2014 წლის 20 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში, სანგაჩლის ტერმინალზე სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „იწყება 21-ე საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია შაჰ დენიზის მე–2 ფაზის განხორციელება. ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება“.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
შაჰ დენიზის („ზღვის მეფე“) საბადო 1999 წელს აღმოაჩინეს. ის, დაახლოებით, 1 ტრილიონი კუბური მეტრი გაზით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გაზის კონდენსატის საბადოა. შაჰ დენიზი წყალქვეშ, 50-დან 500 მეტრამდე სიღრმეზე, კასპიის ზღვის შელფზე, ბაქოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.
შაჰ დენიზის პროექტის პირველი ეტაპი 2006 წელს დაიწყო. მას წლიურად, დაახლოებით, 9 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. შაჰ დენიზის მეორე ეტაპი, (Full Field Development (FFD)) პირველ ეტაპზე არსებულ დაახლოებით 9 მილიარდ კუბურ მეტრ გაზთან ერთად, დამატებით ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას გულისხმობს. კომპანია BP-ის გათვლებით, რომელიც აღნიშნულ პროექტს უძღვება, გაზის წარმოებისა და საქართველო-თურქეთის საზღვრამდე ტრანსპორტირებისთვის 28 მილიარდი დოლარის კაპიტალური ინვესტიცია იქნება საჭირო. აქედან, სამხრეთის დერეფნის სახელწოდებით ცნობილი მარშრუტით, დამატებითი მილსადენების სისტემები წლიურად 6 მილიარდ კუბურ მეტრ (bcma) გაზს თურქეთს მიაწვდიან, წლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს კი - ევროპულ ბაზარს. შაჰ დენიზის მეორე ეტაპის შედეგად კასპიის ზღვის აუზში მოპოვებული გაზი პირველად მიაღწევს ევროპულ ბაზარს.
შაჰ დენიზის მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ორი ახალი ხიდით დაკავშირებული ზღვაში მდებარე პლატფორმის (bridge-linked offshore platforms) მშენებლობა;
- 26 გაზის წარმოების ახალი ჭაბურღილის გაბურღვა;
- 500 კმ სიგრძის ზღვისქვეშა მილსადენის გაყვანა, რომელიც ჭაბურღილებს ერთამენთთან და ტერმინალთან დააკავშირებს;
- საზღვაო სამშენებლო ხომალდების მოდერნიზაცია;
- სანგაჩლის ტერმინალის გაფართოება;
- სამხრეთის გაზის დერეფნის მშენებლობა ზოგიერთი არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ახალი მილსადენების ქსელის განვითარებას მოითხოვს;
- სამხრეთ კავკასიის მილსადენი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ახალი, პარალელური მილსადენით გაფართოვდება;
- საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ახალი ტრანს ანატოლიის მილსადენი (Trans Anatolian Pipeline (TANAP)) გაზს თურქეთის გავლით გადაიტანს;
- ევროპაში ტრანს ადრიატიკის მილსადენის (Trans Adriatic Pipeline (TAP)) აშენება.
- დაახლოებით 20%-ის (400 მილიონი დოლარი) ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე დახარჯვას (ადგილობრივ კონტრაქტორებთან);
- დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პიკისას და 125 გრძელვადიან სამუშაო ადგილს;
- დაახლოებით 350000 ტონა მასალას, რომელიც საქართველოს პორტებით და რკინიგზით გადაიზიდება;
- ახალი, 62 კმ სიგრძის 48 დიუმიანი მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/სამხრეთ კავკასიის მილსადენის დერეფნის გვერდით გაივლის და შემდეგ სამხრეთ კავკასიის მილსადენს შეუერთდება;
- ახალი ჩამკეტი სარქველის (block valve) და დგუშის სადგურის (pigging station) მშენებლობა;
- გარდაბანთან ახალი საკომპრესორო სადგურის (PSG1) მშენებლობა, რომელიც განთავსებული იქნება არსებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის/სამხრეთ კავკასიის მილსადენის (BTC/SCP) ნაგებობასთან;
- ტბა წალკის დასავლეთით მეორე საკომპრესორო სადგურის მშენებლობა;
- მეორე საკომპრესორო სადგურთან ახალი, 16 კმ სიგრძის მისასვლელი გზის მშენებლობა;
- საქართველო-თურქეთის საზღვართან წნევის შემცირების და გაზომვის სადგურის (pressure reduction metering station (PRMS)) მშენებლობა;
- 2.5 კმ სიგრძის მილსადენის მშენებლობა, რომელიც თურქეთის საზღვართან წნევის შემცირების და გაზომვის სადგურს ტრანს ანატოლიის ბუნებრივი გაზის მილსადენთან (TANAP) დააკავშირებს;
- დროებითი სამშენებლო ბანაკების, მილების საწყობის და საწყობი ეზოების მოწყობა;