა განსაკუთრებით იანვარ-მარტისა და დეკემბრის თვეში ჭარბობს, ანუ ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე განსაკუთრებით მაღალია ყაჩაღობათა რიცხვი.

ცხრილი 3: 2013-2018 წლებშირეგისტრირებულ ყაჩაღობათა ყოველთვიური სტატისტიკა

2013

2014

2015

2016

2017

2018

იანვარი

44

24

23

26

29

26

თებერვალი

53

32

27

20

36

23

მარტი

40

24

30

23

33

19

აპრილი

47

17

38

19

19

22

მაისი

26

19

23

15

24

18

ივნისი

27

21

19

18

16

19

ივლისი

26

16

18

14

11

22

აგვისტო

33

19

21

8

15

9

სექტემბერი

14

19

18

20

18

18

ოქტომბერი

21

20

28

24

10

17

ნოემბერი

19

21

35

30

23

19

დეკემბერი

26

29

46

29

30

-

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული დანაშაულის სეზონურობის დასადგენად მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა შესწავლა საკმარისი არ არის და დასკვნების გამოსატანად უფრო კომპლექსური კვლევის ჩატარება არის საჭირო. ამასთან, ჩვენი დაკვირვება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013-2018 წლების რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკას ეყრდნობა, რომელის სიზუსტეზეც, ასევე, ბევრი ეჭვი არსებობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2869 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი