იტვირთება

რეზიუმე: 2012 წელს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 36.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების 0.47%-ია. 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით, აღნიშნული მაჩვენებელი 28.3 მლნ ლარით მეტი, 64.7 მლნ ლარია, რაც მთლიანი ასიგნების 0.50%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პარლამენტის დაფინანსების ნომინალური და ფარდობითი მაჩვენებლების ზრდა, დიდწილად პარლამენტის სასახლის ქუთაისში გადატანას უკავშირდება. აღნიშნული წლის შემდეგ, დაფინანსების ფარდობითი მაჩვენებელი მცირდება.

2012 წელს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების შრომის ანაზღაურება 24.8 მლნ ლარი იყო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შრომის ანაზღაურების მუხლის 2.36%-ია, ხოლო 2019 წლის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურება 31.2 მლნ ლარია, რაც მთლიანი ანაზღაურების 2.12%-ს შეადგენს. რაც შეეხება დეპუტატების შრომის ანაზღაურებას, 2018 წლის იანვრიდან მათი ანაზღაურება 833 ლარით გაიზარდა.

რომან გოცირიძის მიერ დასახელებული რაოდენობრივი მაჩვენებლები მეტწილად ზუსტია, თუმცა დაფინანსების მოცულობის დროში შედარებისთვის არასაკმარისი. ვითარების მხოლოდ განცხადებაში დასახელებული ნომინალური მაჩვენებლით შეფასება არაობიექტურია. თავის მხრივ, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსების წილი მთლიან ასიგნებებში, 2013 წლის შემდეგ 0.5%-იან ნიშნულს დაუბრუნდა (2012 წლამდე საშუალოდ 0.5% იყო) და ჯერჯერობით არ იზრდება.

ანალიზი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვის დროს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ასიგნების[1]მოცულობაზე ისაუბრა. გოცირიძის თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, 2012 წელთან შედარებით, პარლამენტის დაფინანსება გაზრდილია 30 მლნ ლარით. ასევე, მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდში დეპუტატების ხელფასები არ გაზრდილა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხარჯავიდაწესებულების დაფინანსების დროში შედარებისთვის, მეტად რელევანტური ფარდობით მაჩვენებლების გამოყენებაა, ვიდრე ნომინალურის, ვინაიდან ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები ყოველწიურად იზრდება და შესაბამისად, იზრდება ცალკეული მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. პარლამენტის დაფინანსების წლების მიხედვით, დროში ანალიზისთვის საჭიროა განვიხილოთ სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან ასიგნებებში პარლამენტის ასიგნების წილი, რადგან ინფლაციის გამო პარლამენტის საქმიანობისათვის საჭირო საქონელი და მომსახურების ღირებულება დროში ცვალებადია. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასები დაახლოებით 18%-ით არის გაზრდილი. ესე იგი, დღეს პარლამენტის მუშაობის უზრუნველყოფისათვის საჭირო საქონელი და მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე გასულ წლებში.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით, საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება 64.7 მლნ ლარს შეადგენს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 0.5%-ია. 2012 წელს პარლამენტის დაფინანსებამ 36.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე წლის მთლიანი ასიგნებების 0.47% იყო. 2019 წლისთვის ბიუჯეტის დაფინანსება, 2012 წელთან შედარებით, 28.3 მლნ ლარით მეტია. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პარლამენტის დაფინანსება, მყისიერად, 21.9 მლნ ლარით, 58.3 მლნ ლარამდე გაიზარდა (მთლიან ასიგნებებში წილი 0.72%). აღნიშნული ზრდა, დიდწილად, პარლამენტის ქუთაისში გადატანას უკავშირდება, როცა პარლამენტის კაპიტალური ხარჯები 15 მლნ ლარით გაიზარდა და აღნიშნული ხარჯები ერთჯერადი სახის იყო. 2014-2015 წლებში პარლამენტის დაფინანსების ნომინალური მაჩვენებლები მცირდება, 2016 წლიდან კი ზრდის ტენდენციას უბრუნდება, მაგრამ ამავე პერიოდში მისი წილი მთლიან ასიგნებებში კლებადია. ამრიგად, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში, 2012 წელთან შედარებით, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსების ნომინალური მაჩვენებელი 28.3 მლნ ლარით იზრდება, ხოლო 2012 წელთან შედარებითი დაფინანსების ფარდობითი მაჩვენებელი 2019 წლისთვის მხოლოდ 0.03% პუნქტით მეტია. გარდა ამისა, 2009-2012 წლებშიც პარლამენტის ასიგნების წილი დღეს არსებულ ნიშნულს, საშუალოდ 0.5%-ს უტოლდება.

გრაფიკი 1: პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება (მლნ ლარი, %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დღეს არსებული მდგომარეობით, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების სახით თანამდებობრივ სარგოს იღებს, რომლის ოდენობა საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით განსხვავდება. ყველაზე მეტს, 6 738 ლარს, პარლამენტის თავმჯდომარე იღებს, ხოლო ყველაზე ნაკლებს - 4 623 ლარს რიგითი დეპუტატი, რომელსაც საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია. თავის მხრივ, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება 2018 წლიდან 833 ლარით გაიზარდა. 1996 წლიდან დღემდე პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტის დაფინანსების შრომის ანაზღაურების მუხლი 29.5 მლნ ლარით იყო დაგეგმილი, რაც პარლამენტის წევრების და პარლამენტის აპარატის საშტატო ერთეულით დასაქმებული მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ჯამს მოიცავს. აღნიშნული არ მოიცავს, პარლამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებას. ასეთი პირები კი - საპარლამენტო უმრავლესობა/უმცირესობის და ფრაქციის აპარატის თანამშრომლები, პარლამენტის წევრის თანაშემწეები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები და სხვა პირები არიან, რომელთა ანაზღაურება საქონელი და მომსახურების მუხლში აღირიცხება და მიმდინარე წელს მისი მოცულობა დაახლოებით 8 მლნ ლარია. რაც შეეხება 2019 წლის გეგმას, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსების შრომის ანაზღაურების მუხლი 31.2 მლნ ლარით არის დაგეგმილი, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება - დაახლოებით 9 მლნ ლარით.

გრაფიკი 2: პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების შრომის ანაზღაურება (მლნ ლარი, %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების შრომის ანაზღაურების ნომინალური ოდენობა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, 2012 წელთან შედარებით, 6.4 მლნ ლარით მეტია, დროში შედარებისთვის მნიშვნელოვანია შრომის ანაზღაურების არა ნომინალური მაჩვენებლების, არამედ ფარდობითიმონაცემების გაანალიზება. ამ თვალსაზრისით, 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლის 2.36% შეადგენდა პარლამენტის შრომის ანაზღაურების წილი, რომელსაც კლების ტენდენცია ახასიათებს და მიმდინარე წლის გეგმით 2.09%-ია. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი მსგავსად მთლიანი დაფინანსებისა, გასულ წელთან შედარებით, 0.03% პუნქტით მეტი, 2.12%-ია და ნაკლებია 2012 წლის შესაბამის მონაცემზე.



[1] ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება - დაფინანსება


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2820 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი