ცერემონიის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „იწყება 21-ე საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია შაჰ დენიზის მე–2 ფაზის განხორციელება. ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება“.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
შაჰ დენიზის („ზღვის მეფე“) საბადო 1999 წელს აღმოაჩინეს.ის, დაახლოებით, 1 ტრილიონი კუბური მეტრი გაზით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გაზის კონდენსატის საბადოა. შაჰ დენიზი წყალქვეშ, 50-დან 500 მეტრამდე სიღრმეზე, კასპიის ზღვის შელფზე, ბაქოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.
შაჰ დენიზის პროექტის პირველი ეტაპი 2006 წელს დაიწყო. მას წლიურად, დაახლოებით, 9 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. შაჰ დენიზის მეორე ეტაპი, (Full Field Development (FFD)) პირველ ეტაპზე არსებულ დაახლოებით 9 მილიარდ კუბურ მეტრ გაზთან ერთად, დამატებით ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას გულისხმობს. კომპანია BP-ის გათვლებით, რომელიც აღნიშნულ პროექტს უძღვება, გაზის წარმოებისა და საქართველო-თურქეთის საზღვრამდე ტრანსპორტირებისთვის 28 მილიარდი დოლარის კაპიტალური ინვესტიცია იქნება საჭირო. აქედან, სამხრეთის დერეფნის სახელწოდებით ცნობილი მარშრუტით, დამატებითი მილსადენების სისტემები წლიურად 6 მილიარდ კუბურ მეტრ (bcma) გაზს თურქეთს მიაწვდიან, წლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს კი - ევროპულ ბაზარს. შაჰ დენიზის მეორე ეტაპის შედეგად კასპიის ზღვის აუზში მოპოვებული გაზი პირველად მიაღწევს ევროპულ ბაზარს.
შაჰ დენიზის მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ორი ახალი ხიდით დაკავშირებული ზღვაში მდებარე პლატფორმის (bridge-linked offshore platforms) მშენებლობა;
- 26 გაზის წარმოების ახალი ჭაბურღილის გაბურღვა;
- 500 კმ სიგრძის ზღვისქვეშა მილსადენის გაყვანა, რომელიც ჭაბურღილებს ერთამენთთან და ტერმინალთან დააკავშირებს;
- საზღვაო სამშენებლო ხომალდების მოდერნიზაცია;
- სანგაჩლის ტერმინალის გაფართოება;
- სამხრეთის გაზის დერეფნის მშენებლობა ზოგიერთი არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ახალი მილსადენების ქსელის განვითარებას მოითხოვს;
- სამხრეთ კავკასიის მილსადენი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ახალი, პარალელური მილსადენით გაფართოვდება;
- საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ახალი ტრანს ანატოლიის მილსადენი (Trans Anatolian Pipeline (TANAP)) გაზს თურქეთის გავლით გადაიტანს;
- ევროპაში ტრანს ადრიატიკის მილსადენის (Trans Adriatic Pipeline (TAP)) აშენება.
აღნიშნული პროექტით გაზის მიწოდება პირველად 2018 წლის ბოლოსთვის არის გათვალისწინებული და გაზი თავდაპირველად თურქეთს და საქართველოს მიეწოდებათ, ხოლო ევროპისთვის გაზის მიწოდება ერთი წლის შემდეგ იგეგმება.
სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება შაჰ დენიზის მეორე ეტაპის შემადგენელი პროექტია. BP-ის ინფორმაციით,შაჰ დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთის დერეფნის პროექტები 45 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს, საიდანაც მოსალოდნელია, რომ 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება საქართველოს დამატებითი გაზის მიწოდების შესაძლებლობასაც მოუტანს. კომპანიის ცნობით, მილსადენის გაფართოებით საქართველოსთვის მიღებული სარგებელი მოიცავს:
- დაახლოებით 20%-ის (400 მილიონი დოლარი) ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე დახარჯვას (ადგილობრივ კონტრაქტორებთან);
- დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პიკისას და 125 გრძელვადიან სამუშაო ადგილს;
- დაახლოებით 350000 ტონა მასალას, რომელიც საქართველოს პორტებით და რკინიგზით გადაიზიდება;
საქართველოში სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობისა და ექსპლოატაციის მხარდაჭერისთვის უკვე არსებობს 528 მილიონი დოლარის მოცულობის კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც 16 კმ სიგრძის მისასვლელი გზის მშენებლობა, ორი 120 მეგავატიანი საკომპრესორო სადგურის და ახალი წნევის რეგულირების და გაზომვის სადგურის აშენება იგეგმება. სამუშაოების დასრულება 2018 წლისთვისაა მოსალოდნელი.
პროექტის შესახებ საუბარია საქართველოში BP-ის 2013 წლის ანგარიშშიც.დოკუმენტის თანახმად, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ახალი, 62 კმ სიგრძის 48 დიუმიანი მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/სამხრეთ კავკასიის მილსადენის დერეფნის გვერდით გაივლის და შემდეგ სამხრეთ კავკასიის მილსადენს შეუერთდება;
- ახალი ჩამკეტი სარქველის (block valve) და დგუშის სადგურის (pigging station) მშენებლობა;
- გარდაბანთან ახალი საკომპრესორო სადგურის (PSG1) მშენებლობა, რომელიც განთავსებული იქნება არსებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის/სამხრეთ კავკასიის მილსადენის (BTC/SCP) ნაგებობასთან;
- ტბა წალკის დასავლეთით მეორე საკომპრესორო სადგურის მშენებლობა;
- მეორე საკომპრესორო სადგურთან ახალი, 16 კმ სიგრძის მისასვლელი გზის მშენებლობა;
- საქართველო-თურქეთის საზღვართან წნევის შემცირების და გაზომვის სადგურის (pressure reduction metering station (PRMS)) მშენებლობა;
- 2.5 კმ სიგრძის მილსადენის მშენებლობა, რომელიც თურქეთის საზღვართან წნევის შემცირების და გაზომვის სადგურს ტრანს ანატოლიის ბუნებრივი გაზის მილსადენთან (TANAP) დააკავშირებს;
- დროებითი სამშენებლო ბანაკების, მილების საწყობის და საწყობი ეზოების მოწყობა;
ანგარიშის მიხედვით, წინასწარი სამუშაოები თითოეულ ობიექტზე დაახლოებით 100 ადამიანს დაასაქმებს. მშენებლობის პროცესი დაახლოებით 4 წლის მანძილზე გაგრძელდება და დროებითი დასაქმების შესაძლებლობას გააჩენს. ამ პერიოდში იქნება ორი დაბალი, მოკლევადიანი პიკი, შესაბამისად, 800 და 1400 ადამიანის დასაქმებით და ორიც მაღალი პიკი, შესაბმაისად, 1700 და 2000 ადამიანის დასაქმებით.
დასკვნაკომპანია BP-ის ინფორმაციით, შაჰ დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთის დერეფნის პროექტები მთლიანობაში 45 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს. მათივე ცნობით, საქართველო ისარგებლებს როგორც შაჰ დენიზის მეორე ეტაპის პროექტიდან გაზის მიმღები. ასევე მოსალოდნელია 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება. აქედან, კაპიტალური დანახარჯების 20%-ის დახარჯვა ადგილობრივი მიმწოდებლების საქონელსა და მომსახურებაზეა დაგეგმილი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „იწყება 21-ე საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის განხორციელება. ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში, რაც გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის გაჩენას,“ არის სიმართლე.