ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თიანეთის მერიასა და საკრებულოს აპარატში 92 შტატია გათვალისწინებული, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით კი 25 პირია დასაქმებული. დეპუტატის თქმით, 25-დან 20 პირის ხელშეკრულებით დასაქმება უკანონოა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას წარმოადგენს.
შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მერიის და საკრებულოს აპარატის საშტატო რიცხოვნობის მაქსიმუმ 5% დასაქმდეს. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს აპარატში საშტატო ნუსხით 93 ერთეული თანამდებოებაა განსაზღვრული (მერიაში 87), რაც თიანეთის მერიას შრომითი ხელშეკრულებით მაქსიმუმ 4 პირის დასაქმების საშუალებას აძლევს. დღეს არსებული მდგომარეობით, თიანეთის მერიაში, ხელშეკრულებით 19 პირია დასაქმებული. შესაბამისად, კანონით დადგენილ ზღვრები დარღვეულია. აღნიშნული 19 პირიდან 15 იკავებს ისეთ პოზიციას, რაც საშტატო ნუსხითაა განსაზღვრული და ისეთი ამოცანების შესრულებას არ უკავშირდება, სადაც პირის ხელშეკრულებით აყვანა ხდება. კანონი ასეთ თანამდებობაზე პირის ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე უვადოდ დანიშვნას მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ თიანეთის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს კანონით დადგენილ ზღვარს, ეს პირები იკავებენ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს და იღებენ იმ ოდენობით შრომის ანაზღაურებას, რასაც კანონით გათვალისწნებული პროცედურების (კონკურსი) დაცვით დანიშნული მოხეელები მიიღებნდენ. ამრიგად, განცხადების ის ნაწილი, რაც დამატებითი თანხების ხარჯვას უკავშირდება, არაზუსტია.
ანალიზი პარლამენტის წევრის (თიანეთი-დუშეთის მაჟორიტარი) ზაქარია ქუცნაშვილის თქმით,თიანეთის მერიასა და საკრებულოს აპარატში 92 შტატია გათვალისწინებული, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით კი 25 პირია დასაქმებული. დეპუტატის შეფასებით, 25-დან 20 პირის ხელშეკრულებით დასაქმება უკანონოა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას წარმოადგენს.
მუნიციპალიტეტის მერიაში, შტატით (მუდმივი) გათვალისწინებული მოხელეების გარდა, შესაძლებელია დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესრულებისთვის მოსამსახურეები შრომითი ხელშეკრულებით (ე.წ. შტატგარეშედ) დასაქმდნენ. ამ ფორმით დასაქმებულთა რაოდენობის მაქსიმალურ ზღვარს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი ადგენს (მუხ. 29.3). აღნიშნული კანონით, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. თავის მხრივ, მერიასა და საკრებულოს აპარატში საშტატო რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრავს. კოდექსის 156-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოს აპარატში, საშტატო რიცხოვნობის ჯამი 92 ერთეულს არ უნდა აღემატებოდეს. დღეის მდგომარეობით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით 93 თანამდებობაა განსაზღვრული. მათ შორის, 87 ერთეული მერიაში, ხოლო 6 ერთეული საკრებულოს აპარატში.თიანეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში არსებული საშტატო რიცხოვნობის პირობებში, შრომითი ხელშეკრულებით მერიასა და საკრებულოს აპარატში მაქსიმუმ 4 პირის დასაქმებაა შესაძებელი.
თიანეთის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მერიას 19 პირთან აქვს შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული. მათგან, 15 პირთან დადებული ხელშეკრულების საგანი იმ საქმიანობას და თანამდებობას წარმოადგენს, რაც მერიის საშტატო ნუსხითაა გათვალისწინებული და პროფესიული საჯარო მოხელის (მუდმივი, რომელიც უვადოდ ინიშნება) პოზიციაა. აღნიშნული ხელშეკრულებების ვადა 2018 წლის 1-2 მარტიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლითაა განსაზღვრული. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 15 პირების თვიური ანაზღაურების მოცულობა განსაზღვულია იმ ოდენობით, რაც მერიის საშტატო ნუსხაში თანამდებობრივი სარგოს სახითაა გათვალისწინებული. ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული პირების შრომის ანაზღაურების ხარჯი, ჯამში 36 255 ლარია. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2018 წლის 1 მარტიდან ორი ახალი სტრუქტურული ერთეული არსებობს - იურდიული და ზედამხედველობის სამსახურები. ზემოთ აღნიშნული 15 პირიდან ორი მათგანი მერიის ახლადშექმნილი სამსახურების ხელმძღვანელების პოზიციას იკავებს. მათ მიერ ამ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულებით ყოფნა უკანონოა, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (მუხ. 60.1), მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საჯარო მოხელეა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მერი. თავის მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (თავი V)შესაბამისად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე. ამირგად, პირის შრომითი ხელშეკრუელბით აყვანა არ მოიცავს იმ პროცედრუების გავლას, რასაც პირის მიერ სამსახურის უფროსად დანიშვნისას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ადგენს. ასევე, თიანეთის მერიაში დანარჩენი 13 პირის საქმიანობა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებას არ ითვალისწინებს, რადგან მათი საქმიანობა დამხმარე ან არამუდმივ ამოცანების შესრულება არ არის. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე პირის დანიშვნა ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე, უვადოდ უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების მეორე ნაწილს, სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები შრომის ანაზღაურების სახით იღებენ იმ ოდენობის თანხას, რასაც აღნიშნულ თანამდებოებზე ღია ან დახურული კონკურსის წესით დანიშნული პროფესიული საჯრო მოხელეები მიიღებდნენ. ამდენად, დამატებითი საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე საუბარი უსაფუძვლოა.