ტოვებს.
რეზიუმე: 2015-2016
სასწავლო წლიდან სკოლებში მოსწავლეების მიერ ჩადენილი დარღვევები ყოველწლიურად იზრდება. თუ 2015-2016 სასწავლო წლებში დარღვევების სტატისტიკის საერთო ჯამი (დაგვიანების გამოკლებით) შეადგენდა 20 666-ს, იგივე მონაცემი შემდეგ წლებში 22 164 და 28 055-ია. აღსანიშნავია, რომ დარღვევების აღრიცხვა მანდატურის სამსახურმა 2015 წელს დაიწყო და სტატისტიკა მხოლოდ იმ სკოლებში დგება, სადაც აღნიშნული სამსახური მუშაობს ანუ სკოლების საერთო რაოდენობის, მხოლოდ 19.8%-ში. რაც შეეხება დარღვევების ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს, 2017-2018 სასწავლო წლებში იგი დაახლოებით 27%-ს შეადგენს.
განათლების სამინისტროს განმარტებით, დარღვევების სტატისტიკის შესამჩნევი ზრდა განპირობებულია იმ სკოლების და მოსწავლეების რაოდენობის ზრდით, რომლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურები არიან. ასევე, მანდატურების სისტემურ რეჟიმში გადამზადება დარღვევების უკეთ იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. დაიხვეწა აღრიცხვის ტიპებისა და ქვეტიპების კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია.
2016-2017სასწავლო წელს იმ სკოლების რიცხვს, რომლებშიც მუშაობს მანდატურის სამსახური, 25 სკოლა დაემატა, ხოლო 2017-2018 წელს - 12 სკოლა. გამოდის, რომ 2016-2018 წლებში 37 სკოლით მეტში მუშაობს მანდატურის სამსახური. დარღვევათა სტატისტიკის ზრდა ნამდვილად შესაძლებელია, რომ ამ მატებას გამოეწვია. თუმცა, ამის გადაჭრით მტკიცება ჩვენ არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ფაქტ-მეტრი სერგო რატიანის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ვერ ცვლის რეალობას - სკოლებში არსებული დარღვევების რიცხვი საკმაოდ დიდია.
ანალიზი პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა, სკოლებში დარღვევების სტატისტიკაზე ისაუბრა და განაცხადა:
„სკოლაში დარღვევების სტატისტიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში გაიზარდა დაახლოებით 30%-ით (2015 წლიდან 2018 წლის სასწავლო წლის ჩათვლით). 2015 წელში 20 600-ზე მეტი, 22 000-ზე მეტი, 28 000-ზე მეტი. ეს არ არის სკოლაში დაგვიანება, ეს არის სერიოზული დარღვევები. მაგალითად: გაკვეთილიდან გაპარვა, გაკვეთილის ჩაშლა, ბულინგი, აკრძალული ნივთების ტარება. გაკვეთილიდან გაპარვა: 8400-ზე მეტი, 8 900-ზე მეტი, და 2018 წელს 10 800-ზე მეტი. გაკვეთილების ჩაშლა: 4 400-ზე მეტი, 4 800-ზე მეტი, 6 500-ზე მეტი. ბულინგის შემთხვევები: 2500-ზე მეტი, ასევე 2500-ზე მეტი, და 2017 წელს 3 600-ზე მეტი. აკრძალული ნივთების ტარება: 1800-ზე მეტი, 1800-ზე მეტი და 2 400-ზე მეტი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს სკოლებში მოსწავლეების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სტატისტიკა მოიცავს შემდეგი დარღვევების კატეგორიებს: აკრძალული ნივთების (თამბაქო, სანთებელა ან ასანთი, ბანქო და სხვ.) ტარება, ალკოჰოლის მოხმარება, არაეთიკური ქმედება, თამბაქოს მოხმარება, მოსწავლის მიერ მოსწავლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სასკოლო ინვენტარის დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის ქონა, მაღალი რისკის შემცველი საგნების (დანა, ბასრი ან მჩხვლეტავი საგანი და სხვ.) ტარება, გაკვეთილზე მოსწავლის მიერ მობილურით სარგებლობა, გაკვეთილიდან გაპარვა, გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა და მოსწავლეების დილით დაგვიანება.
ნაერთი სტატისტიკის მიხედვით, 2015-2016 სასწავლო წლებში, 2014-2015 სასწავლო წელთან შედარებით, დარღვევების სტატისტიკა შემცირდა. თუმცა, 2015-2016 სასწავლო წლებიდან, ყოველწლიურად, დარღვევების სტატისტიკა იზრდება. თუ 2014-2015 სასწავლო წლებში, დარღვევათა საერთო ჯამი 22 164 იყო, 2017-2018 სასწავლო წლისთვის მონაცემმა 28 055-ს მიაღწია, რაც პროცენტული მაჩვენებლით დაახლოებით 27%-იანი ზრდაა (აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის საერთო ჯამში დაანგარიშებული არ არის მოსწავლეთა მხრიდან დილით დაგვიანების სტატისტიკა, რაც, პოლიტიკოსის შეფასებით, შედარებით მსუბუქი დარღვევაა).
განსაკუთრებით შესამჩნევია ზრდა სტატისტიკის ისეთ ნაწილებში, როგორიც არის მაგალითად, აკრძალული ნივთების ტარება, მოსწავლის არაეთიკური ქმედება, მოსწავლის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (ე.წ. ბულინგი), გაკვეთილებიდან გაპარვა და გაკვეთილის ჩაშლა თუ ჩაშლის მცდელობა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1: 2014 -2018
წლებში სკოლებში მოსწავლეების მიერ ჩადენილი დარღვევების სტატისტიკა
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
დარღვევის უშუალოდ ის ტიპები, რომლებზეც პოლიტიკოსი საუბრობს, როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წელთან შედარებით ნამდვილად შესამჩნევად იზრდება. მაგალითად, გაკვეთილიდან გაპარვა - თუ 2015-2016 სასწავლო წლებში იყო 8 403, იგივე დარღვევა 2017-2018 სასწავლო წლებში იყო 10 838. გაკვეთილების ჩაშლა, თუ 2015-2016 წლებში იყო 4 495 შემთხვევა, იგივე მონაცემი 2017-2018 წლებში იყო 6 553. ბულინგის შემთხვევები, 2015-2016 წლებში იყო 2 582, ხოლო 2017-2018 წლებში 3 673. აკრძალული ნივთების ტარება - 2015-2016 წლებში იყო 1 806 შემთხვევა, ხოლო 2017-2018 სასწავლო წლებში - 2 452 შემთხვევა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ დარღვევების შემთხვევების სტატისტიკას სკოლებში მანდატურის სამსახური აწარმოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არ აღირიცხება. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 2 311 სკოლაა, აქედან, 2 085 საჯარო, ხოლო 226 კერძო სკოლა. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლისთვის მანდატურები ემსახურებიან მხოლოდ 458 საჯარო სკოლას და ჯამში გვყავს 1 300 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური.გამოდის, რომ მანდატურის სამსახური მუშაობს საქართველოს სკოლების მხოლოდ 19.8 %-ში, შესაბამისად, სკოლების მხოლოდ 19.8 %-ში აღირიცხება დარღვევების შემთხვევები, საქართველოს სკოლების 80.2 % - ში კი, ის არ აღირიცხება. აქედან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა არ ასახავს სრულ სურათს და გვიჩვენებს მხოლოდ მის გარკვეულ ნაწილს.
განათლების სამინისტროს განმარტებით,დარღვევების სტატისტიკის შესამჩნევი ზრდა განპირობებულია იმ სკოლების და მოსწავლეების რაოდენობის ზრდით, რომლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურები არიან. ასევე, მანდატურების სისტემურ რეჟიმში გადამზადება დარღვევების უკეთ იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. დაიხვეწა აღრიცხვის ტიპებისა და ქვეტიპების კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია.
2016-2017 სასწავლო წელს იმ სკოლების რიცხვს, რომლებშიც მუშაობს მანდატურის სამსახური, 25 სკოლა დაემატა, ხოლო 2017-2018 წელს - 12 სკოლა. გამოდის, რომ 2016-2018 წლებში 37 სკოლით მეტში მუშაობს მანდატურის სამსახური, დარღვევათა სტატისტიკის ზრდა ნამდვილად შესაძლებელია, რომ ამ მატებას გამოეწვია.თუმცა, ამის გადაჭრით მტკიცება ჩვენ არ შეგვიძლია. რთულია იმის განსაზღვრა, დარღვევათა სტატისტიკის ზრდა მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ გამოიწვია თუ არა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ვერ ცვლის რეალობას - სკოლებში არსებული დარღვევების რიცხვი საკმაოდ დიდია.
განათლების სამინისტრომ, ასევე, მოგვაწოდა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ სკოლებში გამოვლენილი დარღვევები სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლების მხრიდან. სტატისტიკაში განსაკუთრებით ჭარბობს შემდეგი ტიპის დარღვევები: აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევა, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფის ფაქტები და დირექტორის ეთიკის კოდექსის დარღვევა (დამატებით იხილეთ შემდეგი ბმული.)