21 თებერვალს ქობულეთის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძემ ქობულეთში დასრულებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ხარისხზე ისაუბრა და განაცხადა:

„ქობულეთის სადგურის მოედნის მოსაწესრიგებლად დაიხარჯა მილიონამდე ლარი, თუმცა ხედავთ, რა მდგომარეობაა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ჩვენ აღნიშნულ პრობლემას ჯერ კიდევ გასულ წელს მივაქციეთ ყურადღება. გაირკვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ჯ-ლაინს“ შორის ხელშეკრულება გასული წლის 10 მარტს, 528 000 ლარზე გაფორმდა. შემსყიდველ კომპანიას უნდა შეესრულებინა სადემონტაჟო სამუშაოები ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის შემდეგ კი მოაწყობდა სანიაღვრე სისტემას, ბეტონის საფარს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარებს, უსაფრთხოების კუნძულს, დეკორატიულ ფილებს უსაფრთხოების კუნძულზე, ტროტუარსა და საფეხმავლო გადასასვლელებზე, დეკორატიულ მოაჯირებსა და მწვანე კორდს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 120 დღე განესაზღვრა. სამუშაოები გასული წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. როგორც აღმოჩნდა, შპს „ჯ-ლაინმა“ სამუშაოები იმდენად უხარისხოდ შეასრულა, რომ უკმაყოფილება ვერც გამგეობამ დამალა.

ამის შემდეგ კომპანია დაჯარიმდა და ხარვეზის გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის იმჟამინდელმა მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ მაშინ ფაქტ-მეტრთან განაცხადა, რომ კომპანია „ჯ-ლაინს“ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა 2016 წლის 15 სექტემბრამდე ჰქონდა. იმ დროს ჩვენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის უფროსს, ზაზა კაიკაციშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ასფალტის საფარი გასწორდა და იმ ეტაპზე გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობდა, ხოლო კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს იხდიდა. გამგეობის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას "დღე-დღეზე ელოდებოდნენ".

პრობლემა კი, მოგვარების ნაცვლად, კიდევ უფრო გაღრმავდა, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე აცხადებს,

რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ კომპანიას შესრულებული სამუშაოები არ ჩაუთვალა, თუმცა დასკვნა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე უნდა ჰქონოდათ, ჯერაც არ მიუღიათ. გამგებელი ამბობს, რომ ამ დასკვნას „დღე-დღეზე მოიტანენ“, რის საფუძველზეც გამგეობა წერილობით მიმართავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რადგან აღნიშნული მონაკვეთი ცენტრალური გზის ნაწილია. ამის შემდეგ, ასფალტი ხელახლა უნდა დაიგოს.

ქობულეთის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ჯ-ლაინს“ ბიუჯეტიდან ჩარიცხული აქვს 483 913 ლარი. შემსყიდველმა ჩათვალა, რომ კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოები სწორედ ამ ღირებულების იყო და საერთო მოცულობის 83%-ს შეადგენდა. თუმცა, გამგეობამ კონტრაქტორს ხარვეზების არსებობაზეც მიუთითა და მათ აღმოსაფხვრელად ვადა 2016 წლის 16 ოქტომბრამდე მისცა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ფირმას 2016 წლის 18 ოქტომბერს ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება და პირგასამტეხლოს სახით 44 211,48 ლარის გადახდა დაეკისრა.

 გამოდის, რომ ბიუჯეტიდან მიღებული თანხა ფირმამ მთლიანად აითვისა და პირგასამტეხლოს სახით უკან ამ თანხის 9% დააბრუნა. სამწუხაროდ, ფაქტ-მეტრმა დღემდე ვერ მოახერხა ექსპერტიზის დასკვნის მოპოვება, რომლიდანაც გაირკვეოდა, თუ რის საფუძველზე ჩათვალა მუნიციპალიტეტმა სამუშაოების 83% შესრულებულად. მუნიციპალიტეტის განმარტებით, იანვარ-თებერვალში უხვთოვლობამ და ყინვამ ასფალტის საფარი დააზიანა. ვინაიდან ამ დროისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო, საგარანტიო ვალდებულებათა ფარგლებში ვერ მოხერხდა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. ქობულეთის გამგეობა გვატყობინებს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ასფალტი დაიგება და ამ სამუშაოებს, ცენტრალური მაგისტრალის მოვლა-შენახვის ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ფაქტ-მეტრი შპს „ჯ-ლაინის“ წარმომადგენელ ზაზა ჯაყელსაც დაუკავშირდა და შესრულებული სამუშაოების ხარვეზების მიზეზებზე ესაუბრა. მისი თქმით, ასფალტზე ბზარები თავიდანვე გაჩნდა და კომპანიამ გამგეობას ექსპერტიზის დანიშვნა სთხოვა, რათა ხარვეზების მიზეზები დაედგინა. შპს „ჯ-ლაინს“ ორი ქვეკონტრაქტორი ჰყავდა, რომელთაგან ერთი ასფალტის მიწოდებელი იყო, ხოლო მეორე გზის დამგები. ამიტომ, ექსპერტიზას უნდა დაედგინა, რომელი მათგანის მიზეზით გაჩნდა პრობლემა. როგორც ზაზა ჯაყელმა გვითხრა, გამგეობამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და კომპანიას 2016 წლის სექტემბერში (გამგეობამ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2016 წლის 10 ოქტომბერი დაასახელა, ხოლო ოფიციალური დოკუმენტებით, ეს თარიღი 18 ოქტომბერია) ხელშეკრულება შეუწყვიტა. სანამ სახელშეკრულებო პირობებში იმყოფებოდა, მიმწოდებელი ექსპერტიზას თვითონ ვერ დანიშნავდა. ამ ეტაპზე, ზაზა ჯაყელის თქმით, მათ სასამართლოს მიმართეს და, ასევე, ექსპერტიზის ჩატარებაც მოითხოვეს. კომპანია ექსპერტის დასკვნას უახლოეს მომავალში ელოდება. დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, ვისი ბრალია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ზაზა ჯაყელი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ხარვეზებით შესრულებული გზის საფარი უხვთოვლობამ და შემდეგ გაწმენდითმა სამუშაოებმა კიდევ უფრო დააზიანა. მისი განცხადებით, თავის დროზე გამგეობა ექსპერტიზის ჩატარებაზე რომ დათანხმებულიყო, ხარვეზების გამოსწორება გაცილებით გაადვილდებოდა.

ჩვენ განცხადების ავტორს, ბონდო თედორაძესაც დავუკავშირით და ვთხოვეთ აეხსნა, თუ რომელ მონაცემებზე დაყრდნობით ასახელებდა ის მილიონ ლარამდე თანხას, რომელიც, მისი თქმით, ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის დაიხარჯა. თედორაძის განმარტებით, მან იგულისხმა, რომ გამგეობას მოუწევს ახალი ტენდერის გამოცხადება და თანხის დახარჯვა ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. „ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რომ გააკეთოს და არა გამგეობამ, საერთო ჯამში მაინც მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება და ორივე შემთხვევაში ეს ხალხის ფულია“, - განაცხადა ბონდო თედორაძემ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თედორაძე თავის განცხადებაში უკვე გახარჯულ მილიონამდე ლარზე საუბრობდა და დამატებით ხარჯებზე მინიშნება არ გაუკეთებია.

დასკვნა ბონდო თედორაძის განცხადებით, ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად გამგეობამ მილიონ ლარამდე გადაიხადა, მაგრამ სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. ფაქტ-მეტრის კვლევის თანახმად, კომპანია „ჯ-ლაინთან“ ხელშეკრულება 528 000 ლარზე გაფორმდა, ხოლო ქობულეთის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციითა და ოფიციალური დოკუმენტით დასტურდება, რომ კომპანიას არა მილიონი, არამედ 483 913 ლარი ჩაერიცხა (ასევე, მოგვიანებით, კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ 44 211 ლარის გადახდაც დაეკისრა). სამუშაოები კი, მართლაც უხარისხოდ არის შესრულებული,

რასაც გამგეობაშიც ადასტურებენ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბონდო თედორაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი