„მერი უნდა გავიდეს, დადგას კარავი და იქ უნდა მიიღოს მოქალაქეები და ინდივიდუალურად მოუსმინოს, რა პრობლემები აქვთ და რისი მოგვარება იქნება შესაძლებელი,“ - ეს იდეა „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გუგავას, ეკუთვნის, რომლის მთავარი დაპირება  თბილისში „სოციალური სამართლიანობის აღდგენაა“.

როგორ აპირებს ამ დანაპირების შესრულებას და რა კონკრეტული გეგმები გააჩნია  ცალკეულ პრობლემებთან დაკავშრებით, ამ საკითხებზე  „ფაქტ-მეტრი“ გიორგი გუგავას ესაუბრა.

 
  • რატომ უნდა შეაჩეროს თბილისის მოსახლეობამ არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
გიორგი გუგავა:

მე ვფიქრობ, რომ საქმეს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად - დღეს ხელისუფლებაში არის ოლიგარქია, ბანკირების დიქტატურა, მონოპოლისტები, რომლებიც  პოლიტიკურ ძალაუფლებას იყენებენ და ამიტომაც არის, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო დამძიმდა, რეალურად მათ ვჭირდებით ჩვენ როგორც მონები. ისინი, ფაქტობრივად, თანამედროვე ფეოდალები არიან და დამოკიდებულებაც ასეთი აქვთ და აქედან გამომდინარე, უნდა დაიწყოს არსებული რეჟიმის შეცვლა. ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არსობრივად დაპირისპირებული არის ამ კლანთან და ჩვენი დამოკიდებულებები, ზოგადად, ხალხის მიმართ, ქვეყნის მიმართ, პოლიტიკური სისტემის მიმართ, რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენი მიზანია, რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს. მათი მიზანია ბატონობა, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას აყარონ უფლებები, აქციონ ისინი საარჩევნო სულებად, მოსამსახურეებად, რომლებმაც მხოლოდ მათი კეთილდღეობა უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებებით დავამტკიცეთ, თუ როგორი ეფექტიანი იქნება ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნა, მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებაში საზოგადოების ინტერესების დასაცავად.

  • ოპოზიციას შორის რა უპირატესობა გაქვთ?
გიორგი გუგავა: 

მეც ზუსტად ეს გითხარით, რომ ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას იდეოლოგიურად და კლასობრივად, რომელსაც არსებული სისტემის დანგრევა სურს. ამ კლასის - უკანონოდ გამდიდრებული და მონოპოლისტად ქცეული კლასის, გაძევება პოლიტიკიდან. ყველა დანარჩენს კი ჩანაცვლება სურს. ჩანაცვლებით კი  25 წელია, ვუყურებთ, რა დღეშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არსებული პოლიტიკური სისტემა რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დავიწყოთ თვითმმართველობებიდან მათი გაძევებით.

  • როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები.
გიორგი გუგავა:

ნარმანიას ქმედებაში რაიმე პოზიტიური რაიმეს მოძებნა, მათთან დაპირისპირებულ ძალას კი არა, თავად ხელისუფლებას გაუჭირდება. არ ყოფილა ასეთი რამე და რა უნდა მოძებნონ? რა თქმა უნდა, მთლიანად ნეგატივია.  ზოგადად ხელისუფლება, მაგრამ განსაკუთრებით თბილისის მერია იქცა კორუფციის სიმბოლოდ, ნეპოტისტური და პარტაქტივის დასაქმების სიმბოლოდ, პრემია-დანამატების უსაზღვროდ და გაუმაძღრად გამოწერის, ძვირადღირებული ავეჯის შესყიდვის, სიმწვანის გაჩანაგების, ქაოტური მშენებლობებისდა ა.შ. სიმბოლოდ. ასე რომ, მის საქმიანობაში რაიმე პოზიტივის მოძებნა შეუძლებელია.

  • რა მიგაჩნიათ თბილისელებისთვის სამ მთავარ პრობლემად და თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
გიორგი გუგავა: 

მხოლოდ თბილისს კი არა მთელ საქართველოს აწუხებს და ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სოციალური უსამართლობა, სოციალური სიდუხჭირე, რომელიც გამოხატულია უმუშევრობაში, შემოსავლების არქონაში, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაში, განათლების ხელმიუწვდომლობაში, ყოფითი პრობლემების მოუგვარებლობაში და პირდაპირ უნდა ვთქვათ, გამოხატულია შიმშილში. თბილისის პრობლემა არის განაშენიანების ის  მახინჯი სისტემა, რომელმაც სატრანსპორტო პრობლემასთან ერთად, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. სასიცოცხლო სივრცე არ არსებობს, რეკრეაციული ზონები იჩეხება. თბილისის პრობლემაა ასევე არსებული ტარიფები და ათიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ზამთრობით უწევს  არჩევანის გაკეთება, კომუნალური გადასახადი გადაიხადოს თუ გამოიკვებოს.

  • საკმაოდ ბევრი პრობლემა ჩამოთვალეთ და როგორ უნდა მოგვარდეს, რაიმე კონკრეტული გეგმა ან ხედვა თუ გაგაჩნიათ?
გიორგი გუგავა:

მე შემიძლია, გითხრათ, თბილისის  მერობის შემთხვეაში, პირველ ერთ თვეში რას გავაკეთებ. პირველი იქნება ის, რომ გაუქმდება ის პერსონალური ავტომობილები, რაც  მერს, მერის მოადგილეებს, მერიის მაღალჩინოსნებს და გამგებლებს გააჩნიათ. ეს ავტომობილები გაიყიდება საჯარო აუქციონზე, ეს ფული შევა ბიუჯეტში და ამის პარალელურად დაიზოგება საწვავის თანხა, რომელიც რანდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს. ამ  თანამდებობის პირებს მაღალი ანაზღაურება გააჩნიათ და კეთილი ინებონ, საკუთარი ავტომობილით იარონ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მეორე - თანამდებობის პირებისთვის ყოველგვარი პრემია-დანამატები გაუქმდება და ეს თანხაც დაიზოგება, ასევე დაუყოვნებლივ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მშენებლობებსა და  ჯანსაღი ხის განადგურებაზე.

ასევე დაუყოვნებლივ გაუქმდება „სითი-პარკთან“ დადებული ხელშეკრულება. მე იურისტი ვარ და ვიცი, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან საჯარო უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს ავალია, აი, ხომ არ შეიძლება, პოლიციის ფუნქციას, მართლმსაჯულებას, საგადასახადო ადმინისტრირებას კერძო პირები ახორციელებდნენ.  დაჯარიმება საჯარო უფლებამოსილებაა და ამას კერძო კომპანია ახორციელებს. ეს არის ზუსტად ანტიკონსტიტუციური. თანაც მაშინ, როდესაც ამ კომპანიას არც ერთი ვალდებულება არ შეუსრულებია, რომელიც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ამიტომ ამ ხელშეკრულების გაუქმებით ბიუჯეტს არანაირი საჯარიმო სანქცია არ დაეკისრება.

ამ ყველაფრიდან დაზოგილი თანხით კი პირველ რიგში მათ მოვუმატებთ ხელფასს, ვინც თბილისს ემსახურება და  ესენი არიან: დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, საქალაქო ტრანსპორტის რიგითი თანამშრომლები, მათ შორის მეტროს თანამშრომლები, კეთილმოწყობის საქალაქო სამსხურის რიგითი თანამშრომლები, საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგები.  მავე დროს, ეს თანხები გადანაწილდება სოციალურად დაუცველებზე, რომ ზამთარი გადაიტანონ და ტარიფები არ გაიზარდოს. ამ თანხას გამოვიყენებთ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და აკადემიურად წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომელთა  მშობლებსაც სწავლის საფასური არ გააჩნიათ. ეს გეუბნებით იმას, რაც პირველ ერთ თვეში გაკეთდება. ასევე  უნდა მოეწყოს სათამაშო მოედნები, მათ შორის სპორტული სკოლები და ეს სკოლები უნდა გახდეს უფასო, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, რათა  ბავშვები დაკავდნენ სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით. გარდა ამისა, პირველივე თვეში უნდა დაიწყოს ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. მართალია, ეს გლობალური საკითხია, მაგრამ დაუყოვნებლივ დასაწყებია.

თბილისის წყლის კომპანია ქალაქის მმართველობას უნდა დაუბრუნდეს და ეს პროცესი დასაწყებია. კანონს თუ ჩავხედავთ, წყლით მომარაგების უფლებამოსილება სწორედ მუნიციპალიტეტს გააჩნია და  ამიტომ ის ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ, რადგან უზარმაზარი ტარიფები აქვთ და  საშინელი მომსახურება, რის გამოც ხალხი უწყლოობით იტანჯება.

ასევე, კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ უნდა აშენდეს ახალი საბავშვო ბაღები, რადგან ბაღები გადატვირთულია და ეს მათ (ბავშვებს) განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

დასამტკიცებელია თბილისის განაშენიანების გენგეგმა, რომლის შესაბამისადაც დაიწყება თბილისის განვითარება და არა ქაოტურად და არა  კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. „გუგავა მოვა“ - ეს უტრირებულად კი ითქვა, მაგრამ იგულისხმება, რომ მერი უნდა იყოს ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების პრობლემების გამზიარებელი და უნდა ემსახურებოდეს მათი პრობლემების მოგვარებას. საერთოდ გადასახედია ის დოკუმენტები, რომლითაც თბილისის ქონება ნიავდება და მთელი რიგი სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელიც შვებას მოუტანს ხალხს, დაამკვიდრებს სოციალური სამართლიანობის პრინციპებს და დაამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ბატონებს კი არა, მსახურებს უნდა ვირჩევდეთ.

  • თბილისის განვითარების გენგეგმა ახსენეთ. როგორც ვიცით, ეს გეგმა თითქმის მზად არის. თუმცა, მთავარია მისი აღსრულება. როგორ აპირებთ გენგეგმის პრაქტიკაში აღსრულებად რეგულაციად ქცევას?
გიორგი გუგავა: 

გენგეგმა შემუშავებული უნდა იქნას პროფესიონალი, პატიოსანი, საკუთარ ქალაქზე შეყვარებული სპეციალისტების მიერ და მერე ამ შემუშავებული გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს ქალაქი. თუ ამ პრინციპით არ იქნა შემუშავებული და განაშენიანება კვლავ ქაოტურად გაგრძელდა, თბილისში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.

  • თბილისში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა იაფი საცხოვრებელი კორპუსები, ე.წ. „ხრუშჩოვკები“, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა კარგა ხანია გაუვიდა. თუ გაქვთ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი და ზოგადად, როგორ აპირებთ ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას?
გიორგი გუგავა: 

ამის მერობის ერთ ვადაში გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება. ეს გრძელვადიანი პროექტია და ამისთვის გრძელვადიანი გეგმაა შესამუშავებელი.  პირველ რიგში, ინვესტორებია მოსაძებნი და მერიას ამის ერთბაშად გასაცემი თანხა არ გააჩნია. ამიტომაც, ამ პრობლემის გადაწყვეტა ეტაპობრივად უნდა დაიწყოს.

  • შემოვლითი რკინიგზის გადატანა თქვენთვის რამდენად მისაღებია და რას აპირებთ?
გიორგი გუგავა:

არათუ მისაღებია, გარდაუვლად განსახორციელებელია. მასთან ერთად, ჩვენ უნდა გავზარდოთ მეტროს მოძრაობის ინტენსივობა. 1990-იან წლებში დღე-ღამეში 400 ათასზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა და დღეს 280 ათასამდეა დასული და ეს სრული უგუნურებაა. მეტრო  გადაადგილების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა და ჩვენი მიზანია, რომ მეტროს სადგურები და ხაზების მშენებლობა გაგრძელდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ქალაქის ბიუჯეტით ვერ მოგვარდება და ამაში ცენტრალური ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს და დონორებიც უნდა იქნას მოძიებული.

საერთოდ, ქალაქში მოძრავ ტრანსპორტთან დაკავშირებით ერთიანი გეგმის და მიდგომის  შემუშავებაა საჭირო და თბილისის სინამდვილისთვის მორგება. უნდა გაიზარდოს მისი კომფორტულობაზეც და ეკოლოგიურ სისუფთავეზეც. მაგალითად, ტრამვაის ხაზის მშენებლობა. მართალია, ეს ძვირია, მაგრამ სამუშაო ამ მიმართულებითაც არის.

ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა და დაკავშირებულია იმ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც მთელ ქვეყანაშია შექმნილი და მთელი მოსახლეობა თბილისში გამორბის. ამიტომ  ვინც მოსახლეობას ეტყვის, რომ ერთ ვადაში მოაგვარებს, ეს იქნება ტყუილი. თუმცა, გადაწყვეტაზე ფიქრი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და არა იმ სინამდვილეში, როდესაც ქვეყნას ოლიგარქები მართავენ. მათ ხელში ეს შეუძლებელი იქნება და ამიტომ სისტემის ცვლილება უნდა დაიწყოს.

  • საცობების და პარკირების პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებთ? ამჟამინდელი მერი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნული ხელშეკრულების გასაუქმებლად  25 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ, რისი ფუფუნებაც დღეს დედაქალქს არა აქვს. თქვენ როგორ აპირებთ პარკირების პრობლემის მოგვარებას?
გიორგი გუგავა: 

„სითი პარკთან“ ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და მორჩა. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. პარკირების პრობლემა კი მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რომლის შესაბამისადაც მოეწყობა თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის ინფრასტრუქტურა. ნებართვები, რომელიც გაიცემა სხვადასხვა მშენებლობებზე, საცხოვრებელი იქნება თუ სხვა დანიშნულებით, მათ ვალდებულებაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს პარკინგების მშენებლობა.

რაც შეეხება საცობებს, ეს დაკავშირებულია მგზავრობის პრობლემებთან და აუცილებელია მუნუციპალური ტრანსპორტის სწორად განვითარება, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა და ცალკე აღებული ვერ მოგვარდება.

  • როდესაც თბილისის პრობლემებზე ვსაუბრობთ, ეკოლოგიური მდგომარეობა არის პრიორიტეტული, რადგან არანაირ ნორმას არ აკმაყოფილებს. რის გაკეთებას აპირებთ ამ მიმართულებით?
გიორგი გუგავა:

პირველი, უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი  ხეების მოჭრაზე. ეს უნდა აიკრძალოს და პასუხისმგებლობა გაიზარდოს. მეორე - ეკოლოგიური საკითხების მოგვარება ტრანსპორტის პრობლემასთან არის დაკავშირებული და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მესამე - უნდა მოეწყოს ახალი რეკრეაციული ზონები და გაკეთდეს პარკები, რაც შეიძლება, მეტი. თუ ჩვენ ქალაქში მოსახლეობის ერთ სულზე გამწვანების დონე არ გავზარდეთ, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მუდმივი მუშაობაა საჭირო და არა ისეთი, გამხმარ ჯოხებს რომ ჩაასობდნენ და მილიონ ხედ ასაღებდნენ და ამაში მილიონებს ტეხავდნენ და სახლში მიჰქონდათ. სერიოზული სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.

  • თქვენ თქვით, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული დროა საჭირო და ერთ ვადაში ვერ მოხერხდება. თქვენი მერობის შემთხვევაში, ერთ ვადაში რა გაკეთდება?
გიორგი გუგავა: 

ზოგადად გეტყვით, რადგან კონკრეტულ საკითხებზე უკვე ვისაუბრეთ  - ჩვენ ამ ქალაქში სოციალურ სამართლიანობას დავამყარებთ. ჩვენ ვაჩვენებთ ხალხს, რომ მათზე ზრუნავს მერი, თვითმმართველობის ორგანო და ზრუნავს იმ არსებული სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი  საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც აწუხებს ამ ქალაქს. ანუ, ყველა რესურსი, საბიუჯეტო იქნება თუ ქონებრივ-მატერიალური, გამოყენებული  იქნება ქალაქის საკეთილდღეოდ და ეს არ იქნება მდიდართა პრივილეგია. ამას ვპირდებით მოსახლეობას და ამას იგრძნობს თითოეული ადამიანი.

  • მერობის შემთხვევაში, მოქალაქეებთან ურთიერთობას რა ფორმით აპირებთ?
გიორგი გუგავა:  მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ თვითმმართველობის ორგანოს არტყია დაცვის რამდენიმე ზღუდე. ეს უნდა მოიხსნას. ეს მერიის შენობასაც შეეხება და გამგეობის შენობებსაც. მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს მისვლა მის მიერ არჩეულ მერთან თუ სამსახურის უფროსებთან.  არანაირი დაცვა არ სჭირდება.  მეტსაც გეტყვით, მერს უნდა ჰქონდეს შეხვედრები საკუთარ მოქალაქეებთან. გარეუბანში უნდა გავიდეს, დადგას კარავი და იქ უნდა მიიღოს მოქალაქეები და ინდივიდუალურად მოუსმინოს, რა პრობლემები აქვთ და რისი მოგვარება იქნება შესაძლებელი. მერიც და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ყველაზე ხელმისაწვდომები და  სახალხო უნდა იყვნენ.