საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის სექტორში დადებით ტენდენციებზე
ისაუბრა: „საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა”.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6.351 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება. თუ გადავხედავთ, როგორი იყო ქვეყანაში ვიზტორთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, ვნახავთ, რომ 2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა 2014 წელს პროცენტული ზრდის ტემპი მკვეთრად (2.3%-მდე) შემცირდა, რაც გარკვეულწილად მთავრობის მიერ გატარებული არასწორი სავიზო პოლიტიკის შედეგი იყო (იხ. ფაქტ-მეტრის
სტატია). 2015 წლიდან ეს მაჩვენებლი კვლავ გაიზარდა და ვიზიტორთა პროცენტული ზრდის ტემპმა 7% შეადგინა. თუმცა, 2015-2016 წლების ტენდენცია 2014 წლამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით მაინც დაბალია.
გრაფიკი 1: ვიზიტორთა რაოდენობა და პროცენტული ზრდა
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2016 წელს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან 2 715 ათასი ტურისტი (ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება) იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროდან 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სამ კვარტალში დაფიქსირებულ ზრდას და პროცენტული ზრდის ტემპს წინა წელთან შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მილიარდ დოლარს აღემატება.
ცხრილი 1: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (ათასი აშშ დოლარი)
წლები |
ოდენობა |
პროცენტული ცვლილება |
2011 |
954 908 |
45% |
2012 |
1 410 902 |
48% |
2013 |
1 719 700 |
22% |
2014 |
1 787 140 |
4% |
2015 |
1 935 915 |
8% |
2016 (9 თვე) |
1 684 915 |
12% |
დასკვნა
2016 წელს საქართველოს 6.351 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც 7.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა 42% ტურისტი იყო.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროდან დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ამ დროისთვის გამოქვეყნებული არაა, თუმცა, სამ კვარტალში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მილიარდს გადააჭარბებს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის
სიმართლე.