ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველო საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ მსოფლიოს 128 ქვეყნიდან 120-ზე იყო, დღეს კი ბევრად უკეთეს პოზიციას იკავებს.
მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
კარგად დაცული კერძო საკუთრების უფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი (თუ გადამწყვეტი არა) ფაქტორია. იმას, თუ როგორ არის დაცული კერძო საკუთრების უფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს. კვლევების შედეგად ქვეყნების შესაბამისი რეიტინგები ქვეყნდება. ეკონომიკის მინისტრს არ უთქვამს, თუ რომელი კვლევის შედეგებს დაეყრდნო ის, თუმცა, მის მიერ დასახელებული რიცხვები ყველაზე ახლოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში მოყვანილ მონაცემებთან დგას. ამ კვლევის ავტორი გავლენიანი შვეიცარიული ორგანიზაცია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია (WEF).
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საკუთრების დაცვის დონის განსაზღვრას შემდეგი მეთოდოლოგია აქვს: კითხვარი საქართველოში მოქმედ ასობით ბიზნესმენს უშუალოდ ეგზავნება, სადაც მათ უნდა უპასუხონ, თუ რამდენად კარგად არის დაცული ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების უფლება საქართველოში. რესპონდენტები თავის პოზიციას 1-დან 7 ქულამდე შეფასებით გამოხატავენ. 1 ძალიან ცუდს, 7 კი ძალიან კარგს ნიშნავს.
2012წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის კვლევამ 144 ქვეყანა მოიცვა. საკუთრების უფლების დაცვაში საქართველოს 2.91 ქულა მიენიჭა და 144 ქვეყანას შორის 129-ე ადგილი დაიკავა. საკუთრების უფლების დაცვის საბოლოო ქულა ორი კრიტერიუმისგან შედგება, ცალ-ცალკეა მოცემული ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. 2012 წელს ფიზიკური საკუთრების უფლების დაცვის კუთხით საქართველო 131-ე (3.07 ქულა), ხოლო ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვით 126-ე (2.59 ქულა) პოზიციაზე იყო.
2015 წლის (2015 წელი შეფასებულია მარტი-აპრილის მდგომარეობით) კვლევამ 140ქვეყანა მოიცვა. საქართველომ საკუთრების უფლების დაცვაში 78-ე ადგილი (4.0 ქულა) დაიკავა. ფიზიკური საკუთრების დაცვით საქართველო 58-ე (4.34 ქულა), ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვით 101-ე (3.34 ქულა) პოზიციაზეა. მიუხედავად იმისა, რომ 78-ე ადგილი და 4.0 ქულა კარგად დაცული საკუთრების უფლების დონეს არ შეესაბამება, 3 წლიანი პერიოდისთვის 51 ადგილით დაწინაურება კარგი შედეგია. ფიზიკური საკუთრების დაცვაში საქართველოს პოზიცია 73-ით, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში 25-ით გაუმჯობესდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2009-2012 წლებში კერძო საკუთრების უფლების დაცვაში საქართველოს პოზიცია უარესდებოდა (ცხრილი 1).
ცხრილი 1:
საქართველოს პოზიცია კერძო საკუთრების უფლების დაცვაში გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით
2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | |
კერძო საკუთრების უფლების დაცვა | 104 | 116 | 118 | 129 | 124 | 93 | 78 |
ფიზიკური საკუთრების | 109 | 120 | 120 | 131 | 120 | 85 | 58 |
ქულა | 3.45 | 3.24 | 3.23 | 3.07 | 3.41 | 3.86 | 4.34 |
ინტელექტუალური საკუთრების | 100 | 97 | 105 | 126 | 124 | 106 | 101 |
ქულა | 2.81 | 2.87 | 2.76 | 2.59 | 2.71 | 3.05 | 3.34 |
მსოფლიოს 129 ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვის საკითხს სწავლობს ამერიკული ორგანიზაცია - საკუთრების დაცვის ალიანსი. ის პერიოდულად საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსს
აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ფასდება, თუ როგორ არის ქვეყანაში დაცული საკუთრების უფლება. 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 129 ქვეყანას შორის 95-ე ადგილი დაიკავა. მაქსიმალური 10 ქულიდან საქართველოს 4.2 ქულა აქვს, ისევე როგორც ბოლივიას, მალის, კოტ დიუარს, მოზამბიკს და ნეპალს.
აღნიშნული ინდექსი სამ ძირითად კატეგორიას მოიცავს, ესენია: სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების უფლებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს მხრივ საქართველო 59-ე, ფიზიკური საკუთრების დაცვით 68-ე, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვით 125-ე ადგილზეა. აღნიშნულ 3 კატეგორიას შეფასების ქვეკრიტერიუმები აქვს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა საავტორო უფლებების დაცვაში (1.0 ქულა), სესხზე ხელმისაწვდომობაში (2.3 ქულა) და პოლიტიკურ სტაბილურობაში (4.1 ქულა) აქვს. ყველაზე მაღალი ქულა მას ქონების რეგისტრაციასა (10 ქულა, მაქსიმალური) და კორუფციის კონტროლში (5.7 ქულა) მიენიჭა. საკუთრების დაცვის ინდექსის 2015 წლის შედეგებს გასულ წლებს ვერ შევადარებთ, რადგან 2015 წლიდან მეთოდოლოგია რადიკალურად შეიცვალა. ძველი მეთოდოლოგიით, 2012 წელს საქართველოს 130 ქვეყანას შორის 107-ე ადგილი ეკავა.
ქვეყანაში კერძო საკუთრების დაცვის საკითხს კიდევ ერთი გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია - The Heritage Foundation იკვლევს. ეს ორგანიზაცია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსსყოველწლიურად აქვეყნებს, სადაც ეკონომიკური თავისუფლების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი საკუთრების უფლების დაცვის დონეა. შეფასება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის და პრაქტიკის გაანალიზებით ხდება. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა სწორედ ამ კრიტერიუმში აქვს. 2010-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოს შეფასება ფაქტობრივად არ შეცვლილა და 100-დან 40 ქულა ენიჭება. 40 ქულა იმას ნიშნავს, რომ საკუთრების დაცვის მხრივ სასამართლო სისტემა ძალიან არაეფექტურია. ამასთან, საქმის განხილვა იმდენად გვიანდება, რომ სასამართლოსთვის მიმართვისგან თავის შეკავება ხდება. ასევე, არის კორუფცია და მოსამართლეები მთავრობის სხვადასხვა შტოების გავლენის ქვეშ არიან. აგრეთვე, დაშვებულია ქონების ექსპროპრიაცია.
დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი თავის განცხადებაში გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლების დაცვის მხრივ, 2012 წელს, 144 ქვეყანას შორის საქართველოს 129-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2015 წლისთვის 78-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ინდექსში საკუთრების უფლების დაცვის საკითხის შესწავლა უშუალოდ ბიზნესმენების გამოკითხვით ხდება.
ბოლო სამ წელიწადში 129-დან 78-ე პოზიციაზე გადასვლა ტენდენციის თვალსაზრისით ცალსახად კარგი შედეგია, თუმცა არც ამ პოზიციაზე ყოფნა ნიშნავს საკუთრების უფლების დაცვის მაღალ დონეს და ეს საკითხი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამას აჩვენებს სხვა ინდექსებიც, მაგალითად, საკუთრების უფლების დაცვის საერთაშორისო ინდექსი, რომელიც აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო ღრმად სწავლობს. საქართველოს ამ ინდექსში 129 ქვეყანას შორის 95-ე ადგილი უჭირავს. ხოლო, ეკონომიკური თავისუფლების დაცვის ინდექსში საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა სწორედ საკუთრების უფლებების დაცვაში აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება კონკრეტულ ინდექსში პროგრესთან დაკავშირებით სიმართლეა, საკუთრების უფლების დაცვის გაუმჯობესების შეფასებაში ფაქტ-მეტრი სხვა ინდექსების შედეგებსაც ითვალისწინებს და ასკვნის, რომ მინისტრის შეფასება არის მეტწილად სიმართლე.