ტოვებს.
რეზიუმე: 2009-2016წლებში, EU4Business ინიციატივის შედეგად, საქართველოში შეიქმნა 2 450 სამუშაო ადგილი. ევროკავშირის თანამონაწილეობით, გრანტის სახით, გაიცა 35 მლნ ევრო მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად. ასევე, გაიცა 711 მლნ ევროს ოდენობის სესხი.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნეს საქმიანობა, სათანადო ტექნოლოგიებსა და დანადგარებში ინვესტიციების დაფინანსებით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) სტანდარტებთან დააახლოვოს, რათა გაიზარდოს პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნულ განცხადებაში, სწორედ, ამ შესაძლებლობაზე საუბრობს. საკრედიტო ხაზით, პარტნიორი ბანკების მეშვეობით, საქართველოში გაიცა 60 მლნ ევროს (180 მლნ ლარი) ოდენობის საშუალო და მოკლევადიანი სესხი. პროექტში ჩართულია 100-მდე ბენეფიციარი.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ განცხადებაში ხსენებული სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ფაქტ-მეტრისთვის ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი. EU4Business-EBRD პროექტში მონაწილე მხარეებთან კომუნიკაციის მიუხედავად, პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ადგილების სტატისტიკა ვერ მოვიპოვეთ. ამდენად, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების ამ ნაწილის გადამოწმება შეუძლებელია.
ანალიზი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, განაცხადა,
რომ EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით ქვეყანაში უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მლნ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში, 7 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
EU4Business ევროკავშირის ინიციატივაა,რომელიც 2009 წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მოქმედებს და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზანდ. EU4Business მეწარმეებს უმარტივებს ფინანსებზე, ბაზრებზე, ცოდნაზე წვდომას და მათ ბიზნეს სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაში ეხმარება.
EU4Business-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში 18 პროექტი მიმდინარეობს, აქედან 4 პროექტი, პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით ხორციელდება. ასეთია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი. დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნულ განცხადებაში ამ ბილატერალურ ინიციატივაზე საუბრობს.
EU4Business ინიციატივის ფარგლებში, 2009-2016 წლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში ჯამურად გაიცა 1.5 მლრდ ევროს ოდენობის სესხი,შეიქმნა 10 000 სამუშაო ადგილი. ცოდნაზე წვდომით ისარგებლა 110 000-მა ბენეფიციარმა. აქედან, საქართველოში, მოცემულ პერიოდში, ევროკავშირის თანამონაწილეობით, გრანტის სახით გაიცა 35 მლნ ევროს ოდენობის თანხა ბიზნესის გასავითარებლად, საწყის კაპიტალში თანადაბანდების სახით. კომპანიებისთვის გაიცა 711 მლნ ევროს ოდენობის სესხი. ცოდნაზე წვდომით ისარგებლა 63 000 საწარმომ და შეიქმნა 2 450 სამუშაო ადგილი.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნეს საქმიანობა, სათანადო ტექნოლოგიებსა და დანადგარებში ინვესტიციების დაფინანსებით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) სტანდარტებთან დააახლოვოს, რათა გაიზარდოს პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ერთდროულად მუშაობს. პარტნიორ ბანკებთან (საქართველოში „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“) თანამშრომლობით გასაცემი სესხების გარდა, სესხის ფარგლებში პროექტის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, საკრედიტო ხაზი მეწარმეებისთვის 15%-მდე საგრანტო წახალისებას ითვალისწინებს.
2016 წლის სექტემბრიდან დღემდე, საკრედიტო ხაზით საქართველოში 60 მლნ ევროს (180 მლნ ლარი) ოდენობის სესხი გაიცა. ამ შესაძლებლობით 100-მდე მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა. მომდევნო წლებში საკრედიტო ხაზი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დამატებით 1.1 მლრდ ევროს ინვესტიციას განახორციელებს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების გავრცელებიდან დღემდე, ფაქტ-მეტრმა კომუნიკაცია პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარესთან წარმართა, მათ შორის EU4Business-ისა და EBRD-ის ქართულ წარმომადგენლობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. მიუხედავად ხანგრძილივი მცდელობისა, დასახელებული 7 000 ახალი სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მოვიძიეთ. EBRD-ის წარმომადგენლობასთან საუბრის შედეგად დადგინდა, რომ შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკას EU4Business-EBRD-ის პარტნიორი იტალიური კომპანია აწარმოებს. აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებას ფაქტ-მეტრი ისევ ცდილობს და განახლებულ ინფორმაციას მისი მიღებისთანავე მიაწვდის მკითხველს.