რეზიუმე: „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ქვემო ქართლის სამთომომპოვებითი სამრეწველო დაბინძურების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვემო ქართლში კომპანია „RMG“-ის (Rich Metal Group) ინტერესებს შეეწირა ბუნებრივი და სოციალური გარემო.
როგორც კვლევამ აჩვენა, დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი. საწარმოს მიერ დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა ნორმაზე მეტი რაოდენობით შეიცავს მანგანუმს, სპილენძს, თუთიას, რკინასა და კადმიუმს. მდინარე მაშავერას სხვადასხვა წერტილში აღებული სინჯებიდან, ასევე, შეინიშნება მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გადაჭარბებული მაჩვენებელი. რაც შეეხება მდინარე ფოლადაურის შენაკადს, ნოემბერში აღებული სინჯის მიხედვით, ამ ნაწილში კადმიუმი ზღვრულად დასაშვებ დონეს 1 240-ჯერ აჭარბებს. მძიმე მეტალების გადაჭარბებული მაჩვენებელი ფიქსირდება ნიადაგშიც. ზემოთ მოყვანილი მძიმე მეტალები ტოქსიკურია და ჯანმრთელობისთვის საშიში.
ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშის თანახმად, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისათვის შპს „RMG Gold“-ს 29 153 880 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო შპს „RMG Copper“-ს - 1 078 188 ლარის. კომპანია „RMG“-ის მიერ დაბა კაზრეთის დაბინძურების საკითხი დადასტურებულია 2017 წელს სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც.
ანალიზი
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „RMG Gold“-მა დაანგრია უძველესი ოქროს მაღარო. გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც საუბარია როგორც წყლის დაბინძურებაზე, ისე ნიადაგის ძალიან სერიოზულ დაბინძურებაზე, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ადამიანებისთვის ძალიან სერიოზული ხიფათი და ჯანმრთელობის გაუარესება... დღეს კომპანია „RMG“ ითხოვს ე.წ. გამოსატუტი წიაღის მოედნების გაფართოებას... გარემოს დაცვის სამინისტრომ დადო არაერთი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არის უმძიმესი დარღვევები. საწარმოო პროცესი არანორმალურად ვითარდება“.
ბოლნისის რაიონში ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი საწარმო -მადნეულის კომბინატი - ექსპლუატაციაში 1975 წელს შევიდა. 1994 წელს შეიქმნა „კვარციტი“, რომელმაც დაიწყო ცალკე დასაწყობებული ოქროსშემცველი კვარციტის მადნებიდან ოქროსა და ვერცხლის დორეს მიღება. 2005 წელს მოხდა „მადნეულისა“ და „კვარციტის“ პრივატიზება, რის შემდეგაც მათი წილების მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალნენ. 2012 წლიდან საწარმოს მფლობელი რუსული კომპანია „კაპიტალ ჯგუფი“ გახდა. მფლობელის გამოცვლასთან დაკავშირებით, სს „მადნეულს“ დაერქვა - არემჯი კოპერ (RMG Copper), ხოლო შპს „კვარციტს“ - არემჯი გოლდ (RMG Gold).
„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ქვემო ქართლის სამთომომპოვებითი სამრეწველო დაბინძურების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ გარდა გარემოს უკიდურესი დაბინძურებისა, ქვემო ქართლში კომპანია „RMG“-ის (Rich Metal Group) ინტერესებს შეეწირა ბუნებრივი და სოციალური გარემო, ასევე განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის, მსოფლიოში უძველესი საყდრისის მაღარო. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მკვლევრების მიერ წლების მანძილზე ჩატარებული არაერთი კვლევა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)აჩვენებს, რომ ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ნორმას საგრძნობლად აღემატება. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეების წყალი კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს მძიმე მეტალებს. აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე შედის, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ისე იმ ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება.
იმისთვის, რომ სინჯების სიმწირის შესახებ არგუმენტები გაებათილებინათ, მკვლევრებმა პროექტის განმავლობაში, (სხვადასხვა სეზონზე) სავარაუდო დაბინძურებულ არეალებში, დიდი რაოდენობით წყლისა და ნიადაგის სინჯები აიღეს. მდინარეში დამაბინძურებლების კონცენტრაცია ყოველთვის ერთნაირი არ არის, რადგან საწარმოდან ჩამომდინარე წყლების მოცულობა ყოველთვის განსხვავებულია. მოყვანილი კვლევის ფარგლებში 2017 წელს წყლის სინჯები აიღეს ივლისსა და ოქტომბერში, ხოლო საკონტროლო სინჯები - ნოემბრის თვეში. მკვლევრებმა წყლის სინჯები აიღეს მდ. მაშავერას ოთხ წერტილში.[1]
ზემოაღნიშნულ ოთხ წერტილში აღებული სინჯების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შეწონილი ნაწილაკებისა და მძიმე მეტალების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1:მძიმე მეტალებისა და შეწონილი ნაწილაკების გადაჭარბებული კონცენტრაციის მაჩვენებელი მდ. მაშავერასა და კაზრეთულას სხვადასხვა წერტილში
სინჯის აღების დრო | სინჯის აღების ადგილი | ნივთიერება | ზდკ გადაჭარბების დონე |
2017 წლის ივლისი | მდ. მაშავერა მდ. კაზრეთულასთან შეერთებიდან 6 კმ-ში | კადმიუმი | 2.5-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. მაშავერა მდ. კაზრეთულასთან შეერთებიდან 6 კმ-ში | რკინა | 3-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. მაშავერა მდ. კაზრეთულასთან შეერთებიდან 6 კმ-ში | თუთია | 1.2-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. მაშავერა მდ. კაზრეთულასთან შეერთებიდან 6 კმ-ში | კადმიუმი | 4.5-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. მაშავერა მდ. კაზრეთულასთან შეერთებიდან 17 კმ-ში | რკინა | 1.6-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. მაშავერა მდ. კაზრეთულასთან შეერთებიდან 17 კმ-ში | კადმიუმი | 3.5-ჯერ |
2017 წლის ივლისი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | მანგანუმი | 21.76-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | სპილენძი | 1.8-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | ტყვია | 2-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | თუთია | 2.5-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | მანგანუმი | 5-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | რკინა | 5.9-ჯერ |
2017 წლის ოქტომბერი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | კადმიუმი | 3.5-ჯერ |
2017 წლის ნოემბერი | მდ. ფოლადაურის შენაკადი სოფ. ქვემო ბოლნისთან | კადმიუმი | 1240-ჯერ |
2017 წლის ნოემბერი | მდ. კაზრეთულა მაშავერასთან შეერთებამდე | კადმიუმი | 10-ჯერ |
2017 წლის ნოემბერი | მდ. მაშავერა კაზრეთულასთან შეერთებიდან 300 მ-ში | კადმიუმი | 9-ჯერ |
წყარო: მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა
რაც შეეხება ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლის კვლევას, სინჯების აღება მოხდა EPA-ს (United States Environmental Protection Agency) მეთოდოლოგიის მიხედვით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მხრივ წლიდან წლამდე განსხვავებული დინამიკა შეინიშნება. 2010 წელს დაბინძურების დონე იყო მაქსიმალური, 2014 წელს - მინიმალური, ხოლო 2017 წელს ისევ გაიზარდა. კვლევა კონცენტრირდა საყდრისის საბადოს მიმდებარედ არსებულ სოფლებზე. საკვლევი ტერიტორიიდან აღებული ნიმუშების შედეგების შესადარებლად კი არჩეულ იქნა სოფ. გომარეთის ახლოს მდებარე ნიადაგი, რომელიც საკმაოდ დაცილებულია საყდრისის საბადოდან და ზღვის დონიდან მასზე ბევრად მაღლაა.
2017 წლის მონაცემების თანახმად, მანგანუმის მაჩვენებელმა ზღვრულად დასაშვებ დონეს საგრძნობლად გადააჭარბა 13 სოფელში. სპილენძის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა სოფელ ნახიდურის, რატევანისა და აბულბუქის ნიადაგებში, ხოლო თუთიის - სოფელ რატევანსა და აბულბუქში.
გრაფიკი 1:მძიმე მეტალების კონცენტრაცია ნიადაგში ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან მიმართებით. ქვემო ქართლი, 2017 წელი
წყარო: მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო -კვლევითი პლატფორმა
კადმიუმისგან განსხვავებით, ტყვიით დაბინძურებულია არა მთელი რეგიონი, არამედ უშუალოდ საყდრისის საბადოსთან ახლოს მდებარე სოფლების სავარგულები (იხ. გრაფიკი 2). ტყვია ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის საშიში ელემენტია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ტვინის ფუნქციონირებაზე.
გრაფიკი 2: ტყვიის კონცენტრაცია ნიადაგში, 2017 წელი
წყარო: მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა
საბოლოოდ, სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის ანგარიში ასკვნის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომომპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც „RMG“ აწარმოებს, დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდე არის გაზრდილი.გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშებში ასახული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები „RMG Gold“-ისა და „RMG Copper“-ის მიერ აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშისთანახმად, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისათვის შპს „RMG Gold“-ს 29 153 880 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო შპს „RMG Copper“-ს - 1 078 188 ლარის. 2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ოქროს მომპოვებლები რამდენიმე მიმართულებით არღვევენ გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობებს. სამინისტრომ „RMG Copper“-სა და „RMG Gold“-ს მისცა გონივრული ვადა, რათა საოპერაციო არეალების მიმდებარედ აღმოფხვრან მდინარეების დაბინძურება. „RMG Copper“-მა 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აღკვეთოს მდინარე კაზრეთულაში ნებისმიერი დაბინძურება. ორივე კომპანიას დაეკისრა ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყონ და 2020 წლის 31 მარტამდე დაასრულონ ზომების მიღება მდინარეების: ფოლადაურისა და მაშავერას დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ასევე, კომპანიებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ გამწმენდი ნაგებობების დეტალური პროექტები, რომლებსაც სამინისტროს გეოლოგები და ჰიდროლოგები შეისწავლიან, წყლის დაბინძურების სამომავლო რისკის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, კომპანიებმა 2018-2020 წლებში უნდა შეასრულონ კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის, 2018 წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე წყლის საშხეფი სისტემების დამონტაჟება, რათა შეამცირონ მტვრის ემისია.
კომპანია „RMG“-ის საწარმოო სამუშაოების მიერ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დაბინძურების შესახებ გადაცემა „პოსტ სკრიპტუმმა“ სიუჟეტი მოამზადა, სადაც კომპანია „RMG“-ის კორპორატიული დირექტორის მოადგილე, ამირან ქართველიშვილი, მავნე ნივთიერებების გაფრქვევას (დაშვებულ ზომაზე მეტი რაოდენობით) როგორც წყალში, ასევე ჰაერსა და ნიადაგში, უარყოფს. ხოლო წყლის დაბინძურების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპანია თავისსავე წყალს იყენებს გადამუშავების გზით, რასაც გამწმენდი ნაგებობები უზრუნველყოფს. თუმცა, აღნიშნულ მტკიცებას აბათილებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც, რომელიც ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობების დარღვევაში ამხელს (რაც 2017 წელს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაც დასტურდება) და მათ გამოსასწორებლად გონივრულ ვადას უწესებს (რიგ ვალდებულებებთან ერთად კომპანიებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ გამწმენდი ნაგებობების დეტალური პროექტები).
სოფელ დიდ დმანისში, „RMG Gold“-ის მომიჯნავედ მდებარე 16 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გასხვისება 2018 წლის მარტში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სოფელ დიდ დმანისში,„RMG Gold“-ის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული 16 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონული ტენდერით 10 წლიანი იჯარით გასხვისდებოდა, მისი საწყისი ფასი კი 15 ათასი ლარი იქნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა და „საყდრისის კომიტეტმა“, რომლებიც ყურადღებას ეკოლოგიური კატასტროფის რისკებზე ამახვილებდნენ და აცხადებდნენ, რომ კომპანია „RMG“ აუქციონზე გამოტანილ ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებს ახორციელებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „RMG“-იმ ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს; აღნიშნული ტერიტორია ესაჭიროებათ სანაყაროების მოსაწყობად (ფუჭი ქანების გასათავსებლად); მიწის ნაკვეთზე შესვლა და დათვალიერება კი შესაძლებელია, რადგან ის ღიაა დაინტერესებულ პირთათვის.
სოფელ დიდ დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ელექტრონული აუქციონი 2018 წლის 20 მარტს გაიმართა, რომელშიც 14 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ფონდს ტერიტორია 10 წლიანი იჯარით 5 მლნ 56 ათას 320 ლარად გადაეცა. თუმცა, აღნიშნული თანხიდან მათ პირველადი შესატანის (ბეს) სახით 3 ათას 750 ლარი გადაიხადეს. 5 056 320 ლარის შესაგროვებლად და 16 ჰა ტერიტორიის 10 წლიანი იჯარით დასამტკიცებლად 14 ოპოზიციურ პარტიას 45 დღიანი ვადა ჰქონდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ფაქტ-მეტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონის შედეგები გაუქმებულია, რადგან მთლიანი ღირებულების გადახდა განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა. რაც შეეხება ახალ აუქციონს, ამ ეტაპზე მისი გამართვის შესახებ ბრძანება არ არის გამოცემული. საჯარო რეესტრის 2018 წლის 18 მაისის ამონაწერის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტ სოფ. დიდ დმანისში მდებარე 16 ჰა ფართობის ნაკვეთი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია.
[1] 1) მაშავერა კაზრეთულას შეერთებამდე; 2) მაშავერა კაზრეთულასთან შეერთებიდან 6 კმ-ში, სოფ. კიანეთთან; 3) მაშავერა კაზრეთულას შეერთებიდან 17 კმ-ში, სოფ. რაჭისუბანთან; 4) მდინარე კაზრეთულა მაშავერას შეერთებამდე, მადნეულის გამამდიდრებელი საწარმოს შემდეგ.