ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავას მიერ საჯარო მოხელეების უკანონოდ გათავისუფლების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დამატებით 317 669 ლარის ხარჯის გაწევა მოუწია.
საჯარო დაწესებულებაში მოხელე ამავე დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინიშნება. შესაბამისად, მერიის ან გამგეობის შემთხვევაში საჯარო მოხელეს გამგებელი ან მერი ნიშნავს. ანალოგიურად, როგორც დანიშვნის შემთხვევაში, მოხელეს თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირის უფლებაა, მიმართოს სასამართლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი და უკვე ახალი რედაქციითაც, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, საჯარო ადმინისტრაციამ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე იმავე თანამდებობაზე (რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა) დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება მოხელის იმავე თანამდებობაზე აღდგენა, ჩანაცვლება ხდება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენით, ხოლო, ასეთი თანამდებობის არარსებობისას კი, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის თანხმობით, მისი სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმება. ამასთან, საჯარო ადმინისტრაცია ვალდებულია უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს აუნაზღაუროს განაცდური შრომითი გასამრჯელო. 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული ახალი კანონით,იმ შეთხვევაში, თუ პირის დასაქმება შეუძლებელია, მისი ჩარიცხვა ხდება მოხელეთა რეზერვში და გარდა განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებისა, მას ეძლევა 6 თვის სახელფასო კომპენსაცია.
ფაქტ-მეტრმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტიდან უკანონოდ გათავისუფლებული (სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად) პირებისთვის გაცემული განაცდური შრომითი გასამრჯელოს მოცულობის შესახებ კვლევა უკვე გამოაქვეყნა.ამჯერად, ამ კუთხით მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობით დავინტერესდით.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლად ალექსანდრე გრიგალავა აირჩიეს. ჩვენი კვლევაც სწორედ მისი უფლებამოსილების ცნობიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან სულ 78 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს - 77 გამგეობიდან, ხოლო ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან. გამგეობიდან გათავისუფლებულ მოხელეებს შორის იყვნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, რომელთა გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის 17 წარმომადგენელი აღადგინეს. ასევე, თანამდებობაზე დაბრუნდა ერთი განყოფილების უფროსი. ხოლო, განაცდური ხელფასი აუნაზღაურდა 20 პირს, რისთვისაც, ჯამში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 317 669 ლარის ხარჯის გაწევა მოუწია. ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა უკანონოდ გათავისუფლებული პირების თანამდებობებზე აღდგენამდე ამავე თანამდებობებზე დანიშნული პირებისათვის გაცემული შრომის ანაზღაურების მოცულობით.ცხრილი 1:
უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა აღდგენამდე ამავე თანამდებობებზე მყოფი სხვა პირების შრომის ანაზღაურება (ლარი)
წელი | 2014 | 2015 | 2016 |
თანამდებობრივი სარგო | 42 838 | 199 091 | 176 729 |
პრემია | 12 640 | 33 865 | 17 920 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების აღდგენამდე მათ ადგილს იკავებდნენ, უკანონოდ გათავისუფლებული პირების აღდგენის შემდეგ სხვა თანამდებობებზე არ გადაუყვანიათ.
დასკვნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების თანამდებობებზე აღდგენამდე ამავე თანამდებობებზე მყოფმა პირებმა ჯამში 483 083 ლარის შრომის ანაზღაურება მიიღეს - 418 658 ლარი ხელფასის და 64 425 ლარი პრემიის სახით. ხოლო, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავას მიერ საჯარო მოხელეების უკანონოდ გათავისუფლების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დამატებით 317 669 ლარის გაღება მოუწია.