ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობით ფაქტ-მეტრი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემგანაცხადა, რომ [ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს] ჰქონდა რამდენიმე ღონისძიება, მოსაზრება, რეკომენდაცია, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხებოდა. ჩვენ კომიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და მკითხველისთვის გაცნობა გადავწყვიტეთ.
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის (2018 წლამდე-კომისიის) უფლებამოსილებანი გაწერილია 2016 წლის 13 დეკემბერს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ ბიუროს სხდომაზე დამტკიცებულდებულებაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეუდგა მუშაობას კომიტეტი, ცოტნე ანანიძის თავმჯდომარეობით.
კომიტეტის უფლებამოსილებებს შორის, კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონპროექტებზე მუშაობის გარდა, არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ასევე, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით სარგებლობა. კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მის განხორციელებაზე მონიტორინგი; ადამიანის უფლებათა სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ადამიანის უფლებათა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი. ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება ბავშვთა უფლებებიც.
კონკრეტულად რა საქმიანობა განახორციელა ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ეს ინფორმაცია აჭარის ა/რ მთავარი საკანონმდებლო ორგანოდან, პირველად, მიმდინარე წლის 28 ივნისსგამოვითხოვეთ.პასუხი4 ივლისს მივიღეთ, თუმცა ოთხგვერდიან წერილში მიმოხილული იყო კომიტეტის უფლებამოსილებები, იუნისეფის კვლევის შესახებ ძალიან მოკლე ინფორმაცია, ქვეყანაში ბავშვთა შრომისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის ზოგადი მიმოხილვა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის აუცილებლობა. ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი იმ დეტალებზე, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის შეფასება. პასუხში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე, როგორიცაა ცნობიერების ამაღლების მიზნით კომიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები; ბავშვთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტის მიერ დაგეგმილი კომუნიკაცია ყველა იმ უწყებასთან, რომლებიც „შემხებლობაშია ბავშვთა უფლებებთან“; ახალი კრიზისული ცენტრის შექმნის აუცილებლობა და ა.შ.
2018 წლის 16 ივლისს ჩვენ განმეორებით გამოვითხოვეთ ინფორმაცია და მივუთითეთ კონკრეტული საკითხები. ამჯერად იმედი გვქონდა, რომ უმაღლესი საბჭოს პასუხში იქნებოდა დეტალური და გაზომვადი მონაცემები. მაგალითად, როდის და რა შუალედებით უნდა განახორციელოს კომიტეტმა ცნობიერების ასამაღლებლად დაგეგმილი აქტივობები; მონიტორინგის მიზნით, მოითხოვა თუ არა კომიტეტმა ანგარიში იმ უწყებებისგან, რომლებიც უშუალოდ ჩართული უნდა იყვნენ ბავშვთა უფლებების დაცვით საქმიანობაში; განახორციელა თუ არა რაიმე კონკრეტული ღონისძიება კრიზისული ცენტრის შექმნის მიმართულებით; აქვს თუ არა ინფორმაცია, აჭარის რეგიონში რამდენ ბავშვს აქვს მიტოვებული სკოლა შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით და რამდენ ბავშვს ეზღუდება განათლების უფლება; ასევე, ფლობს თუ არა კომიტეტი ინფორმაციას, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის რამდენი შემთხვევა აღრიცხა შსს-მ. ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემავთხოვეთ.
ადრესატმა კონკრეტული ინფორმაცია არც ამჯერად მოგვაწოდა. ის კვლავ ზოგადი მონაცემებითა და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებებითშემოიფარგლა.
საბოლოოდ, ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ ის გაირკვა, რომ 2016 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, კომიტეტის მიერ რეალურად განხორციელდა რამდენიმე ღონისძიება: 2017 წლის 28 თებერვალს, პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობისას, კომიტეტმა აჭარის მუნიციპალიტეტებს შესთავაზა, გამოიყენონ მისი რესურსი რთული საკითხების გადაწყვეტის მიზნით. ეს ნიშნავს, რომ კომიტეტი მზადაა, კომპეტენციის ფარგლებში, რეფერირებაში (იხ. საქართველოს მთავრობისდადგენილებაბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე) ჩართულ მხარეებს კონსულტაციები გაუწიოს. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მონაწილეობდა იუნისეფთან თანამშრომლობით გამართულ შეხვედრაში, რა დროსაც მან ყურადღება გაამახვილა, რომ ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება. ცოტნე ანანიძის ინიციატივით, 2018 წლის 1 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა ბულინგის თემაზე სსიპ ქალაქ ბათუმის 1-ლი, მე-2, მე-18 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის 1-ლი სკოლის მოსწავლეებთან. კომიტეტის თავმჯდომარემ 2018 წლის 12 ივნისს განცხადება გააკეთა ბავშვთა უკანონო შრომის შესახებ და შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებით მიმართა, რომ ტურისტულ სეზონზე ბათუმში მუშაობდეს მობილურ ჯგუფები, რომელთა ფუნქციაც ბავშვთა იდენტიფიცირება და მათი დახმარება იქნება. ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სხვა კონკრეტული აქტივობების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ იქნებოდა ორგანიზებული და განხორციელებული, საკანონმდებლო ორგანოს პასუხებში არაფერია ნათქვამი.
ფაქტ-მეტრი წინასტატიაშიაჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაზე უკვე წერდა. ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, თავმჯდომარის გარდა, კიდევ ხუთი წევრია. მათი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა ასე გამოიყურება:
ცხრილი 1: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების შრომის ანაზღაურება 2017-2018 წლებში
სახელი, გვარი | შრომის ანაზღაურება, ლ, 2017 წელი | შრომის ანაზღაურება, ლ, 2018 წლის 1 ივნისამდე | სულ |
ცოტნე ანანიძე, კომიტეტის თავმჯდომარე | 56 400 | 23 500 | 79 900 |
ილია ვერძაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე | 56 400 | 23 500 | 79 900 |
ვლადიმერ მგალობლიშვილი | 56 400 | 23 500 | 79 900 |
ნუგზარ სურმანიძე | 56 400 | 23 500 | 79 900 |
ელგუჯა ბაგრატიონი | 56 248 | 23 500 | 79 748 |
პეტრე ზამბახიძე | 47 534 | - | 47 534 |
წყარო:აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო
ჯამში, 2017 წლისა და 2018 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და ოთხ წევრს, შრომის ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 446 882 ლარი. აქედან ყველაზე მოკრძალებულად პარტია „ევროპული საქართველოდან“ უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის, პეტრე ზამბახიძის ანაზღაურება გამოიყურება - საანგარიშო პერიოდში მას თანამდებობრივი სარგოსა და უმაღლესი საბჭოს წევრის კომპენსაციის სახით სულ 47 534 ლარი დაერიცხა.