მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. "ხალვაშის სარჩელი ივანიშვილის დაკვეთით რომ არის, ეს ვიცით, მაგრამ თუკი მას სურს "რუსთავი 2" დაიბრუნოს, ყადაღის არსი უნდა იცოდეს - ის რომ არ მოხდეს ფულის გადინება. ამ ხელშეკრულებით ფული შემოდიოდა "რუსთავი 2"-ში და კომპანიის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. რა ლოგიკა არსებობს იმაში, რომ ხალვაშს სურს "რუსთავი 2"-ის გაკოტრება? მთელი ამ პროცესის მიზანი "რუსთავი 2"-ის ნეიტრალიზებაა" - განაცხადა ბოკერიამ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით განჩინება გამოიტანა, რომლითაც "რუსთავი 2"-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ყადაღა დაედო, დირექტორებსა და მეწილეებს კი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, მათ შორის კომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, წესდებაში ცვლილება და ა.შ. შეეზღუდათ. შედეგად, "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის განცხადებით, ტელეკომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და მისი გამართული ფუნქციონირება საფრთხის წინაშე დადგა.

29 სექტემბერს "

რუსთავი 2"-ის წილის 51%-ის მფლობელ "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორებსა და ბიზნესმენ დიმიტრი ჩიქოვანს შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, დიმიტრი ჩიქოვანს "ტელეკომპანია საქართველოში" 100%-იანი წილი უნდა შეეძინა, ხოლო სანაცვლოდ, "რუსთავი 2"-ში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ქიბარ ხალვაშის ავდოკატის, პაატა სალიას განცხადებით,

 ადგილი ჰქონდა ფიქტიურ გარიგებას, რომლის მიზანიც კომპანია "რუსთავი 2"-ის გაკოტრება და ფინანსური ვალდებულებებით ხელოვნურად დატვირთვა იყო. საბოლოო ჯამში, იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაში მესაკუთრე გახდებოდა, ამ თანხას ინვესტორი უკან მოითხოვდა და ტელეკომპანიას გააკოტრებდა.

აღსანიშნავია, რომ "ტელეკომპანია საქართველოსა" და დიმიტრი ჩიქოვანს შორის დადებული გარიგება მხოლოდ ერთი მხარისთვის, შემძენისთვის ვალდებულების დაკისრებას ითვალისწინებს. კერძოდ იმას, რომ შემდგომში "რუსთავი 2"-ის კაპიტალში გარკვეული გრაფიკის მიხედვით 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება (3 მილიონის ინვესტირება 2015 წლის დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილი 3 მილიონის ინვესტირება არაუგვიანეს 2017 წლის 1 თებერვლისა ("მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში")) უნდა განხორციელებულიყო. ამ გარიგების თანახმად, "რუსთავი 2" არანაირ ვალდებულებას არ კისრულობს. შესაბამისად, შემდგომში რაიმე სახით ინვესტორის მიერ ინვესტირებული ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნაც გამოირიცხება. აგრეთვე, "რუსთავი 2"-სთვის ვალდებულების დაკისრების შემცველი გარიგების დადება სასამართლო განჩინების თანახმად უკვე აკრძალული იყო, შესაბამისად ზედმეტი ვალდებულების აღების საფრთხე ვერ დადგებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, ყადაღა სარჩელის უზურნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა. ყადაღის საფუძველზე, მესაკუთრეს ეკრძალება ქონების განკარგვა - ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ბათილად ჩაითვლება.

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია კომპანია დავის პერიოდში გაკოტრდეს, რადგან ის ვერ დაკარგავს იმ ქონებას, რომელსაც ყადაღა ადევს და ვერც დამატებით ვალდებულებებს აიღებს. თუმცა, თუკი მას არ ექნება ფუნქციონირების გაგრძელებისთვის საჭირო სახსრები, შეიძლება დავის დასრულებისას მხოლოდ ამ დაყადაღებული ქონების ამარა დარჩეს. ამდენად, ცხადია, რომ კომპანიის ფუნქციონირება და მით უმეტეს მისი კაპიტალის ზრდა, მოსარჩელის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

გიგა ბოკერიას თქმით, ქიბარ ხალვაში ამ კერძო სამართლებრივ დავაში კერძო პირს არ წარმოადგენს და მის უკან სახელმწიფო დგას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს. მისი მოსაზრებით, ამას საჯარო რეესტრისა და სასამართლოს მოქმედებებიც ასაბუთებს, რამაც "რუსთავი 2"-ის კაპიტალის შევსება შეუძლებელი გახადა.

სახელმწიფოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმიანობაში ხელშეშლის კონტექსტში განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის (მოსამართლე "რუსთავი 2"-ის საქმეზე) დედის შესახებ გახმაურებულ ფაქტს. როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურამ მდინარა გიორგობიანის წინააღმდეგ სსკ-ის 118-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დაიწყო. ინციდენტი მდინარა გიორგობიანსა და მის სიძეს შორის 2014 წლის 7 იანვარს მოხდა, ხოლო ვალერიან სილაგაძე (სიძე) 2015 წლის 24 სექტემბერს ცნეს დაზარალებულად, ბრალის წარდგენა კი 12 ოქტომბერს მოხდა. პროკურატურის განცხადებით,

მათ ანალოგიურ საქმეებზე სისხლის სამართლის პოლიტიკით დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით იმოქმედეს და ოჯახის წევრებს შეგნებულად მისცეს შესარიგებლად 1 წელი და 8 თვე. ვინაიდან ამ დროის განმავლობაში მხარეების მორიგება ვერ მოხერხდა, მათ 24 სექტემბერს ვალერიან სილაგაძე დაზარალებულად ცნეს.

პროკურატურის განცხადებაში ასევე მოყვანილია სტატისტიკა,

 რომლის მიხედვითაც, 118-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაწყებული გამოძიებიდან 2014 წელს მხოლოდ 11%-ზე, ხოლო 2015 წელს 15%-ზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ეჭვს აქ სწორედ ის ფაქტი აჩენს, რომ თუკი 80-90% საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ მოხდა, რატომ დაიწყო მაინცდამაინც ამ საქმეზე დევნა და რატომ ემთხვევა დევნის დაწყება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გახმაურებულ საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. პროკურატურის მიერ მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ წარმოებული საქმე "რუსთავი 2"-ისა და საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც ქიბარ ხალვაშსა და "რუსთავი 2"-ს შორის წარმოებულ დავაში სახელმწიფოს მიერ მოსამართლეზე ზეწოლის იარაღი.

დასკვნა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სასამართლოს განჩინების საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ყოველგვარი ქმედების განხორციელება, რაც დავის დაწყების დროს მის საკუთრებაში არსებული ქონების დაკარგვას ან კომპანიის სახელით ვალდებულებების აღებას გამოიწვევდა. ამასთან, ინვესტირება, რომელიც ბიზნესმენ დიმიტრი ჩიქოვანსა და "ტელეკომპანია საქართველოს" გარიგების თანახმად უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ ერთი მხარის - შემძენის ვალდებულებას ითვალისწინებდა და მომავალში დიმიტრი ჩიქოვანის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის რაიმე სახის მოთხოვნას ვერ წარმოშობდა. შესაბამისად, ინვესტიციის შედეგად "რუსთავი 2"-ის მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდებოდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი