იტვირთება

19

სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ წინასაარჩევნო თოქ-შოუში „ამომრჩევლის პირისპირ“, პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ თბილისი მერია წინასაარჩევნო რეკლამებს ავრცელებს, ის ბიუჯეტიდან ასეულ ათასობით ლარს ხარჯავს თბილისის მერიის რეკლამირებისთვის. მისი თქმით, ეს არის წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია. „ჩვენ პერიოდთან შედარებით თბილისის მერიას 3 მლნ ლარით აქვს გაზრდილი ის ბიუჯეტი, საიდანაც რეკლამების დამზადება და შემდგომ განთავსება ხდება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

თბილისის მერიამ წინასაარჩევნოდ მედიაში ვიდეორგოლები გაავრცელა, სლოგანით „გაკეთდა თბილისისთვის“. ვიდეორგოლები შეეხება 2014-2017 წლებში თბილისის მასშტაბით მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ახალ ან რეაბილიტირებულ სკვერებს და საბავშვო ბაღების

მშენებლობა/რეაბილიტაციას.

ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა:

„ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ კი, უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე… ამჟამად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია, შესაბამისად, ასეთი რეკლამების გაშვება ამომრჩევლის მიერ, შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის არაპირდაპირი რეკლამა, ეს კი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ტიპის რეკლამები კარგად ნაცნობი პრაქტიკაა. იგივე ხდებოდა 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს. მაუწყებლობის შესახებ კანონის

თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მაუწყებელში რეკლამის განთავსება დაუშვებელია. თუმცა, მას შეუძლია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება თუ ის სოციალურ რეკლამას ან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს (მუხლი 66, პუნქტი 2). თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს სოციალური რეკლამის შინაარსი არ აქვს. შესაბამისად, ვიდეორგოლის მაუწყებლებში „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“ განთავსდა.

რეკლამის ხარჯები თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამიდან - „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“ (პროგრამული კოდი 07 02 04) ფინანსდება.

წინა თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, თუმცა 2013 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა (არჩევნების გარეშე) დაკარგა. შესაბამისად, 2014 წლის ბიუჯეტიც „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა. ამდენად, უფრო მართებული იქნება, თუ არსებული ვითარების წინა ხელისუფლების პერიოდთან შესადარებლად 2013 წლის მაჩვენებლებს ავიღებთ.

2017

წელს „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი მილიონ 87 ათასი ლარია. 2013 წელთან შედარებით ეს მუხლი მილიონ 40 ათასი ლარით არის გაზრდილი. წინა წელთან შედარებით კი, ქვეპროგრამის ბიუჯეტი 194 ათასი ლარით გაიზარდა.

გრაფიკი 1:

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების“ ბიუჯეტი, 2013-2017 წლებში (ათასი ლარი)

image001 წყარო: თბილისის ბიუჯეტი

დედაქალაქის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ვიდეო და აუდიო რგოლების დამზადება ასევე ფინანსდება „საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამიდან (პროგრამული კოდი 07 02 03). ირაკლი აბესაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ის სწორედ ამ ქვეპროგრამის ბიუჯეტზე საუბრობდა.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ქვეპროგრამა მხოლოდ სარეკლამო ხარჯებს არ გულისხმობს, ის მოიცავს თბილისის მერიის საიტებზე და სერვერებზე ზედამხედველობას; ვებ დიზაინის შექმნა-განახლებას; შემეცნებითი ხასიათის პროექტების განხორციელებას; მერიის, გამგეობების და ქვეუწყების თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სხვა.

2017

წლის თბილისის ბიუჯეტში „საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისთვის 4 მლნ 682 ათასი ლარია გამოყოფილი. მიმდინარე წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტი  წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1 978 ათასი ლარით, ხოლო 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 837 ათასი ლარით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამის ხარჯები ასევე მაღალი იყო 2012 წელს - 3 298 ათასი ლარი. თუმცა, აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი ყველაზე მაღალი 2017 წელსაა.

გრაფიკი 2:

„საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობის“ ბიუჯეტი 2013-2017 წლებში (ათას ლარი)

image002 წყარო: თბილისის ბიუჯეტი  

დასკვნა

წინასაარჩევნოდ თბილისის მერიამ მართლაც გაავრცელა ვიდეორგოლები, სადაც ასახულია მერიის მიერ განხორიციელებული პროექტები, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის რეკლამად აღიქმება.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ვიდეო რგოლების და სხვა სახის სარეკლამო მასალების დამზადება-გავრცელება თბილისის ბიუჯეტის შემდეგი ქვეპროგრამებიდან ხდება:

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“ და „საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობა“. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ქვეპროგრამებიდან მხოლოდ სარეკლამო ხარჯების დაფინანსება არ ხდება.

2017

წელს, თბილისის ბიუჯეტში, ქვეპროგრამისთვის - „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“, მილიონ 87 ათასი ლარია განსაზღვრული. 2013 წელთან შედარებით ეს მუხლი მილიონ 40 ათასი ლარით არის გაზრდილი.

მიმდინარე წელს ქვეპროგრამის - „საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობის“ ბიუჯეტი 4 მლნ 682 ათასი ლარია. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2013 წელთან შედარებით 2 მლნ 837 ათასი ლარით, ხოლო წინა წელთან შედარებით მილიონ 978 ათასი ლარით არის გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვეპროგრამის ხარჯები ასევე მაღალი იყო 2012 წელს - 3 მილიონ 298 ათასი ლარი, თუმცა 2012 წელთან შედარებითაც, წელს აღნიშნული მუხლი მილიონ 384 ათასი არის გაზრდილი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2778 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი