აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე ხუთთვიანი ანგარიშით წარსდგა, სადაც მან განაცხადა: „შედეგები მზარდია, დასაქმებულთა ხუთი თვის მაჩვენებელი შეადგენს 564 ადამიანს, მათ შორის 90% გრძელვადიან დასაქმებულებზე მოდის“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების საგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 13 სექტემბრის დადგენილებისსაფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს მიზანია რეგიონში დასაქმების სისტემისა და მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. მის ფუნქციებში შედის ავტონომიის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა, მათთვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება, შრომითი ბაზრის კვლევა, ვაკანსიების მოძიება, დასაქმების მიზნით საშუამავლო საქმიანობა და ა.შ.
დასაქმების სააგენტო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, ესენია: პროფესიული გადამზადება, დასაქმების ხელშეწყობა და მართვა, კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური გზით, სააგენტოს პოპულარიზაცია, შშმ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. არსებული ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში პოტენციურ დამსაქმებლად რეგისტრირებულია 2 359 ორგანიზაცია, ხოლო სამუშაოს მაძიებლები ძირითადად სასტუმრო-სარესტორნო და სხვა ტურისტულ სექტორში საქმდებიან. ვინაიდან განცხადების ავტორი 2017 წლის ხუთი თვის მაჩვენებლებზე საუბრობდა, ჩვენ პირველ რიგში სწორედ ეს მონაცემებიგავაანალიზეთ.
ცხრილი 1:
დასაქმებულთა რიცხვი 2017 წლის იანვარ-მაისის მიხედვით
თვე | იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი |
გრძელვადიანი | 83 | 59 | 69 | 93 | 118 |
დროებითი | 4 | 2 | 16 | 13 | 70 |
ერთჯერადი | 8 | 9 | 3 | 4 | 22 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, თებერვალში გრძელვადიან დასაქმებულთა რიცხვი იკლებს, ხოლო შემდეგ თანდათან იმატებს. მაისში გაზრდილია დროებით დასაქმებულთა რიცხვიც. საერთო ჯამში, ხუთი თვის მონაცემით, დასაქმებულია 573 ადამიანი, აქედან 422 ადამიანი, ანუ 73.6%, გრძელვადიანად.
ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენ მიმდინარე წლის მხოლოდ ხუთი თვის მონაცემებზე მიგვიწვდება ხელი, გადავწყვიტეთ, ის გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შეგვედარებინა. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წლის მაჩვენებლები, გარდა 2014 წლის მონაცემებისა, ყველა დანარჩენ მაჩვენებელს ჩამორჩება.
ცხრილი 2:დასაქმებულების საერთო რაოდენობა 2012-2017 წლების პირველი ხუთი თვის მიხედვით
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
დასაქმებულთა რიცხვი | 862 | 1 234 | 242 | 584 | 700 | 573 |
2013-2017
წლების ხუთი თვის დასაქმების დეტალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
გრაფიკი 1:დასაქმებულთა რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, 2013-2017 წლების ხუთი თვის მონაცემები
წყარო: სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო
უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის დასაქმების დეტალური მონაცემები (თვეების მიხედვით) სააგენტომ ვერ მოგვაწოდა.
გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ გრძელვადიან დასაქმებულთა ბოლო მაჩვენებელი წინა შესადარებელი წლების ანალოგიურ მონაცემებს, გარდა 2014 წლისა, ჩამორჩება: 2013 წლისას - 298-ით, 2015 წლისას - 27-ით, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელს - 24 ერთეულით. ასევე, მიმდინარე წლის მონაცემებით, 2013 წლის მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია დროებით დასაქმებულთა რაოდენობა (344 ერთეულით).
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, დასაქმებულთა რიცხვი, 2012 წელთან შედარებით, მკვეთრად იკლებს და უკვე 2016 წელს უმნიშვნელოდ იზრდება.
ცხრილი 3: 2012-2016წლებში სამუშაოს მაძიებლად რეგისტრირებულთა და დასაქმებულთა რაოდენობა
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
რეგისტრირებულთა რაოდენობა | 9 674 | 4 689 | 2 146 | 2 178 | 2 766 | - |
დასაქმებულთა რაოდენობა | 4 906 | 2 228 | 1 703 | 1 350 | 1 663 | 573 |
როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, 2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3 243 ერთეულით ჩამორჩება.
გრაფიკი 2: 2012-2017წლებში გრძელვადიან, ერთჯერად და დროებით დასაქმებულთა რიცხვი
როგორც ვხედავთ, 2012 წელს ყველაზე მაღალი იყო როგორც გრძელვადიან, ისე დროებით დასაქმებულთა მაჩვენებელი, რომლებსაც მკვეთრად ჩამორჩებოდა ერთჯერადად დასაქმებულთა რიცხვი. შემდგომ წლებში გრძელვადიან დასაქმებულთა რაოდენობა მართალია იკლებს, მაგრამ 2014 წლის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში, დანარჩენ ორ კომპონენტთან შედარებით, უპირატესობას ინარჩუნებს.
სულ, 2012-2016 წლებში, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირდა 21 453, ხოლო დასაქმდა 12 423 ადამიანი, ანუ 57.9%. აქედან, 6 347 - გრძელვადიან, 3 849 - დროებით, ხოლო 2 227 - ერთჯერად პოზიციაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი და მასში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა. თუ 2012 წელს სააგენტოს ბიუჯეტი 330 300 ლარი იყო, ხოლო აქედან შრომის ანაზღაურებაზე 262 200 ლარი იხარჯებოდა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 801 700 ლარსა და 305 784 ლარს შეადგენს. დასკვნაროგორც კვლევამ აჩვენა, 2017 წლის ხუთი თვის მიხედვით, თებერვლიდან დაწყებული, შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, თუმცა გრძელვადიან დასაქმებულთა წილი არა 90%-ს, არამედ 73.6%-ს შეადგენს. რაც შეეხება სხვა შესადარებელი წლების ხუთთვიან მაჩვენებლებს, 2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს ძირითადად ჩამორჩება: 2013 წელს დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1 234 ერთეულს შეადგენდა, საიდანაც გრძელვადიან დასაქმებულებზე 58.42% მოდის; 2014 წელს 242 დასაქმებულზე 71.9% გრძელვადიანია; 2015 წელს 584 დასაქმებულიდან გრძელვადიანია 77.05%, ხოლო 2016 წელს 700 დასაქმებულიდან - 63.85%.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თემურ კახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.