პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე, პარლამენტის უმცირესობის წევრმა, გიორგი თევდორაძემ განაცხადა: "როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო სამი წლის განმავლობაში სუიციდის ფაქტები მომრავლდა".

ამ განცხადებას უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ უპასუხა: "რომელმა სუიციდმა იმატა? რომელმა თვითმკვლელობამ? ნახეთ სტატისტიკა, წელიწადში დაახლოებით 170 ადამიანი კვდებოდა ციხეებში და დღეს ნახეთ, მინიმუმამდეა დაყვანილი. მთლიანობაში, 2011 წლამდე, 660 პატიმარი გარდაიცვალა ციხეში. 2012 წელს - 67, 2013 წელს - 25, 2014 წელს - 27 გარდაცვალების ფაქტი იყო. წელს გვაქვს სამწუხაროდ 12 შემთხვევა. რაც შეეხება სუიციდს, 2010 წელს - 5, 2011 წელს - 4, 2012 წელს - 6, 2013 წელს - 6, 2014 წელს - 7 და 2015 წელს სუიციდის 2 შემთხვევა დაფიქსირდა".

ფაქტ-მეტრი დეპუტატების განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2010 წლამდე გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკურ ინფორმაციას არ აწარმოებდა. 2006-2010 წლებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშია მოყვანილი. რაც შეეხება 2011-2015 წლამდე პენიტენციალურ სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას და მათ შორის სუიციდის შემთხვევების რაოდენობას, ჩვენ ეს მონაცემები სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოვითხოვეთ.

მიმდინარე წელს სუიციდის 2 შემთხვევა, 2014 წელს - 7, ხოლო 2013 წელს - 6 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პატიმართა სიკვდილიანობის, ისევე როგორც სუიციდის მაჩვენებელი, ევროსაბჭოს პრაქტიკის თანახმად, ყოველ 10 ათას პატიმარზე გარდაცვლილთა რაოდენობით გამოითვლება. თუ ყოველ 10 ათას პატიმარზე დაფიქსირებულ სუიციდის შემთხვევებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ 2013-2014 წლებში, წინა წლებთან შედარებით, სუიციდის მაჩვენებელი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2013 წლის ნოემბერში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამა შემუშავდა და დეკემბრიდან მისი განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი სუიციდის რისკებისა და სუიციდისკენ მიდრეკილი პატიმრების გამოვლენა და მათთვის დახმარების აღმოჩენა იყო. მიუხედავად აღნიშნული პროგრამისა, 10 ათას პატიმარზე სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 2013-2014 წლებში დაფიქსირდა.

ცხრილი 1:სუიციდის შემთხვევები ციხეებში და მაჩვენებლები 10 ათას პატიმარზე

წელი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა სუიციდის რაოდენობა სუიციდის მაჩვენებელი 10 ათას პატიმარზე
2006 15 465 5 3.2
2007 18 309 7 3.8
2008 18 658 5 2.7
2009 21 239 2 0.9
2010 23 684 5 2.1
2011 24 114 6 2.5
2012 19 349 4 2.0
2013 9 093 6 6.5
2014 10372 7 6.7
2015 (8 თვე) 10242 2 2.0

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას, 2015 წელს – 11, 2014 წელს – 27, 2013 წელს კი – 25 შემთხვევა დაფიქსირდა. 2006 წლიდან 2011 წლამდე პენიტენციალურ სისტემაში 653 პატიმარი გარდაიცვალა. ჩვენ წლების მიხედვით ასევე ყოველ 10 ათას პატიმარზე (ევროსაბჭოს პრაქტიკის გათვალისწინებით) პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გამოვთვალეთ.

ცხრილი 2:სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს ციხეებში

წელი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის რიცხობრივი მაჩვენებელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10 ათას პატიმარზე
2006 15 465 89 57.5
2007 18 309 101 55.1
2008 18 658 90 48.2
2009 21 239 91 42.8
2010 23 684 142 60.0
2011 24 114 140 58.1
2012 19 349 67 34.6
2013 9 093 25 27.5
2014 10372 27 26.0
2015 (8 თვე) 10242 11 10.7

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, პენიტენციალურ სისტემაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 და 2011 წლებში დაფიქსირდა. ამ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის 8 თვის მდგომარეობით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 6-ჯერ შემცირდა.

დასკვნა

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახალხო დამცველის სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს სუიციდის 6, 2014 წელს 7, ხოლო მიმდინარე წელს (8 თვე) 2 შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის შემთხვევები რიცხობრივად ფაქტიურად არ გაზრდილა, თუ ამ მონაცემებს პატიმართა მთლიან რაოდენობასთან შეფარდებით განვიხილავთ (ყოველ 10 ათას პატიმარზე), ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით გაორმაგებული, ხოლო 2010 და 2011 წლებთან შედარებით, გასამმაგებულია.

რაც შეეხება გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას, მიმდინარე წლის მონაცემებით, პენიტენციალურ სისტემაში 11 ადამიანი გარდაიცვალა და შესაბამისად 10 000 პატიმარზე გაანგარიშებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10.7-ს უდრის. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, იმ წლებთან შედარებით (2010, 2011), როცა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (60-მდე) დაფიქსირდა, მიმდინარე წელს ეს რიცხვი ექვსჯერ არის შემცირებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ეკა ბესელია, ციხეებში სუიციდის ზრდას უარყოფს. მართალია, აბსოლუტურ მაჩვენებლებში რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა ყოველ 10 ათას პატიმარზე სუიციდის მაჩვენებელი. ასევე, ეკა ბესელიას თავისი არგუმენტების გასამყარებლად გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი მოჰყავს, რომელიც წინა წლების მონაცემებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია, რაც სიმართლეა. ბუნებრივია, ეს ფაქტი მისასალმებელია, თუმცა აღნიშნული რიცხვების სუიციდის კონტექსტში მოყვანა არამართებულია.

გიორგი თევდორაძე კი აცხადებს, რომ ბოლო წლებში სუიციდის ფაქტები მომრავლდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 10 ათას პატიმარზე სუიციდის მაჩვენებლები გაიზარდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში სუიციდის რიცხვი თითქმის არ შეცვლილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი თევდორაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი, ხოლო ეკა ბესელიას განცხადება კი - ნახევრად სიმართლე.


პერსონები