იტვირთება

რეზიუმე: ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტებს, თუ რომელ წლებს ან პერიოდს ადარებს ერთმანეთს, თუმცა მონაცემები როგორც არ უნდა შევადაროთ, მის მიერ დასახელებული მაჩვენებლები არ დასტურდება.

უშუალოდ 2003-2012 წლებში წინასწარ პატიმრობათა შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი 2006 წელს (10 367) დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კობახიძის მიერ დასახელებულ 18 ათას შემთხვევას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიდოს, 2013-2017 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 6 ათასამდე არასდროს ასულა (მაქსიმალური რაოდენობა 2014 წელს დაფიქსირდა - 4 365 შემთხვევა).

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, შემცირებულია როგორც წინასწარი პატიმრობის გამოყენების ნომინალური, ასევე ფარდობითი მაჩვენებელი. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულ ღონისძიებათა მთლიან რაოდენობაში დაპატიმრებათა წილი 2017 წელს 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ კლების ტენდენცია არა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არამედ, ჯერ კიდევ, 2010 წლიდან იწყება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ სახედ არის აღიარებული და მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია რეკომენდებული, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ რიცხვებსა და რეალობას შორის არსებული ასეთი ცდომილება, შეიძლება არა მხოლოდ უხეშ შეცდომად, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობადაც შეფასდეს.

ანალიზი

2018 წლის რეზონანსული მოვლენების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას სასამართლო სისტემაში არსებული პროგრესი გააცნო, რისთვისაც სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები მოიხმო: „მაგალითად, რომ ავიღოთ წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელი, ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა სადაც უშუალოდ ვეხებით ინდივიდის უფლების დაცვას. სამჯერ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით. 18 ათასი შემთხვევის მაგივრად გვაქვს 6 ათასი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემთხვევა. რაც ნიშნავს იმას, რომ თვისებრივად არის ამ კუთხით გაჯანსაღებული ვითარება“ - განაცხადა (22:50 წთ-დან) პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების უკიდურეს ზომას წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხროციელებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

უზენაესი სასამართლოს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების დროს წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, 2010 წლიდან მას კლების ტენდენცია ახასიათებს. ყველაზე შესამჩნევი კლება 2013 წელს ფიქსირდება. კერძოდ, აღკვეთის ღონისძიებების მთლიან რაოდენობაში პატიმრობათა წილი 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 15.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ამავე თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

გრაფიკი 1: 2003-2017 წლებში პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებათა რაოდენობა და მათში პატიმრობის ხვედრითი წილი (%)

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2003-2017 წლებში აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულ პატიმრობათა ყველაზე დიდი რიცხვი 2006 წელს ფიქსირდება და 10 367-ს უდრის, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ 18 ათას შემთხვევას.

2013-2017 წლების მონაცემების თანახმად, ახალი ხელისუფლების პირობებში წინასწარ პატიმრობათა მაქსიმალური რაოდენობა 4 365-ს შეადგენს. რაც შეეხება 2018 წელს, ამ ეტაპზე მხოლოდ 11 თვის მონაცემებია ხელმისაწვდომი, რომელთა მიხედვითაც, იანვარ-ნოემბრის პერიოდში, წინასწარი პატიმრობა 3 922 პირს შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ნომინალურ მაჩვენებელზე აპელირება არ არის მიზანშეწონილი. უფრო ზუსტი სურათის დასანახად, საანგარიშო პერიოდში გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებათა მთლიან რაოდენობაში პატიმრობათა ხვედრითი წილი უნდა განვსაზღვროთ და წლიდან წლამდე მის ცვლილებას დავაკვირდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მხრივ მდგომარეობა 2013 წლიდან მართლაც გამოსწორებულია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული მაჩვენებლის კლება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2729 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი