რუსთავი 2-სა და ქიბარ ხალვაშს შორის არსებული სასამართლო დავა ბოლო თვეების ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი მოსამართლის მიერ 5 ნოემბერს გამოტანილმა განჩინებამ გამოიწვია, რომელიც სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ სასამართლოს მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად იქნა აღქმული. ფაქტ-მეტრი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებდა (იხ. სტატიები ამავე თემაზე: სტატია 1, სტატია 2, სტატია 3). 2015 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი კოლეგიის საოქმო ჩანაწერით განსახილველად მიიღო შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ზ" ქვეპუნტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სარჩელის ავტორთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დროებით შეაჩერა ამ მუხლის მოქმედება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა.

შედეგად, ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი 2-ს შორის სამოქალაქო დავის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება გამოირიცხა. 3 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დაკმაყოფილდა მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და რუსთავი 2-ის წილების მის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ.

მოპასუხე მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასასაჩივრებლად მზადება დაიწყო. თუმცა, მათთვის მოულოდნელად, 5 ნოემბერს, საჯარო რეესტრში 17:45 საათზე შესული განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღება. განჩინების მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე იმ დროისთვის უფლებამოსილ პირებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე (ყველა ინსტანციის ამოწურვამდე) უფლებამოსილებები შეუჩერდათ და მათ ნაცვლად, კომპანიის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღება, უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ "დროებითი მმართველის" გამოყენება და დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის დანიშვნა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის გადაცემული. ვინაიდან რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შეჩერების შედეგად დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდებოდა, ამიტომ ქიბარ ხალვაშმა დამატებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენება და კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნა მოითხოვა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ კი 2015 წლის 10 ივლისის განჩინებაზე მიუთითა. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ "გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს". ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დაცული იყოს გონივრულობის ფარგლები. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს პრაქტიკულად ყველა სახის ქმედება შეზღუდული ჰქონდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია

ამ თემაზე).

სახალხო დამცველის შეფასებით,

 არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ დროებითი მმართველობის გამოყენებას არც საქართველოს სასამართლო პრაქტიკა იცნობს.

სასამართლომ განჩინებაში ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს მიერ მიღებული "სამართლებრივი ტესტი" წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, დროებითი მმართველის დანიშვნისათვის შემდეგი წინაპირობები უნდა არსებობდეს:

  1. იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი უფლების დაცვას;
  2. არ უნდა არსებობდეს სხვა ადეკვატური ღონისძიების გამოყენების საშუალება;
  3. ამ ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს მხარისათვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე.

აღსანიშნავია, რომ წინაპირობები კუმულატიური ხასიათისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ დროებითი მმართველის დანიშვნისთვის სამივე გარემოება უნდა არსებობდეს და მხოლოდ ერთის არსებობა საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, სასამართლომ მხოლოდ იმ "საფრთხეებზე" იმსჯელა, რომელიც კომპანიას არსებული მმართველობის რეჟიმის შენარჩუნებით ემუქრებოდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სატელევიზიო კომპანია მრავალი ღირებული მოძრავი ქონების მფლობელია. მას, სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, ესაჭიროება სხვადასხვა სახის მოძრავი ნივთი - ძვირადღირებული აპარატურა, რომლის გარეშეც ის მოკლებული იქნება მისი საქმიანობის განხორციელებისა და, შესაბამისად, მოგების მიღების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიმდინარე წლის 5 აგვისტოსა და 29 სექტემბერს ყადაღა დაედო არა მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის უძრავ-მოძრავ ქონებას, არამედ მისი 51%-იანი წილის მქონე კომპანიის - "ტელეკომპანია საქართველოს" ქონებასაც. შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ იყო ის ღონისძიებები არაადეკვატური ქონების დაცვის მხრივ და რა შეუქცევადი ზიანი შეიძლება გამოეწვია დროებითი მმართველის არდანიშნვნას.

გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მითითებით, არსებობდა გარკვეული საფრთხე, რომ დროებითი მმართველის დაუნიშნაობას გარკვეულწილად შეეცვალა მოპასუხის საქმიანობის ფორმატი, გაუქმებულიყო ან/და მოდიფიცირება განეცადა რამდენიმე, მათ შორის რეიტინგულ გადაცემას. ასევე აღინიშნა, რომ რუსთავი 2-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე იქნებოდა გადატანილი. ეს კი, არა მხოლოდ უარყოფითად აისახებოდა საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ სერიოზულ საფრთხეს შექმნიდა, რომ მედიას თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება დაეკარგა - იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მედიას ევალებოდა გაეშუქებინა ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს ეხება და მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციას გამორიცხავდა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მიხედვით, "მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია". ტელეკომპანია რუსთავი 2 არის კერძო კომპანია, ის თავისუფალია სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში და სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ტელეკომპანიას რაიმე სახის ინფორმაციის გაშუქება მოსთხოვოს. შესაბამისად, განჩინების დასაბუთების ამ ნაწილში ცალსახად იგრძნობა, რომ მოსამართლისთვის პრობლემას კომპანიაში არსებული სარედაქციო პოლიტიკა წარმოადგენს. ამასთან, მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოშობს ტელეკომპანიის მიერ აღებული კურსი მოსარჩელე მხარისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეს.

სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასებით, იმაზე მსჯელობა, თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა რუსთავი 2-მა და მისი ობიექტურობის შეფასება, სასამართლოს მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად აღიქმება.

ასევე, კითხვები გააჩინა დროებითი მმართველის ნეიტრალურობამ და დამოუკიდებლობამ. სასამართლოს განმარტებით, დროებითი მმართველი მხარეებისგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირია, რომელიც დავაში უშუალოდ ჩართული არ არის, არ გააჩნია დავის საგანთან მიმართებით არანაირი პირადი ქონებრივი ინტერესი და მისი უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა/შენარჩუნებაა. მხარემ, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნას ითხოვს, უნდა აჩვენოს, რომ ეს ხელსაყრელია ერთი ან ორივე მხარის ინტერესებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარეს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია დროებითი მმართველის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით და არ შეეძლო წარმოედგინა მისთვის სასურველი პირი ან გამოეთქვა მოსაზრება მოსარჩელის მიერ დასახელებულ პიროვნებაზე, მოსამართლეს მოპასუხის ინტერესები მაქსიმალურად უნდა დაეცვა და წარდგენილი კანდიდატურა მისი გადმოსახედიდანაც შეეფასებინა. თუმცა, მოსამართლემ არა მხოლოდ ინტერესების დაბალანსებაზე თქვა უარი, არამედ საერთოდ არ იმსჯელა დროებითი მმართველის დამოუკიდებლობასა და ნეიტრალურობაზე.

ამასთან, როგორც განჩინებით ირკვევა, მოსარჩელემ მხოლოდ ერთი დროებითი მმართველის დანიშვნა მოითხოვა, მოსამართლემ კი დროებით მმართველად, რევაზ საყევარიშვილის გარდა, დავით დვალიც დანიშნა. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დააზუსტა, მათ დამატებით წარადგინეს დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის მოთხოვნაც, თუმცა განჩინებაში ამის მითითება არ მომხდარა.

ფაქტ-მეტრმა, ნეიტრალურობის თვალსაზრისით, დავით დვალის გაკეთებული განცხადებებიც გააანალიზა. ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ (4 აგვისტო) სარჩელისაღძვრას, რუსთავი 2-ის დამფუძნებელი და ყოფილი პარტნიორი დავით დვალი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 2004

წელს კომპანიის 30% მას დაათმობინეს, რომელიც იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს მიჰყიდეს. "ქიბარ ხალვაში ახლა ჩივის ზუსტად იმავე თემაზე და მიაჩნია, რომ მასაც უსამართლოდ წაართვეს რუსთავი 2, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ქიბარის პრეტენზიები არ იკვეთება ჩვენს პრეტენზიებთან. როცა ვამბობ "ჩვენ", მე ვგულისხმობ ჩემი და ჯარჯის კუთვნილ 30-30%-ს, ანუ 60%-ს. ამიტომ, მგონია, რომ ხალვაშის პრეტენზიები ეხება დანარჩენ წილს და არა ჩვენს წილებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვართვეს და მას გადასცეს".

დავით დვალმა მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. "თუ ხალვაში მოიგებს პროცესს, უამრავი ვარიანტია მოვლენების განვითარების: ვიდავოთ, შევრიგდეთ ან დაგვიბრუნოს". როგორც ჩანს, პროცესის დასასრულისთვის დავით დვალმა მორიგების გზა ამჯობინა, შედეგად კი, ხალვაშისგან საჯარო დაპირება

მიიღო, რომლის მიხედვითაც, დავის ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში კომპანიის წილების ნახევარი მას და ჯარჯი აქიმიძეს დაუბრუნდებათ.

როგორც ვხედავთ, დავით დვალს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დაუმალავს ამ დავისადმი მისი პირადი ქონებრივი ინტერესი. მოსამართლისთვის ასევე ცნობილი იყო მოპასუხე მხარის ნეგატიური დამოკიდებულება

 იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სასამართლომ ნეიტრალურ ფიგურად გამოაცხადა.

ასევე საყურადღებოა მოსამართლის მიერ გამოტანილი 17 გვერდიანი განჩინება, რომელიც აშშ-ის პრაქტიკით იყო გაჯერებული. მოსამართლე ურთმელიძეს მოუწია სრულიად ახალი ინსტიტუტის შესწავლა, რომლის გამოყენების პრაქტიკაც საქართველოში არ არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაჩნდა შეკითხვა, თუ რამდენად რეალური გახლდათ მცირე დროში მსგავსი კვლევის ჩატარება. ამასთან, განჩინების ნაჩქარევად მიღებაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ მოსამართლემ ამა თუ იმ საკითხსა და ინსტიტუტზე მხოლოდ თეორიულად იმსჯელა და კონკრეტულ შემთხვევაში მათი გამოყენების მიზანშეწონილობაზე არაფერი თქვა, რაც ზოგადად დასაბუთების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

2015 წლის 6 ნოემბერს რუსთავი 2-ის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის მიმართეს, რომელსაც თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება ეყრდნობოდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმების შეჩერება მოითხოვეს. ამის პარალელურად, 2015 წლის 12 ნოემბერს მოსამართლე ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების საჩივარი 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დავით დვალს ჩამოერთვა დროებითი მმართველის სტატუსი, ხოლო რევაზ საყევარიშვილს შეუჩერდა უფლებამოსილება განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით,

ეს განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. კერძოდ, ეს იყო მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეჩევენებინათ, რომ პრობლემა ამოწურულია და ნორმის შეჩერების აუცილებლობაც აღარ არსებობს. ნორმის შეუჩერებლობის შემთხვევაში კი მოსამართლე ურთმელიძეს შეეძლო ახალი განჩინებით მდგომარეობის ისევ ქიბარ ხალვაშის სასიკეთოდ შეცვლა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ 13 ნოემბერს რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო და სადავო ნორმები საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. თუმცა, ნორმის შეჩერების შემდეგ 5 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე ჯერ არ უმსჯელიათ. ამჟამად, საჯარო რეეტრის მონაცემებზე

დაყრდნობით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები კვლავ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია არიან.

მართალია რუსთავი 2-ის ირგვლივ არსებული მდგომარეობა დროებით განიმუხტა, თუმცა დავა ამით არ დასრულებულა. საზოგადოებას ამ საქმის ირგვლივ წინ ელის სასამართლო პროცესები სააპელაციო, უზენაეს და საკონსტუტიციო სასამართლოებში.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი