ბათუმში არსებული უფასო სასადილოების საკითხით დაინტერესება ფაქტ-მეტრს თავად სასადილოს ბენეფიციარებმა სთხოვეს, რომლებმაც მომსახურე პერსონალისა და საკვების მიმართ პრეტენზია გამოთქვეს.
უფასო კვების პროგრამა იმ მოქალაქეთა ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 57 000-ის ჩათვლით. ასევე, ვისი სარეიტინგო ქულაც, 2014 წლის 31 დეკემბრის 758-ე დადგენილების მიხედვით, არის 57 001 - 65 000 და იმავდროულად, მიეკუთვნება ბათუმის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრთა კატეგორიას.ბოლო მონაცემებით, ბათუმში 4 551 ბენეფიციარს ექვსი უფასო სასადილო ემსახურება. ერთჯერადი კვებით უზრუნველსაყოფად ბათუმის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი გამოიყოფა.
ფაქტ-მეტრმა ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოდან უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობისა და ბიუჯეტის შესახებ 2014-2017 წლების ინფორმაცია გამოითხოვა. ინფორმაციიდან ჩანს, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია როგორც ბენეფიციართა რიცხვი, ისე უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხა.
ცხრილი 1:
უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი (ლარი), 2014-2017 წლები
წელი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
ბენეფიციართა რაოდენობა | 2 644 | 3 042 | 4 042 | 4 542 |
ბიუჯეტი | 1 480 932 | 1 912 000 | 2 828 300 | 3 007 159 |
აღსანიშნავია, რომ ბათუმის სერვისების სააგენტოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა ერიცხება სამეურნეო, სატრანსპორტო და სარემონტო სამუშაოებისთვის.
ცხრილი 2: 2014-2017
წლებში ბათუმის სოციალური სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხები (ლარი)
დასახელება | წელი | |||
2014 | 2015 | 2016 | 2017, I კვარტალი | |
შრომის ანაზღაურება | 427 004 | 543 620 | 757 900 | 161 354 |
სამეურნეო ხარჯები | 247 108 | 72 211 | 138 104 | 19 551 |
კომუნალური | 47 500 | 50 314 | 71 196 | 22 953 |
კვება | 701 920 | 1 162 555 | 1 565 600 | 391 284 |
სატრანსპორტო | 12 300 | 17 300 | 22 000 | 2 638 |
რემონტი, ტექნიკა | 92 600 | 6 600 | 273 500 | 0 |
ჯამი | 1 480 932 | 1 912 000 | 2 828 300 | 597 792 |
უფასო სასადილოებისა და ადმინისტრაციისთვის 2017 წელს განსაზღვრული ჯამური თანხა 3 007 159 ლარს შეადგენს, საიდანაც 198 354 ლარი განკუთვნილია სამეურნეო ხარჯებისთვის, 1 890 705 - კვებისთვის, 130 000 - რემონტისა და ტექნიკისათვის, ხოლო 20 000 - სატრანსპორტო ხარჯისთვის.
ერთი ბენეფიციარისთვის 2014 წელს დღეში 1 ლარი, 2015 წელს - 1.05 ლარი, 2016 წელს კი - 1.21 ლარი იყო განსაზღვრული ხოლო, 2017 წელს ერთ ბენეფიციარზე 1.15 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ერთი ბენეფიციარის ერთჯერადი სადილის თანხა შემცირებულია ექვსი თეთრით, თუმცა გაზრდილია ბენეფიციართა რაოდენობა და, შესაბამისად, კვების თანხის ჯამური რაოდენობა.
2014წლიდან იზრდება სამეურნეო ხარჯებიც. ბათუმის სოციალური სერვისების ხელმძღვანელის, ბადრი გოგიძის თქმით, ეს საოფისე და სხვა საჭიროებების ხარჯია. მაგალითად, ონკანის, ნათურის ან სხვა დაზიანებების თანხა სამეურნეო ხარჯებიდან გადაიხდება. წლის ბოლოს ნაშთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბრუნდება. ბადრი გოგიძემ გვითხრა, რომ სასადილოების ინფრასტრუქტურა ძირითადად მოწესრიგებულია, ხოლო საკვები პროდუქტის ხარისხი, რომელსაც თვეში ერთხელ სურსათის უვნებლობის სააგენტო ამოწმებს, დამაკმაყოფილებელია. თუმცა, გაურკვეველია, რამდენად გამორიცხავს თვეში ერთი ლაბორატორიული კვლევა მოსარგებლეთათვის უხარისხო საკვების მიწოდების საფრთხეს.
ბენეფიციარები ძირითადად საკვების უხარისხობას უჩივიან. მათი თქმით, რომ არა უკიდურესი გაჭირვება, ზოგჯერ ხორცისა და სოსისის ჭამა შეუძლებელი იქნებოდა. საუბრობენ პერსონალის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაზეც. თუმცა, უმრავლესობა ამბობს, რომ მადლობელია იმისთვისაც, რასაც აჭმევენ, რადგან ამის გარეშე მთელი ოჯახი მშიერი დარჩებოდა. გაგვაფრთხილეს, რომ თუ მათი საუბრის შინაარსი ადმინისტრაციამდე მიაღწევდა, სიიდან ამორიცხვა არ ასცდებოდათ. ბადრი გოგიძის თქმით, სოსისის ხარისხთან მიმართებით მართლაც იყო შენიშვნები, მაგრამ მათ პროდუქცია შეცვალეს და პრობლემა აღმოფხვრილია.