საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
გარდა იმისა, რომ განცხადებაში სოფო კილაძე პროცენტულ მონაცემებს არაზუსტად ასახელებს (ნაცვლად 48%-სა, 53%-ს უთითებს), ის ერთმანეთს ადარებს არა ფარდობით მონაცემებს, არამედ ნომინალურს, რაც არასწორია და რეალური სურათის ადეკვატურად დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა. თუკი ზოგადად აღკვეთის ღონისძიებების რაოდენობას ავიღებთ და მათში პატიმრობის წილს დავითვლით, ვნახავთ, რომ 2000 წელთან შედარებით, 2016 წელს პატიმრობის წილი 38 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული (2000 წელს - 67.1%, ხოლო 2016 წელს - 29.1%).
ასევე, სრულებით გაურკვეველია თუ რა პრინციპით შეარჩია დეპუტატმა შესადარებლად 2000 წლისა და 2016 წლის საანგარიშო პერიოდები. გამომდინარე იქიდან, რომ მისი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის შეფასებაა, უფრო ადეკვატური იქნებოდა თუკი შესადარებლად უშუალოდ რეფორმების დაწყებამდე არსებულ სურათს (მაგალითად 2012 წლის მონაცემებს) ავიღებდით. თავის მხრივ, საინტერესოა 2017 წლის მონაცემების გაანალიზებაც, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა სოფო კილაძე ამას უგულებელყოფს. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებების მთლიან რაოდენობაში, პატიმრობის ხვედრითი წილი, 5.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
თუკი დეპუტატი ერთმანეთს 2012 წელსა და 2017 წელს არსებულ ფარდობით მონაცემებს შეადარებდა, მაშინ სურათი სრულიად განსხვავებული იქნებოდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში პატიმრობის წილი მხოლოდ 7.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ანალიზი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. სოფო კილაძის განცხადებით,
„2000 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. მაგალითად 2016 წლის მონაცემებით 53%-ით არის ეს ციფრი შემცირებული“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული მონაცემებისთანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2000 წელს აღკვეთის ღონისძიება სულ 8 815 პირის მიმართ გამოიყენა, რომელთაგან პატიმრობა 5 914 პირს შეეფარდა, რაც 67.1%-ს უდრის.
რაც შეეხება 2016 წელს, 10 598 შემთხვევიდან, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 3 082 პირს განესაზღვრა (29.1%). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2000 წელთან შედარებით, 2016 წელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 832-ით ნაკლები პირის მიმართ გამოიყენა, რაც ნიშნავს, რომ ეს მონაცემი 48%-ით არის შემცირებული.
თუმცა, წლების მიხედვით აღკვეთის ღონისძიებათა სახედ პატიმრობის გამოყენების ცვლილებაზე საუბრისას, ნაკლებად ობიექტურია ნომინალური მაჩვენებლების შედარება. იმისათვის, რომ წლების მიხედვით რეალური ცვლილება დავინახოთ, საჭიროა საანგარიშო პერიოდში გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების მთლიან რაოდენობაში, პატიმრობათა (როგორ აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე) ხვედრითი წილის განსაზღვრა. მაგალითად, როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს ფიქსირდება, რომელიც 43%-ით აღემატება 2000 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს. თუმცა, მეორე მხრივ, 2006 წელს გამოყენებულ პატიმრობათა პროცენტული წილი მთლიან მაჩვენებელში 9.1 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება 2000 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული განპირობებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 2006 წელს თავად აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების შემთხვევათა რიცხვი საგრძნობლად აღემატება 2000 წლის მონაცემებს. კერძოდ, თუკი 2000 წელს ჯამში 8 815 პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება, 2006 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 057-ით გაიზარდა. აღნიშნული მაგალითი ნათელს ხდის, თუ რამდენად არასწორია ნომინალური მონაცემების შედარება.
ცხრილი 1: 2000-2017
წლებში პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებათა რაოდენობა და მათში პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახის, ხვედრითი წილი
წელი |
სულ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება | დაპატიმრება | |
სულ | % | ||
2000 | 8 815 | 5 914 | 67.1 |
2001 | 8 696 | 4 621 | 53.1 |
2002 | 8 848 | 4 518 | 51.1 |
2003 | 9 115 | 5 051 | 55.4 |
2004 | 10 754 | 7 459 | 69.4 |
2005 | 10 964 | 7 159 | 65.3 |
2006 | 17 872 | 10 367 | 58.0 |
2007 | 20 417 | 8 929 | 43.7 |
2008 | 17 250 | 7 806 | 45.3 |
2009 | 16 043 | 8 198 | 51.1 |
2010 | 14 959 | 8 109 | 54.2 |
2011 | 13 309 | 6 558 | 49.3 |
2012 | 9 120 | 3 819 | 41.9 |
2013 | 12 756 | 3 413 | 26.8 |
2014 | 13 644 | 4 365 | 32.0 |
2015 | 12 429 | 3 678 | 29.6 |
2016 | 10 598 | 3 082 | 29.1 |
2017 | 9 501 | 3 249 | 34.2 |
ამასთან, მონაცემთა შედარებისას, მნიშვნელოვანია ის თუ რა პრინციპით ხდება კონკრეტული პერიოდების შერჩევა. სოფო კილაძე ერთმანეთს 2000 წლისა და 2016 წლების მონაცემებს ადარებს. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას დეპუტატის მიზანს „ქართული ოცნების“ პირობებში განხორციელებული რეფორმების (იგულისხმება მართლმსაჯულების სამი ტალღა, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო) ეფექტიანობის შეფასება წარმოადგენდა, შესაბამისად, საინტერესოა რამდენად ადეკვატურია ათვლის წერტილად 2000 წლის მონაცემების აღება. თავის მხრივ, გარკვეულ კითხვებს 2016 წლის მონაცემების მოხმობაც ბადებს, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული განცხადების გაკეთებისას, დეპუტატი 2017 წლის ანგარიშს განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებების მთლიან რაოდენობაში პატიმრობის ხვედრითი წილი 5.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
თუკი ერთმანეთს 2012 წლის მონაცემებსა და 2017 წლის მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდებოდა რომ პატიმრობათა წილი მხოლოდ 7.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.