რეზიუმე: 2018
წლის 5 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 4 210 მლნ ლარი შეადგინა, რაც 256 მლნ-ით აღემატება 2017 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მონაცემს და აბსოლუტურ მაჩვენებლებში, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ნამდვილად მაქსიმალურ მნიშვნელობას წარმოადგენს. ტენდენცია ანალოგიურია ბიუჯეტის შემოსულობებისა და საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისითაც.
თუმცა, ბიუჯეტის შემოსულობები და შემოსავლები, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მუდმივად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, მტკიცება, რომ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლები ისტორიული მაქსიმუმია სამართლიანია თითქმის ყველა წლისთვის და ამ კუთხით 2018 წელი გამორჩეული არ არის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის პარამეტრების დროში ცვლილების ტენდენციის სრულყოფილი ანალიზისათვის რელევანტურია არა აბსოლუტური, არამედ ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა. განსხვავებით აბსოლუტური მაჩვენებლებისა, ფარდობითი მონაცემების ცვლილების ტენდენცია ცალსახად ზრდადი არ არის. 2018 წლის 1-ლი კვარტლის მდგომარეობით[1],ბიუჯეტის შემოსავლებისა და საგადასახადო შემოსავლების ფარდობამ შესაბამისი პერიოდის მშპ-სთან შესაბამისად, 28.8 და 26.01% შეადგინა. აღნიშნული თვალსაზრისით, 2018 წლის მაჩვენებლები არათუ ისტორიული მაქსიმუმი არ არის, არამედ ჩამოუვარდება უშუალოდ წინა პერიოდის - 2017 წლის ანალოგიურ მონაცემებსაც.
ანალიზი პარლამენტში გამოსვლისას, იმ დროისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, განაცხადა,
რომ ბიუჯეტის შემოსავლები, რომლის მობილიზებაც საგადასახადო ორგანომ შეძლო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მაქსიმალურ ნიშნულზეა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების შესახებ მონაცემებს თვიურ ჭრილში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა აქვეყნებს, შესრულების კვარტალური ანგარიშები კი ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეც.პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საკუთარ განცხადებაში ბიუჯეტის შესრულების 5 თვის მონაცემების შესახებ საუბრობს. ბიუჯეტის პარამეტრებს პირველი კვარტლისა და 5 თვის მდგომარეობით, გრაფიკი 1 ასახავს. 2018 წლის 5 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 4 210 მლნ ლარი შეადგინა, რაც 256 მლნ-ით აღემატება 2017 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მონაცემს და აბსოლუტურ მაჩვენებლებში, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ნამდვილად მაქსიმალურ მნიშვნელობას წარმოადგენს. ტენდენცია ანალოგიურია ბიუჯეტის შემოსულობებისა და შემოსავლების უმთავრესი კომპონენტის - საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისითაც.
გრაფიკი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სახელმწიფო ხაზინა
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილება პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და არსებითი ეკონომიკური პრობლემების/შოკების არ არსებობისას, სხვა თანაბარ პირობებში, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება. საქართველოს შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსულობები და შემოსავლები, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (კრიზისული წლები), მუდმივად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, მტკიცება რომ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლები ისტორიული მაქსიმუმია სამართლიანია თითქმის ყველა წლისათვის და ამ კუთხით 2018 წელი გამორჩეული არ არის.
ხსენებული პარამეტრების დროში ცვლილების ანალიზისას მნიშვნელოვანია არა აბსოლუტური მაჩვენებლების ანალიზი, არამედ მათი შეფასება ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით. მოცემული მიზნისათვის, მიზანშეწონილია, ბიუჯეტის პარამეტრების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის განხილვა. ვინაიდან მშპ-ს ოდენობა ყოველთვიურ ჭრილში ხელმისაწვდომი არ არის, ფარდობითი მაჩვენებლების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია კვარტალური მონაცემები (I კვარტალი). შესაბამის მაჩვენებლებს გრაფიკი 2 ასახავს. როგორც გრაფიკიდან ჩანს, განსხვავებით აბსოლუტური მაჩვენებლებისა, ფარდობითი მონაცემების ცვლილების ტენდენცია ცალსახად ზრდადი არ არის.
გრაფიკი 2:
ბიუჯეტის მაჩვენებლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2018
წლის 1-ლი კვარტლის მდგომარეობით, ბიუჯეტის შემოსავლებისა და საგადასახადო შემოსავლების ფარდობამ შესაბამისი პერიოდის მშპ-სთან შესაბამისად 28.8 და 26.01% შეადგინა. აღნიშნული თვალსაზრისით, 2018 წლის მაჩვენებლები არათუ ისტორიული მაქსიმუმი არ არის, არამედ 0.33 და 1.28 პუნქტით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზეც. აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლებისა და ბიუჯეტის შემოსულობების/შემოსავლების წილი მშპ-სთან, საგადასახადო ტვირთისა და მთავრობის ზომის ინდიკატორია, შესაბამისად, მისი ზრდა სასურველი მიზანი ვერ იქნება. თუმცა, ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილების ამ ასპექტზე მსჯელობა მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება.
[1] 5 თვის მდგომარეობით ფარდობითი მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არ არის.