ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
თუმცა, დეპუტატმა თავის განცხადებაში არ გამოიყენა საერთაშორისო პრაქტიკა და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელების აკრძალვის საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელა მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ჩანაწერით, სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფით, რაც რეალობას არასწორად წარმოაჩენს.
სინამდვილეში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც ასევე ითვალისწინებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, აღნიშნულ მუხლში არ უნდა მოვიაზროთ მედია, რომლის მხრიდანაც, პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა. ბოლო დროის აქტუალური ფარული ჩანაწერები სწორედ მედიამ გაასაჯაროვა.
ანალიზი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ საქმესა და მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე ისაუბრა
და განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს ფარული ჩანაწერების მედიით გაშვება, რომლებიც კანონიერად არ არის მოპოვებული.
ეკა ბესელიამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით.იგი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც ხდება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, რაც გულისხმობს პირის კერძო კომუნიკაციის უნებართვო მიყურადებას ან ჩაწერას, რომელიც, თავისი არსით, კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის უფლებებში უხეშ ჩარევასა და მათ ხელყოფას წარმოადგენს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც უფლებაში ჩარევა გამართლებულია და ლეგიტიმური საფუძველი ეძლევა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს „ომეგა ჯგუფის“ საქმესა და მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გავრცელებაც, საიდანაც შესაძლებელია ისეთი სავარაუდო დანაშაულების იდენტიფიცირება, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანოების მიერ მართვის ხელშეშლასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება სხვა არხებით შეუძლებელი იქნებოდა.
საქართველოში არსებული კანონმდებლობა პირდაპირ შეესაბამება ევროსტანდარტებს. საქართველოს კონსტიტუციისმე-19 მუხლი უზრუნველყოფს და გარანტირებულს ხდის სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლებას. ამ მუხლის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად ან სხვაგვარი საშუალებით“.
აზრის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალიწინებული დანარჩენი თავისუფლების უმთავრესი წინაპირობაა. ის სარგებლობს თითქმის აბსოლუტური დაცვით. როგორც ევროსაბჭოს კომიტეტმა დაადგინა:„ამ უფლებაში ნებისმიერი ჩარევა შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების ბუნებასთან, გამონაკლისია ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს“.
ინფორმაციისა და იდეების გავრცელების თავისუფლება ინფორმაციის მიღების თავისუფლების შემადგენელი კომპონენტია. ეს ვრცელდება როგორც ბეჭდვით, ისე სამაუწყებლო მედიაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, ასევე დაცულია ინფორმაციისა და აზრის გავრცელების უფლება. ასევე, ინფორმაციაში ასახული ფაქტი შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი. შესაბამისად, საქმეში „დალბანი რუმინეთისწინააღმდეგ“, ევროსასამართლოს განმარტებით: "თუ საკითხი საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს და საჯარო მიზანს ემსახურება, ხოლო ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობის დასადგენად გონივრული ზომებია მიღებული, ჟურნალისტი და ზოგადად მედია, პასუხს არ აგებს ღირსების შელახვისათვის იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ფაქტები არასწორია".
აგრეთვე, საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ასევე, აღნიშნული კოდექსის 35-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა გამართლებულია: ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებების თანახმად, რაც ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გადაწყვეტილების მიღებისას არის ის, შესაძლოა თუ არა აღნიშნული ამბის გაშუქებამ ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის გარშემო დებატებს. ეს პრინციპი საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპისაგან დიდად არ განსხვავდება; ამდენად, საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის გარშემო მსჯელობაში წვლილის შეტანა განმარტავს „საზოგადოებრივი ინტერესის“ მიზანს. მაგალითად, საქმეზე Schweizerische Radio und Fernsehgesellschaft SRG v. Switzerland საპყრობილემ სატელევიზიო სადგურს არ დართო საპყრობილეში მკვლელობისათვის გასამართლებულ პატიმართან სატელევიზიო ინტერვიუს გამართვის უფლება. მედიასაშუალება გეგმავდა ინტერვიუს გაშვებას შვეიცარიის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებდა. სასამართლოს განცხადებით, უდავოდ, რეპორტაჟი მსჯავრდებული მკვლელის შესახებ, რომელიც დანაშაულს არ აღიარებდა, იზიდავდა საზოგადოებრივ ინტერესს და წვლილი შეჰქონდა მართლმსაჯულების სისტემის სათანადო ფუნქციონირების შესახებ მსჯელობაში. სასამართლოს მსჯელობის თანახმად, ჟურნალისტებმა უნდა გამოიყენონ საზოგადოებრივი ინტერესის ტესტი და ინდივიდუალურ საფუძველზე შეაფასონ და გადაწყვიტონ გამოქვეყნების დასაბუთებულობის საკითხი. საზოგადოებრივი ინტერესის დადგენისას, მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა გაითვალისწინოს, ახალი ამბების რეპორტაჟმა რამდენად შეიძლება შეუწყოს ხელი საზოგადოებისათვის საინტერესო მსჯელობას და არა ის, თუ რამდენად მოახერხებს ამ მიზნის სრულყოფილად მიღწევას. საქმე Erla Hlynsdottirv. Iceland (no. 2) ეხებოდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქრისტიანული სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი და მისი მეუღლე სექსუალურ თამაშებში მონაწილეობდნენ ცენტრის პაციენტებთან. მართალია, ამ საქმეში დირექტორის მეუღლე არ ცნეს საბოლოო ჯამში მსჯავრდებულად, თუმცა ბრალდებების გაშუქებამ, რომელიც ეხებოდა კერძო სქესობრივ აქტივობებს, ხელი შეუწყო საზოგადოებრივ ინტერესს.
აქვე, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისმე-8 მუხლი იცავს ინდივიდის პირად ცხოვრებას არამარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც. თუმცა, იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ უნდა იყოს ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს.
„ომეგა ჯგუფის“ საქმესა და მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სფეროს განეკუთვნება, არ/ვერ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით და შეიძლება დავასკვნათ, რომ მასში ჩარევა დასაშვებია (ზემოაღნიშნული ფარული ჩანაწერების გავრცელება შესაძლებელია) კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში.