იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეს განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 20 312 900 ლარია (მათ შორის, საკუთარი შემოსულობები - 15 739 000 ლარი). მიმდინარე წელს ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები 4 624 600 ლარითაა დაგეგმილი, რაც წინა წლის მონაცემზე ნაკლებია. მერიისა და საკრებულოს შრომის ანაზღაურების ხარჯები 2 607 900 ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ანაზღაურება კი დაახლოებით 5 909 200 ლარია. ჯამში, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურებისთვის გასაწევი ხარჯი 8 517 100 ლარითაა დაგეგმილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტის შემოსულობების 93% ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის. რალურად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მსგავსი ტიპის ხარჯების მოცულობა შემოსულობების დაახლოებით 42%-ით არის დაგეგმილი. მხოლოდ საკუთარ შემოსულობებთან მიმართებაში კი - 54%-ით.

ანალიზი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებზე ისაუბრა.

 მისი თქმით, ფოთის ბიუჯეტიდან ხელფასებსა და სხვა ხარჯებზე 14 მლნ ლარი იხარჯება, ხოლო ბიუჯეტის მოცულობა კი ჯამში 15 მლნ ლარია.

საკრებულოს წევრის განცხადება მერიაში ეკონომიკური განვითარების და ტურიზმის სამსახურის დებულებისა და მერიის საშტატო ნუსხის ცვლილებას მოჰყვა. აღნიშნული ცვლილებით, მერიაში ოთხი შტატი შეიქმნა - სამსახურის უფროსი (თანამდებობრივი სარგო - 2 000 ლარი), სამსახურის უფროსის მოადგილე (თანამდებობრივი სარგო - 1 800 ლარი), ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო - 1 500 ლარი) და უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - 1 100 ლარი). წელიწადში აღნიშნული სამსახურისთვის მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ხარჯი ჯამში 76 800 ლარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს დაფუძნებული აქვს ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“, რომლის ფუნქციებში შედის ტურისტული შესაძლებლობების საინფორმაციო ბანკისა და ზაფხულში სამაშველო ჯგუფის შექმნა. აღნიშნულ ა(ა)იპ-ს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 150 800 ლარი გამოეყო (კოდი 05 05). რაც შეეხება მერიაში შექმნილ სამსახურს, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებს

იმეორებს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების (საკუთარი და არასაკუთარი) გეგმა 20 312 900 ლარს შეადგენს. მათ შორის, საკუთარი შემოსულობები - 15 739 000 ლარია. დანარჩენი 4 573 900 ლარი რეგიონული ფონდებიდან მიღებული დახმარებაა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხმარდება. მთლიანად მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ზრდა (კაპიტალური) 7 031 800 ლარითაა დაგეგმილი.

  ცხრილი 1: 2016-2018

წლების ქალაქ ფოთის ბიუჯეტის მაჩვენებლები (ლარი)

2016 2017 2018*
შემოსულობები 21 651 200 19 169 400 20 312 900
შრომის ანაზღაურება 2 959 800 2 427 800 2 607 900
საქონელი და მომსახურება 3 582 700 3 818 700 2 016 700
სუბსიდია 5 762 100 5 068 900 7 979 900
არაფინ. აქტივების ზრდა 5 211 100 4 408 100 7 031 800
წყარო:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი

შენშვნა* ბიუჯეტის გეგმა

მიმდინარე წელს ფოთის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები (შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება) 4 624 600 ლარის მოცულობითაა დაგეგმილი, 2017 წლის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 6 246 500 ლარი შეადგინა. მათ შორის, 2018 წელს შრომის ანაზღაურების გეგმა 2 607 900 ლარია, რაც 2017 წელთან შედარებით 180 100 ლარით გაზრდილია. თუმცა, მიმდინარე წელს,  საქონელი და მომსახურების მუხლი 1 802 000 ლარითაა შემცირებული.

გარდა ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯებისა, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის ხარჯების სუბსიდიის მუხლში აღირიცხება. მიმდინარე პერიოდში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 16 იურიდიული პირი იღებს სუბსიდიას (მათ შორის, 80 000 ლარი შპს „ფოთი ქალაქტრანსპორტი“ - მგზავრობის სუბსიდია და 195 900 ლარი „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარი“). ასევე, მუნიციპალიტეტი სკოლამდელი აღზრდის უზრუნველყოფას ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ საშუალებით ახორციელებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 540 100 ლარია გამოყოფილი. ჩვენ მიერ გადასამოწმებელი განცხადების კონტექსტის გათვალისწინებით, აღნიშნული პირებისთვის გაცემული სუბსიდია შეიძლება გამოვრიცხოთ, რაც ჯამში 2 816 000 ლარია. სხვა ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი სუბსიდიის მოცულობა კი 5 163 900 ლარია.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯების 2017 წლის ფაქტობრივი მონაცმებეზე დაყრდნობით, მათთვის გამოყოფილი სუბსიდიის საშუალოდ 80% შრომის ანაზღაურების ხარჯია, ხოლო დანარჩენი კი სხვა ხარჯები. ამრიგად,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები დაახლოებით 4 131 120 ლარია. ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შრომის ანაზღაურების ხარჯების ჩათვლით კი ეს მონაცემი დაახლოებით 5 909 200 ლარია.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2729 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი