მიმდინარე წლის 10 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავა შეაფასა

და განმარტა, რომ აღნიშნულის ერთადერთი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში პრობლემების შექმნაა. ბოკერიას თქმით, დვალი, აქიმიძე და ხალვაში "რუსთავი 2" -ის ჩახშობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, ივანიშვილის გეგმის შემადგენელი ნაწილები არიან. "ივანიშვილმა ამ გეგმის თაობაზე, ამ კონკრეტული პირების გამოყენებით, არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, აღუთქვა მათ მხარდაჭერა და პრაქტიკულად ამ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. იგივე გააკეთა კალაძემ, იგივე გააკეთა ღარიბაშვილმა. სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული, იმიტომ, რომ ელემენტარულ ნორმებს არღვევს, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით" - განაცხადა ბოკერიამ.

ფაქტ-მეტრი ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ქრონოლოგიურად მიჰყვა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები გააანალიზა.

არსებული მონაცემებით, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის მოქმედ მფლობელებს შორის წილები შემდეგნაირად ნაწილდება: ლევან ყარამანიშვილი - 22%, გიორგი ყარამანიშვილი - 18%, ტელეკომპანია საქართველო - 51% და ნინო ნიჟარაძე - 9%.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით პრეტენზიები არაერთხელ გამოთქვა.

მან ტელეკომპანია სიცრუის ტირაჟირებაში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში და მათი იდეოლოგიის გატარებაში მრავალჯერ დაადანაშაულა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ერთის მხრივ ეროსი კინწმარიშვილი, დავით დვალი და აქიმიძე, მეორეს მხრივ კი ქიბარ ხალვაში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და ამბობდნენ, რომ მათ წილები უსამართლოდ წაართვეს. მან ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელების მხრიდან წილების დაბრუნების მოთხოვნა დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ მისი გადმოსახედიდან სწორედ ისინი არიან ტელევიზიის რეალური მესაკუთრეები.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ, იმედი გამოთქვა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" თავის რეალურ მესაკუთრეს დაუბრუნდებოდა. ასევე, 2014 წლის 11 მაისს კალაძემ განაცხადა: "ძალიან ცუდია, რომ "რუსთავი 2" ისევ აგრძელებს იმ 9 წლიან სამარცხვინო მოღვაწეობას, სიბინძურის პროპაგანდას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, რომ ეს აუცილებლად დასრულდება". ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის მიმართ უკმაყოფილება საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოხატა და არხი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულა. ჟურნალისტებთან ერთ-ერთი საუბრის დროს კი, მან არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას პრინციპულად არ უპასუხა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" კრიტიკის საგანი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენელების მხრიდანაც არაერთხელ გამხდარა.

მიმდინარე წლის მარტში, ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ, "რუსთავის 2" -ის ჟურნალისტის კითხვას მუქარით უპასუხა. "საერთოდაც, ფრთხილად იყავით, ციხეში არ მოხვდეთ, იმდენად არაობიექტურები ხართ" - თქვა დეპუტატმა. მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, "რუსთავი 2" -ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა

და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2" -ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატების განმარტებით, "2006 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ზეწოლით, ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2" -ის წილი დაათმობინეს".

5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის მფლობელთა წილებს და "რუსთავი 2" -ის ქონებას ყადაღა სრულად დაედო. ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ს დავის საბოლოო დასრულებამდე მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება, ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა და საბანკო აქტივობების განხორციელება ეკრძალება. იძულებით დადებული გარიგებების გასაჩივრების წესებს "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი" არეგულირებს. კოდექსის 89-ე მუხლი განმარტავს,

რომ "იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს იძულების დამთავრების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში". ამავე კოდექსის 132-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეჩერება შესაძლებელია, თუ "სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა". იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე მხარე სასამართლო დავას იმ ხელისუფლების პირობებში ვერ წამოიწყებდა, რომელსაც ის წილების იძულებით დათმობაში ადანაშაულებს, მას ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოსთვის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ერთი წლის ვადაში მაინც უნდა მიემართა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მან მოქმედი ხელისუფლების პირობებში არაერთხელ მიმართა პროკურატურას, როგორც "რუსთავი 2" -ის, ისე სხვა ქონების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ინფორმაცია იმის შესახებ, შესულია თუ არა პროკურატურაში ქიბარ ხალვაშის საჩივარი, "მედიის განვითარების ფონდმა" გამოითხოვა. პასუხში ნათქვამია, რომ პროკურატურა მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოკლებულია.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განმარტებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ წამოწყებული დავა პოლიტიზებულია და მას არავითარი კავშირი დარღვეული უფლების აღდგენასთან არ აქვს. გვარამიას თქმით, ეს არის სქემა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2" -ს უტევს. "რუსთავის 2" -ის მიმართ წამოწყებული დავის პოლიტიზებაზე საუბრობს ოპოზიციაც. მმართველი გუნდი კი, საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა და ამაში მთავრობის ჩართულობა და როლი ნულის ტოლია. არასამთავრობო სექტორი ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გარშემო განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე მიუთითებდა. 10 აგვისტოს "რუსთავი 2" -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც შეაფასა. "

საია" მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არა მხოლოდ ორი კერძო სუბიექტი, არამედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე.

"რუსთავი 2" -თან დაკავშირებით 14 აგვისტოს განცხადება

სახალხო დამცველმაც გაავრცელა. ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლომ საკუთრების უფლება იმ მოცულობით შეზღუდა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას, შეაფერხოს ანაზღაურების გაცემა, ჟურნალისტების დასაქმება, ახალი გადაცემების ეთერში გაშვება და ა.შ. აღნიშნული მდგომარეობა კი, შესაძლოა შემაფერხებელი აღმოჩნდეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისა და მედიის თავისუფლებისთვის.

11 აგვისტოს, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა: "

სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს "რუსთავი 2" -ის თავისუფლად მუშაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული, გადაჭარბებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს საქართველოში. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი ქვეყანაში".

17 აგვისტოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმაც შეაფასა. Media.ge-თან საუბარში მან განაცხადა: "წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს". ბერლინერმა ხელისუფლებას სასამართლო პროცედურების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით, "

რუსთავი 2" -თან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება შეერთებული შტატების ხელისუფლებისა და საელჩოს ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს.

17 სექტემბერს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავის 2" -ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 5 აგვისტოს სასამართლო განჩინება ძალაში დატოვა. ზაფხული განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა მედიასივრცისთვის. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იმედმა" ორი თოქშოუ "რეაქცია" და "იმედის კვირა" დროებით შეაჩერა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაცემების დახურვის მიზეზად ფორმატის ცვლილება დაასახელა. თავად გადაცემების წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ კი, თოქშოუების დახურვა პოლიტიკურ ზეწოლას დაუკავშირა. ტელეკომპანია "იმედის" პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის თოქშოუ "პირველი სტუდიაც" დაიხურა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩევლის, ბასა ჯანიკაშვილის განცხადებით, ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას (მან "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე იქორწინა) და ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. თუმცა, როგორც თავად წამყვანი განმარტავს, ის ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმშია და მას გადაცემის დახურვის შესახებ ოფიციალურად არავინ გასაუბრებია. ქართულ მედიაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. "შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როდესაც მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს, მით უფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ" - ნათქვამია

განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინიციატივით, 21 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა ბოლო დროს ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენები იყო. ეკა გიგაურის განმარტებით, განსაკუთრებით პრობლემურია პოლიტიკური თოქშოუების დახურვა და ამ კუთხით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფორმაცია უშუალოდ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან მიიღონ.

დასკვნა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. მან ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებს მხარდაჭერაც გამოუცხადა და განმარტა, რომ მისი შეფასებით, სწორედ ისინი არიან კომპანიის რეალური მფლობელები. ვიცე-პრემიერი კახაკალაძე საზოგადოებას დაპირდა, რომ იმ "სიბინძურის პროპაგანდა" რომელსაც "რუსთავი 2" აგრძელებდა, აუცილებლად დასრულდებოდა. "რუსთავი 2" -ის მიმართ უკმაყოფილება მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც არაერთხელ გამოხატეს.

"

რუსთავი 2" -ის მიმართ წამოწყებულ სასამართლო დავაში პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები. აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილება და შეშფოთება გამოხატეს სახალხო დამცველმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.

ფაქტ-მეტრი ყურადღებით დააკვირდება ბოლო პერიოდში ქართულ მედიაში განვითარებულ უარყოფით მოვლენებს. მათ შორის, აქტიურ მონიტორინგს გაუწევს ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის სასამართლო პროცესებს და გააგრძელებს საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებას.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი