„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქენან კახიძემ TV 25-ის ეთერში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა: „[სოფელ] მახოს ხიდთან არის შეჩერებული მაგისტრალი. „სოკართან“ მემორანდუმი ჰქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს [გაფორმებული] და გაზიფიკაცია 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქენან კახიძის საპასუხოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ მსგავსი მემორანდუმი „სოკარ ჯორჯიასთან“ გაფორმებული არ ყოფილა. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ არსებობს აჭარის გაზიფიკაციის გეგმა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან არის შეთანხმებული. ამ გეგმაშიიმ სოფლების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა გაზიფიკაციაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში იგეგმება (შესაბამისად, ამ პროცესის 2015 წელს დასრულების ვალდებულებაზე საუბარი არ არის).
ქენან კახიძის განცხადება არ დაადასტურეს „სოკარ ჯორჯიაშიც“. აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა იმ სოფლების სია მოგვაწოდა, სადაც გაზიფიკაცია უკვე განხორციელდა. დავით ლეკიშვილმა განმარტა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2015 წლამდე გაზიფიკაციის პროცესის დასრულების ვალდებულება კომპანიას არ ჰქონია. „სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტი 2014 წელს გამართულ პრეზენტაციაზე აცხადებდა, რომ ბათუმის, ხელვაჩაურისდა ქობულეთის სრული გაზიფიკაცია 2017 წლის ბოლოს დასრულდებოდა. სამივე მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებაზე „სოკარი“ 40 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ 2007 წელს შეიქმნა. კომპანია 2017 წლამდე საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.ფაქტ-მეტრი ქენან კახიძეს დაუკავშირდა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან „სოკარ ჯორჯიას“ მიერ გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით განცხადების დაზუსტება სთხოვა. როგორც მან გვითხრა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მისი დასაბუთება და წყაროს დასახელება ვერ შეძლო.
აჭარაში „სოკარ ჯორჯიას“ ფილიალის დირექტორის დავით ლეკიშვილის ინფორმაციით, 2012 წელს აჭარაში ბუნებრივი აირის მომხმარებელი 25 ათასი აბონენტი იყო, ამჟამად კი, ეს რიცხვი 60 ათასს აღწევს. გეგმის თანახმად, ამ რიცხვს მომდევნო წელს კიდევ 12 ათასი უნდა დაემატოს. დავით ლეკიშვილის თქმით, გაზიფიცირების პროცესი არ შეჩერებულა, ამჟამად სამუშაოები სოფელ მახოსთან ახლომდებარე სოფლებში - ჭარნალსა და ახალსოფელში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მახოში გაგძელდება.
დასკვნახელვაჩაურის გაზიფიკაციის თაობაზე კომპანიასთან მემორანდუმის არსებობა აჭარის მთავრობაში, ხელვაჩაურის გემგეობასა და „სოკარ ჯორჯიაში“ არ დაადასტურეს. გეგმის მიხედვით, აჭარის სრული გაზიფიკაცია 2017 წელს უნდა დასრულდეს. ბუნებრივი აირის მაგისტრალი ამჟამად ხელვაჩაურის 21 სოფელშია გაყვანილი, 14 სოფელში კი 2016-2017 წლებში უნდა შეიყვანონ. ამჟამად, სამუშაოები სოფელ მახოსთან ახლომდებარე ორ სოფელში მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ სოფელ მახოს გაზიფიკაცია იგეგმება.
აქედან გამომდინარე, ქენან კახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.