ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა ივანე კაპანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის უფლებას ართმევს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქუთაისში რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ.
„ამ საარჩევნო წელს იუსტიციის სამინისტრომ გადასცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სია, რომელშიც არ არიან ის პირები, რომელთაც პირადობაში აქვთ დარეგისტრირებული - „მისამართის გარეშე“. ადრე ქუთაისში იყო სპეციალურად ორი საარჩევნო უბანი ამ ხალხისათვის, ახლა, თუ ისინი 1 აგვისტომდე არ მივიდნენ იუსტიციის სამინისტროში და არ დარეგისტრირდნენ, ხელისუფლება უკარგავს საკონსტიტუციო უფლებას, რასაც ჰქვია ამომრჩევლის უფლება“, - განაცხადა„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს (გარდა ამავე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა) არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს. იმისათვის, რომ პირმა აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს, აუცილებელია მას რეგისტრაცია სათანდო წესით ჰქონდეს გავლილი, ანუ ყველა წესის დაცვით მიღებულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობდეს.
იმ პირებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო სრულყოფილი რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, კერძოდ, ამა თუ იმ მიზეზის გამო არიან რეგისტრაციიდან მოხსნილნი, ფლობენ იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტს, ან არიან უმისამართოდ რეგისტრირებულნი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცალკე აღრიცხავს. ყოველი არჩევნების წინ კი, მათი არჩევნებში მონაწილეობის სპეციალური წესი დგინდება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა და 18512 მუხლიდაემატა, რომლითაც არჩევნებში ზემოხსენებული პირების მონაწილეობის წესი განისაზღვრა. აღნიშნული წესის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის, ასეთ ამომრჩევლებს პირველ აგვისტომდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია უნდა გაევლოთ.
16 ივლისს, ცესკოში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან ამომრჩეველთა სიის გადაგზავნის მეორე დღეს, სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ასეთ მოქალექეებს მოუწოდეს, კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაცია გაევლოთ. ინფორმაცია სხვადასხვა სააგენტოსმეშვეობითაც გავრცელდა.
ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, 16 ივლისის მდგომარეობით სრულყოფილი რეგისტრაცია რამდენ პირს არ ჰქონდა გავლილი და რამდენმა მათგანმა გაიარა რეგისტაცია 1 აგვისტომდე (შესაბამისი წესის თანახმად). ამის თაობაზე ინფორმაციის მოწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ვთხოვეთ.
სააგენტოს ბაზაში არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ 16 აგვისტოს მდგომარეობით, ქუთაისში რეგისტრაციიდან მოხსნილი 4 428 სრულწლოვანი მოქალაქე ცხოვრობდა, იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი 1 859-ს ჰქონდა, ხოლო მისამართის გარეშე ქალაქში 1 623 სრულწლოვანი მოქალაქე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, ქუთაისში 7 910პირი ცხოვრობდა, რომლებსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენმა ასეთმა მოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია ქუთაისში ცესკოს მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 16 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. დათქმულ დრომდე რეგისტრაცია იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის მქონე 265-მა სრულწლოვანმა პირმა და 20-მა რეგისტრაციიდან მოხსნილმა სრულწლოვანმა პირმა - სულ 285-მა ადამიანმა გაიარა. მისამართის გარეშე რეგისტრირებულ არცერთ პირს რეგისტრაცია არ გაუვლია.
ფაქტ-მეტრმა ასევე გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ე.წ. „უმისამართო“ ამომრჩეველი იყო ქუთაისში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და რა წესით შეეძლოთ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
2012წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ქუთაისში ე.წ. „უმისამართო“ 9 015 სრულწლოვანი იყო აღრიცხული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მსგავსი წესი არ მოქმედებდა. მაშინდელი საარჩევნო კოდექსით, ამ მოქალაქეებს ხმის მიცემა ქუთაისში ორ უბანზე შეეძლოთ. #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა ფაქტ-მეტრთან განმარტა, რომ 2012 წელს ე.წ. „უმისამართო“ ამომრჩევლისთვის ქუთაისში ორი უბანი არსებობდა, სადაც ისინი ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აძლევდნენ ხმას. შემდგომი არჩევნების დროს კი, ასეთ მოქალაქეებს ხმის მიცემა მხოლოდ „იუსტიციის სახლებში“ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეეძლოთ. ასეთივე წესი წელსაც მოქმედებს.
ჩვენთან საუბარში ივანე კაპანაძემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, „უმისამართო“ ამომრჩევლის სიებში შეყვანის მიზნით, არასაკმარისი სარეკლამო ღონისძიებები გაატარა.
არასაკმარისად აქტიურ სააგიტაციო კამპანიაზე სამართლიანი არჩევნების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თეონა გოგიაშვილიც საუბრობს: „ვერ ვიტყვით, რომ მათ სახელმწიფომ კონსტიტუციური უფლება წაართვა, რადგან კოდექსში შეტანილი ცვლილება მათ საარჩევნო სიაში მოსახვედრად რეგისტრაციის გავლას ავალდებულებდა. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის წესი, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა, საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო, თუმცა, აუცილებელი იყო უფრო მეტი სააგიტაციო კამპანიის წარმოება ადამიანების დასარწმუნებლად, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია".
დასკვნა
ფაქტ-მეტრის კვლევის საგანი საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ ყოფილა, ასევე არც ის, თუ რამდენად საკმარისი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ქუთაისში გამართული სარეკლამო კამპანია „უმისამართო“ ამომრჩეველთა მოსაზიდად. ფაქტია, რომ ქუთაისში რეგისტრირებული თითქმის 8 ათასი ე.წ. „უმისამართო“ და რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეთაგან 1 აგვისტომდე რეგისტრაციის გავლა და საარჩევნო სიებში მოხვედრა მხოლოდ 285-მა მოახერხა. დანარჩენ 7 910 ქუთაისში მცხოვრებ სრულწლოვანს, სხვადასხვა მიზეზით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება შეეზღუდება.
ამის გათვალისწინებით, ივანე კაპანაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.