2018 წლის მაისის მონაცემებით (სასწავლო წლის დასასრული), საქართველოს საჯარო სკოლებში 57 944 მასწავლებელია, ხოლო კერძო სკოლებში - 7 211. ერთ საჯარო სკოლაში საშუალოდ 28, კერძოში კი 32 პედაგოგი მუშაობს. მოსწავლე-მასწავლებლის თანაფარდობა საჯარო სკოლაში არის 9, ხოლო კერძო სკოლაში - 8.

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოში მასწავლებლები 4 კატეგორიად იყოფიან: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. პრაქტიკოსია მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად; უფროსია მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს, როგორც პრაქტიკოსის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასევე, აქვს შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები; წამყვანია პედაგოგი, რომელიც აკმაყოფილებს როგორც უფროსი პედაგოგის მოთხოვნებს, ასევე, პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს და შედეგებს უზიარებს კოლეგებს; რაც შეეხება მენტორ მასწავლებელს, ის გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებს წამყვანი პედაგოგის ყველა მოთხოვნას, ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და დამწყები მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას. საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგთა სრული რაოდენობიდან, 40 924 არის პრაქტიკოსი, 16 811 - უფროსი, 202 - წამყვანი და 7 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი.

ცხრილი 1: საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგთა სტატუსები და სტატუსის შესაბამისი რაოდენობა

პედაგოგის სტატუსი პრაქტიკოსი უფროსი წამყვანი მენტორი
რაოდენობა 40 924 16 811 202 7

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს კერძო სკოლების პედაგოგთა სრული რაოდენობიდან, 3 535 არის პრაქტიკოსი, 2 420 - უფროსი, 72 - წამყვანი და 1 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი.

კერძო სკოლებში მომუშავე 1 183 მასწავლებლის სტატუსი არ არის განსაზღვრული. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კარიერული განვითარების სქემაში ჩართულები არ არიან. კანონის თანახმად, კერძო სკოლებს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში მონაწილეობის ჩართვის ვალდებულება არ გააჩნიათ.

ცხრილი 2:საქართველოს კერძო სკოლების პედაგოგთა სტატუსები და სტატუსის შესაბამისი რაოდენობა

სტატუსი პრაქტიკოსი უფროსი წამყვანი მენტორი სტატუსი არ არის განსაზღვრული
რაოდენობა 3 535 2 420 72 1 1 183

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მასწავლებლების ხარისხზე მსჯელობის შესაძლებლობას მასწავლებლის სერტიფიცირების გამოცდების შედეგები გვაძლევს. გამოცდებს ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

გასული წლების შედეგების მიხედვით, მასწავლებლების უდიდესმა ნაწილმა ვერ გადალახა საგნობრივი და პროფესიული გამოცდების მინიმალური ზღვარი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის საჯარო სკოლებში 16 811 უფროსი მასწავლებელია, შესაბამისად, სწორედ ამდენ მასწავლებლებს აქვს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საჯარო სკოლების 41 133 მასწავლებელს კი შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს.

კანონის 2017 წლამდე მოქმედი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში (ამ დროში 6-ჯერ შეეძლო მასწავლებელს გამოცდაზე გასვლა) ვერ ჩააბარებდა საგნობრივგამოცდას, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ვერ დააგროვებდა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იყო გაეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადებინა ვაკანსია შესაბამის პოზიციაზე. 2017 წელს ყოფილი განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, გადაწყვეტილებით, აღნიშნული წესი შეიცვალა. დღეისათვის მოქმედი კანონით, არსებული ბარიერი მოიხსნა და პრაქტიკოსი მასწავლებელი შესაბამისი კრედიტქულების ვერ დაგროვების შემთხვევაში, სკოლას არ ტოვებს. თუმცა, ის ვალდებულია იმუშაოს სტატუსის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად ვალდებულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასამოქმედებელი რეგულაციები არ არსებობს. ახალი კანონი 2017 წლის 26 იანვარს არის მიღებული, გასული ვადა ჯერჯერობით არ არის საკმარისი რაიმე სახის ტენდენციის დასანახად და იმის შესაფასებლად თუ რა დადებითი ან უარყოფითი ცვლილებები გამოიწვია კანონმა.

მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდების გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მასწავლებლებისთვის, გამოცდის ჩაბარების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საგანს ინგლისური ენა და შემდეგ მათემატიკა წარმოადგენს. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, მოქმედი მასწავლებლის ხელფასი დიდწილად განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველთა რაოდენობასა და კომპეტენციებს, განათლების პროგრამების სტუდენტების კომპეტენციებსა და მასწავლებლის პროფესიაში დარჩენის ალბათობას. მასწავლებლის ანაზღაურება საქართველოში ყველა საზომის მიხედვით დაბალია. თუ საქართველოში 10 წლის გამოცდილების მქონე ბაკალავრის დიპლომის მქონე მასწავლებლების ხელფასს სხვა ქვეყნებში იგივე ფორმალური მახასიათებლების მქონე მასწავლებლების ხელფასს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ქართველი მასწავლებლების ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხელფასებს.

საქართველოში საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს, ასევე, არეგულირებს საქართველოს განათლების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელთა ხელფასები მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისია.

ამასთან, მასწავლებლის სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამისი დანამატის ოდენობა დამოკიდებულია პედაგოგის სქემით განსაზღვრულ, ზემოთ განმარტებულ სტატუსებზე. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული რაოდენობა 2018 წელს განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • უფროსი მასწავლებელი - 320 ლარი;
  • წამყვანი მასწავლებელი - 700 ლარი;
  • მენტორი - 1000 ლარი.

რაც შეეხება სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების საბაზო თანამდებობრივ სარგოს, ანუ თანხას, რომელსაც ყველა მასწავლებელი იღებს მიუხედავად მისი სტატუსის, სამუშაო სტაჟის ან განათლების ხარისხის, 2018 წელს არის - 405 ლარი, 2017 და 2016 წლებში იყო, ასევე, 405 ლარი , ხოლო 2015 წელს - 355 ლარი.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე, იმ დროისათვის განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან გაიზრდებოდა მასწავლებლების ხელფასები და საშუალო ანაზღაურება მიაღწევდა 800 ლარს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, დაადასტურა,

რომ 2017 წლიდან იზრდებოდა პედაგოგების ხელფასები და საშუალო ხელფასი იქნებოდა 800 ლარი.

აღნიშნული დაპირებების და განცხადებების ფორმატმა, საზოგადოებას აფიქრებინა, რომ ხელფასი ყველა პედაგოგს გაეზრდებოდა. რეალურად მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს ხელფასის ზრდას მხოლოდ უფროსი - 16 811, წამყვანი - 202 და მენტორი - 7 მასწავლებლისთვის. გამოდის, რომ ჯამში ხელფასის ზრდის პირველ საფეხურს აკმაყოფილებს საჯარო სკოლის 57 944 მასწავლებლიდან მხოლოდ 17 020. თუმცა, მაინც სტატუსი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელმა მიიღოს დაპირებული 800 ლარი და მეტი ანაზღაურება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული საგაკვეთილო დატვირთვა, რომ შეძლოს სტატუსთან მიბმული დანამატის მიღება.

სრული საგაკვეთილო დატვირთვა ნიშნავს, რომ პედაგოგს აქვს 18 საგაკვეთილო საათი კვირაში. საქართველოს საჯარო სკოლებში სრული საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 8 940 მასწავლებელს. მათგან უფროსი მასწავლებელი არის 3 163, წამყვანი - 31 და მენტორი - 1. სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა (19 საათი და მეტი) აქვს 1 985 უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგს. ზემოთ ხსენებული 17 020 შესაბამისი სტატუსიანი პედაგოგიდან სრული და სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 5 180 მასწავლებელს. გამოდის, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ხელფასის გასაზრდელ ორ ძირითად მოთხოვნას - შესაბამის სტატუსსა და საგაკვეთილო დატვირთვას - აკმაყოფილებს, მხოლოდ, 5 180 მასწავლებელი, რაც საერთო რაოდენობის 8.9%-ია. მაგრამ არც ეს არ არის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს ამ ნიშნულამდე. რეალურად, ამ რიცხვს აუცილებლად გამოაკლდება იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომელსაც 10 წელზე ნაკლები სტაჟი აქვს და იმ მასწავლებელთა რაოდენობაც, რომელსაც მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი აქვს.

როგორც ვხედავთ, სასერტიფიკატო გამოცდების სირთულის დაძლევის გარდა, საქართველოს მასწავლებლებისთვის, შედარებით უკეთესი შრომის ანაზღაურების მისაღებად, პრობლემური ხდება სკოლაში საკმარისი საათების არ არსებობაც. „სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS)“ 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების უმეტესობა საკუთარი არჩევანის წინააღმდეგ მუშაობს, მიზეზი კი, არასაკმარისი საათებია. საგულისხმოა ის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ სოფლის მცირეკონტიგენტიან სკოლებს, სადაც ყველა მასწავლებლისთვის სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა სკოლის ზომითაა შეზღუდული - თბილისში არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების წილი 42%-ია. შედარებისთვის, TALIS-ის 35 ქვეყანაში არასრული განაკვეთით მასწავლებლების საშუალოდ 12% მუშაობს და მათგან ნახევრისთვის ამის მიზეზი საკუთარი არჩევანია. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა მასწავლებლის პროფესიის დაბერების პრობლემის წინაშეც დგას. TALIS მიხედვით, მასწავლებლების საშუალო ასაკი საქართველოში 5 წლით აღემატება კვლევაში მონაწილე 35 ქვეყნის საშუალოს. შედარებით ხანდაზმული მასწავლებლების მაღალი წილი თავისთავად უარყოფით მოვლენად არ უნდა განვიხილოთ, თუმცა არსებული ასაკობრივი განაწილება, სავარაუდოდ, სხვა პრობლემის მიმანიშნებელია. კერძოდ, ასეთი განაწილება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწოდების ან მოთხოვნის ნაკლებობით, რასაც იწვევს მასწავლებლის პროფესიის გაჯერება[1],

ახალგაზრდა მასწავლებლების დაბალი კომპეტენციები ან/და ახალგაზრდების დაბალი ინტერესი მასწავლებლის პროფესიის მიმართ.

[1] შრომის ბაზრის გაჯერებას ადგილი აქვს, როცა, მაგალითად, პროფესიაში შესვლის მსურველთა წილი აღემატება პენსიაზე გასული მასწავლებლების წილს. შრომის ბაზრის გაჯერება ახალგაზრდა კადრების პროფესიაში შესვლის დემოტივატორია და გრძელვადიან პერსპექტივაში მიწოდების შემცირებას იწვევს: ახალ თაობას ეკარგება პროფესიაში შესვლის მოტივაცია, რადგან მათთვის ამ პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა შეზღუდულია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია