„გასული სამი წლის მონაკვეთში და მიმდინარე წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის, 85 მილიონამდე თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან... მიმდინარე წელს ჩვენ 21.5 მილიონი გვაქვს ღონისძიებებით განსაზღვრული. თითქმის უმეტესი ხორციელდება ახლა, დანარჩენებზე ტენდერები გვაქვს გამოცხადებული“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენ 2014-2016 წლებში განხორციელებული და 2017 წელს დაწყებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრული დაფინანსების საკითხი შევისწავლეთ. არსებული ინფორმაციის თანახმად, 2014წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 49 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ჯამში 12.2 მილიონი ლარი გამოიყო.
ცხრილი 1:ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და მათი ღირებულება
სამუშაოები | ღონისძიების რაოდენობა | ღირებულება, ლარი |
საგზაო ინფრასტრუქტურა | 11 | 3 222 652 |
კომუნალური ინფრასტრუქტურა | 3 | 756 196 |
წყლის, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემები | 11 | 4 463 930 |
სკვერები, მოედნები | 1 | 28 041 |
საბავშვო ბაღები | 9 | 1 107 407 |
შენობა-ნაგებობები | 3 | 114 059 |
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები | 1 | 308 002 |
სპორტული მოედნები | 1 | 43 740 |
კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოები | 1 | 1 830 475 |
ამბულატორიისთვის მოედნის მოწყობა | 1 | 4 873 |
გარე განათებების მოწყობა-რეაბილიტაცია | 1 | 51 315 |
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია | 1 | 149 827 |
მწვანე ზოლის კეთილმოწყობა | 2 | 68 195 |
ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი | 1 | 17 500 |
ნაგავშემკრები კონტეინერები | 2 | 34 712 |
ჯამი | 49 | 12 200 924 |
რაც შეეხება 2015 წელს, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 14 470 641 ლარის ღირებულების 86 ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა.
ცხრილი 2:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და მათი ღირებულება
ღონისძიებები | ღონისძიებების რაოდენობა | ღირებულება, ლარი |
საგზაო ინფრასტრუქტურა | 22 | 3 379 409 |
კომუნალური ინფრასტრუქტურა | 8 | 837 861 |
წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემები | 21 | 6 506 702 |
სკვერები, პარკები, მოედნები | 1 | 183 657 |
შენობა-ნაგებობები | 10 | 130 844 |
სანაგვე ურნების შეძენა-მონტაჟი | 1 | 26 600 |
სანაპირო ზოლისთვის სკამების შეძენა | 1 | 90 000 |
ნაგავშემკრები კონტეინერის შეძენა | 1 | 30 200 |
ჩაქვის იუსტიციის სახლის ეზოს კეთილმოწყობა | 1 | 87 850 |
საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოწყობა | 13 | 2 410 092 |
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები | 1 | 15 699 |
სპორტული მოედნების მოწყობა, რეაბილიტაცია | 4 | 192 145 |
კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოები | 1 | 444 521 |
საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია | 1 | 135 061 |
სულ | 86 | 14 470 641 |
უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომლისთვისაც 2014 წელს 308 002 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მომდევნო წლის ბიუჯეტში - 15 699 ლარი, 2015 წელს შეწყდა. შეწყვეტის მიზეზებზე ფაქტ-მეტრი გასული წლის სექტემბერში წერდა.
წინა შესადარებელ წლებთან მიმართებით, ქობულეთის 2016 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ოდნავ მეტი თანხა განისაზღვრა, ჯამში 17 538 700 ლარი 69 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.
ცხრილი 3:ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და მათი ღირებულება
ღონისძიებები | რაოდენობა | ღირებულება, ლარი |
საგზაო ინფრასტრუქტურა | 15 | 3 692 746 |
კომუნალური ინფრასტრუქტურა | 3 | 1 376 305 |
წყლის, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემები | 20 | 8 528 488 |
საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოწყობა | 11 | 2 126 802 |
სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია | 8 | 787 714 |
სკვერები, პარკები, მოედნები | 4 | 806 191 |
მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობები | 3 | 8 159 |
სანაგვე ურნების შეძენა | 1 | 48 670 |
სანაპიროზე სკამების მოწყობა | 1 | 4 340 |
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია | 1 | 124 284 |
მდინარე კინტრიშის გასწორხაზოვნება | 1 | 10 000 |
მუხლუხებიანი ტრაქტორის შეძენა | 1 | 25 000 |
სულ | 69 | 17 538 699 |
თუ მოცემული ცხრილების მიხედვით ვიმსჯელებთ, 2014-2016 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე სულ 44 210 264 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, მალხაზ რომანაძის განცხადებით, 21 500 000 ლარის ღონისძიებების განხორციელება იგეგმება, საიდანაც უმეტესი ნაწილი მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენზე ტენდერებია გამოცხადებული.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელს სულ დაგეგმილია 70 ინფრასტრუქტურული ღონისძიება. აქედან 11 უკვე დასრულებულია, 26 მიმდინარეობს, ხოლო 23 ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაზე გამოცხადებულია ტენდერი. 2017 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაგეგმილია ჯამში 21 565 869 ლარის გახარჯვა. აქედან 3 052 841 ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქობულეთში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი და მათზე გახარჯული თანხის არაეფექტურობა არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი. მაგალითად, ქობულეთის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უხარისხოდ განხორციელებული სამუშაოები, რაც ჩვენი კვლევის საგანიც გახდა. გარდა ამისა, ოპოზიციამ რამდენჯერმე ბრალი დასდო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ღონისძიების, მათ შორის, ფიჭვნარის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებისას ხარვეზების არსებობა დაადასტურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტში მილიონობით ლარი სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად იხარჯება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას საჭირო ხარისხისა და რაოდენობის წყალი მაინც არ მიეწოდება და ეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისთვისაც ცნობილია.თუმცა, ხელისუფლება არასათანადოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე კომენტარისას ყოველთვის ხარვეზების სწრაფ გამოსწორებაზე საუბრობს.
დასკვნაროგორც გაირკვა, გასულ სამ წელიწადში ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 44 210 264 ლარი დაიხარჯა. 2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი 21 565 869 ლარია განსაზღვრული, საიდანაც 3 052 841 უკვე გახარჯულია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რომ თუ გასულ სამ წელიწადში დახარჯულ თანხას მიმდინარე წლის გეგმას დავუმატებთ, 65 776 133 ლარს მივიღებთ და არა 85 000 000 ლარს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მალხაზ რომანაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.