მიმდინარე წლის 29 იანვარს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საქართველოს ბიუჯეტს არც 2014 წლის ბოლოს და არც მით უმეტეს 2015 წლის დასაწყისში, ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია. ასევე, 15 იანვარს ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ნოდარ ხადურმა განაცხადა,

რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა. ამ განცხადებით მან ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტის ხარჯებს ლარის გაუფასურება არ გამოუწვევია.

ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში არსებულ ლარის ოდენობას (მასას) აქვს, რადგან კურსი დოლარის და ლარის მასის თანაფარდობით ყალიბდება. თუ ლარის მასის ზრდის ტემპი დოლარის შემოდინების ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად აღემატება, ლარის კურსი უფასურდება. ლარის მასის ზრდის ერთ-ერთი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების დეფიციტური ხარჯვაა, ანუ როდესაც მთვრობა იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე იმავე პერიოდში ეკონომიკიდან საბიუჯეტო შემოსავლების სახით იღებს.

2014

წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (არაფინანსური აქტივების გაყიდვის ჩათვლით) 846 მლნ ლარი შეადგინა. ეს ის თანხაა, რაც სახელმწიფომ დეკემბერში ეკონომიკიდან ამოიღო. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯმა (არაფინანსური აქტივების შეძენის ჩათვლით) კი, 1 110 მლნ ლარი შეადგინა. ეს ლარის ის მოცულობაა, რაც სახელმწიფომ დეკემბერში ეკონომიკაში „გაუშვა“. როგორც ვხედავთ, 2014 წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 264 (1 110-846) მლნ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ბიუჯეტის შემოსავალი იყო.

დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა 200 მლნ ლარით გაზარდა რეფინანსირების სესხი. ეს არის ერთკვირიანი სესხი, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მოკლევადიანი ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად აძლევს.

ბიუჯეტის ხარჯების და რეფინანსირების სესხის ზრდა ლარის მოცულობაზე მნიშვნელოვნად აისახა. 2014 წლის დეკემბერში, იმავე წლის ნოემბერთან შედარებით, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა (ფულის მასის ყველაზე ლიკვიდური ნაწილი) უპრეცენდენტო მაჩვენებლით -  241.5 მლნ ლარით გაიზარდა. გასულ წლებში, ერთი თვის განმავლობაში ლარის მასა ამ მოცულობით არასდროს გაზრდილა. ე.წ. სარეზერვო ფული, რომელიც მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულთან ერთად ბანკების დეპოზიტებსაც მოიცავს, დეკემბერში 450 მლნ ლარით გაიზარდა. 2014 წლის 11 თვეში, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სარეზერვო ფული 62 მლნ ლარით იყო გაზრდილი, ბოლო თვეში კი 450 მლნ ლარით გაიზარდა.

2015

წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვა მნიშვნელოვნად შემცირდა. დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ჰქონია. იანვრის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხის მოცულობა 700 მლნ ლარიდან 610 მლნ ლარამდე შეამცირა. ყოველივე ამის შედეგად ფულის მასამ შემცირება დაიწყო. სარეზერვო ფული 390 მლნ ლარით, მათ შორის მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობა 197 მლნ-ით შემცირდა.

2014

წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მლნ დოლარით გაიზარდა. ვალუტის რეზერვების ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტმა განაპირობა, რადგან დეკემბერში 190 მლნ დოლარის საგარეო გრანტი და კრედიტი იქნა მოზიდული, რამაც ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვანწილად დააბალანსა და უცხოური ვალუტის რეზერვები გაიზარდა. რადგან შიდასამთავრობო კონვერტაციების შედეგად ბიუჯეტში მოზიდული დოლარით უცხოური რეზერვები გაიზარდა, ხოლო მიმოქცევაში მისი შესაბამისი ლარი გამოვიდა, ეს ფაქტორი ლარის გამყარებას არ დაეხმარა.

საქართველოს მთავრობის წევრები ლარის კურსის გაუფასურებას ძირითადად აშშ დოლარის გლობალურ გამყარებას უკავშირებენ. 2014 წელს აშშ დოლარი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა, რაც ძირითადად აშშ-ის ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპმა (2014 წლის მე-3 კვარტალში ზრდამ 5%-ს მიაღწია) და ევროკავშირის მიერ გატარებულმა ანტიდეფლაციურმა პოლიტიკამ (ევროს მასის ზრდით) გამოიწვია.

ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რომ 2010 წლის მარტიდან 2011 წლის ივნისამდე, ლარიც და ევროც დოლარის მიმართ მყარდებოდა. შემდეგ, 2014 წლის სექტემბრამდე ლარის და ევროს კურსი დოლარის მიმართ საპირისპირო მიმართულებით იცვლებოდა. მაგალითად, 2013 წლის ბოლოს, როდესაც ლარი გაუფასურდა, ამ დროს დოლარიც უფასურდებოდა ევროსთან. ასევე, როდესაც 2014 წლის ივლის-სექტემბერში ევრო დოლართან მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ლარის კურსი დოლარის მიმართ გამყარდა. გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში ევროს და ლარის დოლარის მიმართ გაუფასურებას შორის ნაკლები მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, გავლენა არაპირდაპირია - როდესაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები უფასურდება, ეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის პირობებს აუარესებს, ზრდის უარყოფით სავაჭრო ბალანსს, რაც თავის მხრივ ლარის კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს.

გრაფიკი 1: ლარის და ევროს გაცვლით კურსი აშშ დოლარის მიმართ

image001

გასული წლის ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში ლარის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი ქვეყანაში დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირება და ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა იყო. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ნოემბერ-დეკემბერში, 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოს ექსპორტი 168 მლნ დოლარით შემცირდა. ასევე, 60 მლნ დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები უცხოეთიდან.

ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ხელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი უწყობს, ვინაიდან ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა ინვესტიციების ზრდას და არა ფისკალურ და მონეტარულ სტიმულატორებს ეფუძნებოდეს, როგორიცაა ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა და მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდა. საქართველოში ნოემბერ-დეკემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.7%-მდე დაეცა, ეკონომიკის მასტიმულირებელი კი, ბიუჯეტიდან ლარის დეფიციტური ხარჯვა და რეფინანსირების სესხის ზრდა გახდა.

2015 წლის იანვრიდან, ლარის კურსის გაუფასურების არსებულ ფაქტორებს (დოლარის შემცირებულ ნაკადებს, ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნას, დოლარის გლობალურ გამყარებას) გაზრდილი ლარის მოცულობა დაემატა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ შეიტანა. მთავრობამ არ შეასრულა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 დეკემბრის განცხადებაში გაჟღერებული პირობა,

რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვა არ განახორციელდებოდა. შედეგად, 28 იანვრისთვის ლარის ოფიციალურმა კურსმა დოლარის მიმართ 2.06 შეადგინა.

  დასკვნა

იანვრიდან, ბიუჯეტიდან თანხების დეფიციტური ხარჯვა შეწყდა, ასევე შემცირდა რეფინანსირების სესხების მოცულობაც და ლარის მასამ კლება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ლარის კურსმა ვარდნა მაინც განაგრძო. ლარის კურსის გაუარესებაზე  გავლენა დეკემბერში გაზრდილმა ფულის მასამ, კერძოდ ბიუჯეტიდან მიმოქცევაში დამატებით გაშვებულმა 264 მლნ ლარმა მოახდინა. ამას თან ერთვის დოლარის გლობალურად გამყარების ტენდენციის გავლენა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და დოლარის შემომავალი ნაკადების კლება. მომავალში, თუ საგარეო ფაქტორები მეტად არ გაუარესდება, შემცირებული ლარის მასა კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ლარის კურსის გაუფასურებაში ბიუჯეტის ხარჯებს ბრალი არ მიუძღვის, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია