იანი წლებიდან დღემდე გარე მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. 2013-2017 წლების მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყნიდან საშუალოდ 92 ათასზე მეტი ადამიანი მიდის ემიგრაციაში, ხოლო იმიგრანტების (ვინც შემოვიდა, ან დაბრუნდა ქვეყანაში) რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 82 ათასია.
ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან, შესაძლოა ემიგრანტების რიცხვში ჩაითვალოს პირი, რომელიც აღარ იმყოფება ემიგრაციაში. მეორე მხრივ, შესაძლოა მოხდეს მონაცემების დუბლირება, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ ან მეტჯერ წავიდა ემიგრაციაში. ანალოგიური მიზეზებით ასევე გაუმართლებელია იმიგრანტების რაოდენობის დაჯამება. თუმცა, რომც დავაჯამოთ, 2013-2017 წლების ჯამური მონაცემებით (2018 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი), 463 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, თუმცა, ამავე პერიოდში 440 ათასი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში.
მოსახლეობის რიცხოვნობის ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაახლოებით გამოვითვალოთ რამდენი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან (თუმცა ბოლომდე ზუსტი ესეც არ იქნება). საქართველოს მოსახლეობა 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ბუნებრივი მატების გამოკლებით (სხვაობა ცოცხლად დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის), 22.8 ათასით შემცირდა, რაც ძირითადად გარე მიგრაციას უკავშირდება. ანუ, ამ პერიოდში დაახლოებით 22.8 ათასი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა.
ანალიზი 16სექტემბერს თელავში ამომრჩეველთა შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: „ბოლო 6 წელიწადში მილიონამდე ადამიანმა დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში“.
საქართველოს მიგრაციის მაჩვენებლებს (ქვეყანაში შემოდინების და გადინების სტატისტიკას) სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან დღემდე გარე მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. გაეროს მოსახლეობის ფონდის და საქსტატის ერთობლივი კვლევისთანახმად, 2002-2014 წლებში მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გარე მიგრაცია იყო.
2012 წლამდე შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა. მიმდინარე წელს კი, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, ძველი მონაცემების გადაანგარიშება მოხდა. 2012 წლამდე პერიოდში, კონკრეტული წლების მონაცემები სადაოა, თუმცა ტენდენცია რომელიც გამოიკვეთა - უარყოფითი მიგრაციული სალდო, დასტურდება სხვადასხვა კვლევებით (იხ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია). 2012 წლიდან საქსტატი გაეროს მიერ რეკომენდირებულ მეთოდოლოგიას იყენებს. როგორც საქსტატში აცხადებენ, აღნიშნული მეთოდოლოგიით ზუსტად ხდება ემიგრანტების და იმიგრანტების იდენტიფიცირება. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო (ანუ წინა 12 თვის მანძილზე სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში). იმიგრანტადმიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. აქვე განვმარტავთ, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს, გასულ წლებთან შედარებით, შემცირდა ემიგრანტთა ნაკადი, ამასთან შემცირდა მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის), თუმცა მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია. 2013-2017 წლების მონაცემებით (2018 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი), ყოველწლიურად, ქვეყნიდან საშუალოდ 90 ათასზე მეტი ადამიანი მიდის ემიგრაციაში.
ემიგრანტების რაოდენობას დაჯამება არამართებულია, რადგან 1) პირი რომელმაც დატოვა ქვეყანა და ჩაითვალა ემიგრანტად, შესაძლოა დაბრუნდა უკვე ქვეყნაში. 2) პირი შესაძლოა რამდენჯერმე წავიდა ემიგრაციაში. მაგალითად, წავიდა სასწავლებლად, ან სამუშაოდ 6 თვეზე მეტი ხნით, შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში და შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ კვლავ წავიდა საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ხნით.
2013-2017წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტთა რაოდენობა რომც დავაჯამოთ, ის მაინც ორჯერ ნაკლებია პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაჟღერებულ რიცხვთან შედარებით.
გრაფიკი 1: 2013-2017წლებში ემიგრანტების და იმიგრანტების რიცხოვნობა, მიგრაციული სალდო
წყარო: საქსტატი
ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც ემიგრანტების (ვინც დატოვა ქვეყანა), ასევე იმიგრანტების (ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში) უმეტესი წილი საქართველოს მოქალაქეები არიან. საშუალოდ, წლიურად 19 ათასი ქართველით მეტი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.
გრაფიკი 2:
საქართველოს მოქალაქეების მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, 2013-2017 წლები
წყარო: საქსტატი
იმისთვის, რომ გაგვერკვია დაახლოებით რამდენი ადამიანი წავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ჩვენ გავაანალიზეთ საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობას ცვლილება. მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 718.4 ათასი იყო, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი იყო 3 729.6 ათასი. ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) ბუნებრივი მატების მაჩვენებელი (სხვაობა დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის) 34 ათასია. ბუნებრივი მატების გამოკლებით 2013 წლის 1 იანვრის და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაფიქსირებულ მოსახლეობას შორის სხვაობა - 22 800-ია, რაც რეალურად არის მიგრაციული სალდო. ანუ ამ პერიოდში დაახლოებით 22 800 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ გაეროს 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებლით, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც გამოწვეული იქნება ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებლით (გარდაცვალება გადააჭარბებს შობადობას) და გარე მიგრაციული ნაკადებით. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2 050 წლისთვის 3.4 მლნ, ხოლო 2 100 წლისთვის კი, დაახლოებით, 2.5 მილიონითაა ნავარაუდევი.