საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის შემუშავებისა და მისი ინიცირების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დეპუტატების ხელფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებ. ფაქტ-მეტრიდაინტერესდა, მართლაც იზრდება თუ არა პარლამენტის წევრების ხელფასები.

დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტის რიგითი წევრის (საპარლამენტო თანამდებობების არმქონე)შრომის ანაზღაურება (ხელფასი) 4 623 ლარს შეადგენს, ხოლო საპარლამენტო თანამდებობების მქონე წევრების ანაზღაურება კი თანამდებობრივი იერარქიის მიხედვით იზრდება (იხ. ცხრილი1).

პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი დეპუტატების შრომის ანაზღაურების რეგულირებასაც გულისხმობს, რასაც აქამდე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“კანონი აწესრიგებდა. რეგლამენტის პროექტით, პარლამენტის წევრის (რიგითი) შრომის ანაზღაურება (გასამრჯელო) 4 624 ლარი იქნება, ხოლო თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს. გარდა ამისა, პარლამენტის წევრებს უნარჩუნდებათ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა.

ამდენად, როგორც ირკვევა, ინიცირებული რეგლამენტის პროექტით პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მოცულობა არ იზრდება, მაგრამ არ არის ცნობილი გაიზრდება თუ არა საპარლამენტო თანამდებობის მქონე დეპუტატების ანაზღაურება, რადგან რეგლამენტის მიღების შემდეგ, ეს საკითხი ბიუროს გადაწყვეტილებით იქნება განსაზღვრული. აქვე უნდა ითქვას, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრების ხელფასი 833 ლარით უკვე გაიზარდა.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, წლების მანძილზე თუ როგორ იცვლებოდა პარლამენტის წევრის ხელფასი და რა სახის ხარჯები უნაზღაურდებოდათ.

01.01.2018 - დღემდე

2017 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღოკანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. აღნიშნული კანონის რეგულირების ფარგლებში მოექცა პარლამენტის წევრთა (მათ შორის, საპარლამენტო თანამდებობა) შრომის ანაზღაურების საკითხები. ახალი კანონის ამოქმედებით პარლამენტის წევრებს (მათ შორის, საპარლამენტო თანამდებოების პირები) პრემია და სახელფასო დანამატი არ ეძლევათ. შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრები იღებენ თანამდებობრივ სარგოს. ამასთან, პარლამენტის წევრს უნაზღაურდება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, რომლის ოდენობასაც პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით, 2018-2020 წლებში დეპუტატების თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კი 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური სარგოს, პრემიისა და დანამატის ჯამის საშუალო მაჩვენებელით განისაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მსგავს წესს ადგენს, 2018 წლის 1 იანვრიდან რიგითი დეპუტატებისა და საპარლამენტო თანამდებობების მქონეთა თანამდებობრივი სარგო, წინა წელს მიღებულ ანაზღაურებასთან შედარებით, ყველა წევრს 833 ლარით გაეზარდა. აღნიშნული ზრდა შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ გასულ წელს დეპუტატები კიდევ სხვა სახის ანაზღაურებას (დამატებით, თვეში 833 ლარის ოდენობით) იღებდნენ, ან პარალმენტის ბიუროს მიერ თანამდებობრივი სარგოების ზრდა კანონის მიერ დადგენილი ზღვრების დარღვევით მოხდა.

ცხრილი 1: საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება (ლარი)[1]

თანამდებობათა ჩამონათვალი 2013-2017წლები 01.01.2018-დღემდე ზრდა
1 პარლამენტის თავმჯდომარე 5 905 6 738 833
2 თავმჯდომარის I მოადგილე 5 570 6 403 833
3 თავმჯდომარის მოადგილე 5 505 6 338 833
4 უმრავლესობის ლიდერი 4 705 5 538 833
5 უმცირესობის ლიდერი 4 705 5 538 833
6 კომიტეტის თავმჯდომარე 4 705 5 538 833
7 ფრაქციის თავმჯდომარე 4 635 5 468 833
8 დროებითი კომისიის თავმჯდომარე 4 105 4 938 833
9 უმრავლესობის ლიდერის მოადგილე 3 970 4 803 833
10 უმცირესობის ლიდერის მოადგილე 3 970 4 803 833
11 კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე 3 970 4 803 833
12 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 3 905 4 738 833
13 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 3 905 4 738 833
14 პარლამენტის წევრი 3 790 4 623 833

2013-2017 წლები

2012 წელს პარლამენტის ახალი რეგლამენტი დამტკიცდა, რომლითაც 2013 წლიდან ხელახლა განისაზღვრა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთანხა.ამავე პერიოდში, სარგოს სახით ყველა პარლამენტის წევრი თანაბარ - 2 000 ლარს იღებდა, ხოლო მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების მოცულობების განსხვავება სადეპუტატო დანამატის განსხვავებით იყო გამოწვეული.

ცხრილი 2: 2013-2017 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო და სადეპუტატო დანამატი (ლარი)[2]

თანამდებობათა ჩამონათვალი შრომითი გასამრჯელო(ლარი) ჯამი
თანამდებობრივი სარგო უფლებამოსილების განხორციელების თანხა
1 პარლამენტის თავმჯდომარე 2 000 3 905 5 905
2 თავმჯდომარის I მოადგილე 2 000 3 570 5 570
3 თავმჯდომარის მოადგილე 2 000 3 505 5 505
4 უმრავლესობის ლიდერი 2 000 2 705 4 705
5 უმცირესობის ლიდერი 2 000 2 705 4 705
6 კომიტეტის თავმჯდომარე 2 000 2 705 4 705
7 ფრაქციის თავმჯდომარე 2 000 2 635 4 635
8 დროებითი კომისიის თავმჯდომარე 2 000 2 105 4 105
9 უმრავლესობის ლიდერის მოადგილე 2 000 1 970 3 970
10 უმცირესობის ლიდერის მოადგილე 2 000 1 970 3 970
11 კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე 2 000 1 970 3 970
12 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 2 000 1 905 3 905
13 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 2 000 1 905 3 905
14 პარლამენტის წევრი 2 000 1 790 3 790

შენიშვნა: პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი, რომელიც არ სარგებლობდა პარლამენტის ბალანსზე არსებული ავტომანქანით, დამატებით ყოველთვიურად 400 ლარს იღებდა

გარდა ამისა, აღნიშნულ წლებში პარლამენტის წევრებს შეეძლოთ პრემიისა და სხვა დანამატების მიღებაც. თუმცა, პარლამენტის წევრების მიერ მიღებული პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაცია ცალკე არ არის გამოქვეყნებული, ხოლო მთლიანად პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ მიღებული პრემიის მოცულობა წელიწადში საშუალოდ, 2 მლნ ლარი იყო (იხ.ბმული 1;ბმული 2).

2007-2013 წლები

2007-2013 წლებში პარლამენტის წევრების თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2 000 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით იღებდნენ განსხვავებული ოდენობის სადეპუტატო დანამატს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდებოდა. თუმცა, აღნიშნული პერიოდის უფლებამოსილების განხორციელების თანხის ოდენობა არ არის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული.

1996-2007 წლები

1996 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის (თანამდებობის არმქონე) თანამდებობრივი სარგო 70 ლარს შეადგენდა. ასევე, 2005 წლამდე საპარლამენტო თანამდებობის მქონე დეპუტატების სარგოს ოდენობა განსხვავებული იყო. მაგალითად, 1996 წელს პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 78-80 ლარი ჰქონდათ სარგოს სახით, ხოლო 2005 წელს კი მათი სარგო 545-700 ლარს შეადგენდა. 2005-2007 წლებში ყველა პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო თანაბარი იყო და 750 ლარს იღებდნენ.

ცხრილი 3: საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო (ლარი)[3]

თარიღი სარგო
21.02.1996 20.09.1996 70
20.09.1996 05.03.1998 145
05.03.1998 22.06.1999 165
22.06.1999 22.06.2001 220
22.06.2001 12.04.2005 495
12.04.2005 28.12.2007 750
28.12.2007 22.12.2017 2 000

მიუხედავდ იმისა, რომ პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არც თუ ისე მაღალი იყო, დეპუტატები დამატებით ანაზღაურებას იღებდნენ, რომელიც საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით განსხვავდებოდა. ამავე პერიოდში, პარლამენტის წევრი პრემიას და სხვა ხარჯების დასაფარ თანხასაც იღებდა.

რაც შეეხება პარლამენტართა შრომის ანაზღაურების სამომავლო ცვლილებებს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დეპუტატის (მათ შორის, საპარლამენტო თანამდებობა) შრომის ანაზღაურების ორი წესი არსებობს, რომელიც წლების მიხედვით იყოფა. გარდამავალი წესი 2018-2020 წლებს მოიცავს, რის მიხედვითაც დღეს არსებული სარგოების ოდენობაა განსაზღვრული, ხოლო, 2021 წლიდან კი მეორე - კანონისმე-18მუხლით განსაზღვრული წესი ამოქმედება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზო ნომინალური სარგოსა და თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის კანონით დადგენილი ზედა ზღვრის კოეფიციენტის შესაბამისად, სარგოს ოდენობის დადგენას. თუმცა, პარლამენტში ინიცირებული რეგლამენტისპროექტისთანდართული საკანონმდებლო ცვლილებები გულისხმობს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონიდან აღნიშნული წესისამოღებასდა განსხვავებული სახით პარლამენტის რეგლამენტში გადატანას, რაც პარლამენტის წევრის ანაზღაურების ზრდის ან შემცირების შესაძლებლობას უფრო ამარტივებს.

[1] 2013-2017 წლებში თანამდებობრივი სარგო და სადეპუტატო დანამატი, ხოლო 01.01.2018 წლიდან კი თანამდებობრივი სარგო

[2] არ მოიცავს პარლამენტის წევრების მიერ მიღებულ პრემიას

[3] აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს მოცულობას

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი