„საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა”.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6.351 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება. თუ გადავხედავთ, როგორი იყო ქვეყანაში ვიზტორთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, ვნახავთ, რომ 2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა 2014 წელს პროცენტული ზრდის ტემპი მკვეთრად (2.3%-მდე) შემცირდა, რაც გარკვეულწილად მთავრობის მიერ გატარებული არასწორი სავიზო პოლიტიკის შედეგი იყო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). 2015წლიდან ეს მაჩვენებლი კვლავ გაიზარდა და ვიზიტორთა პროცენტული ზრდის ტემპმა 7% შეადგინა. თუმცა, 2015-2016 წლების ტენდენცია 2014 წლამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით მაინც დაბალია.
გრაფიკი 1:
ვიზიტორთა რაოდენობა და პროცენტული ზრდა
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2016 წელს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან 2 715 ათასი ტურისტი (ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება) იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროდან 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სამ კვარტალში დაფიქსირებულ ზრდას და პროცენტული ზრდის ტემპს წინა წელთან შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მილიარდ დოლარს აღემატება.
ცხრილი 1:
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (ათასი აშშ დოლარი)
წლები | ოდენობა | პროცენტული ცვლილება |
2011 | 954 908 | 45% |
2012 | 1 410 902 | 48% |
2013 | 1 719 700 | 22% |
2014 | 1 787 140 | 4% |
2015 | 1 935 915 | 8% |
2016 (9 თვე) | 1 684 915 | 12% |
დასკვნა 2016
წელს საქართველოს 6.351 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც 7.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა 42% ტურისტი იყო.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროდან დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ამ დროისთვის გამოქვეყნებული არაა, თუმცა, სამ კვარტალში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მილიარდს გადააჭარბებს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.