მიმდინარე წლის 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გოგი თოფაძემ, სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებაზე და მათ გამომწევევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით: „მკვეთრად გაიზარდა ავთვისებიანი დაავადებები, გაახალგაზრდავდა დაავადებები, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. გარდა ამისა, ბევრი სხვა დაავადება იმიტომ ვრცელდება, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ იმპორტირებული საქონლის ხარისხს. ეს კონტროლი უკანასკნელი 4-5 წლის მანძილზე პრაქტიკულად მოიხსნა“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტების სიზუსტე გადაამოწმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური, ბოლო მონაცემებით 2012 წლის ბოლოსთვის საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით 22448 ათასი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, ამავე წელს 4232 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2011 წლის მონაცემებით, სულ დარეგისტრირებული იყო 25143 ათასი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანი, ახალი შემთხვევების რიცხვი კი 4252 ათასს შეადგენდა.
წელი
რეგისტრირებული
ახალი შემთხვევები
ინციდენტობა 100 000მოსახლეზე
2008
29875
5658
129.1
2009
30954
5656
128.2
2010
31370
5628
126.4
2011
25143
4252
94.8
2012
22448
4232
94.2
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2008-2010 წლებში ავთვისებინი სიმსივნეების ახალი შემთხვევების და შესაბამისად, 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უმნიშვნელოდ მცირდებოდა. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა 2011 წელს, ასევე შემცირდა რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო მაჩვენებელიც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ წლებში დისპანსერული აღრიცხვიანობის მოშლამ და ონკოლოგიური ავადმყოფების ოჯახის ექიმებთან მეთვალყურეობის გადაცემამ, ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობა გამოიწვია. შესაბამისად, 2011 წელს ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების მაჩვენებლების მნიშველოვანი კლებაც ამით აიხსნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2012 წელს წინა წელთან შედარებით, ისევე როგორც წინა წლებში [2008-2010] ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევების მაჩვენებლები არ გაზრდილა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ავთვისებიან დაავადებათა ზრდა, მითუმეტეს მკვეთრი ზრდა, არ დასტურდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევები ბავშვებში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2011 წელს 0-დან 19-წლამდე ასაკის კატეგორიაში ავთვისებიანი სიმსივნეების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი იგვე კატეგორიაში 123 უტოლდება. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ავთვისებიანი დაავადებები მართლაც გაახალგაზრდავდა.
რაც შეეხება იმპორტირებული საქონლის კონტროლის მექანიზმებს, 2006 წელს პარლამენტმა ახალი საბაჟო კოდექსი მიიღო, რომლის თანახმადაც შემცირდა და გამარტივდა საბაჟო პროცედურები. აღნიშნული საბაჟო კოდექსის მიხედვით იმპორტიორებს საქონელი საზღვარზე ISO სერთიფიკატის (სურსათის უვნებლობის დამადასტურებული სერთიფიკატი, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია გასცემს) ფლობის შემთხვევაში, უპრობლემოდ შემოჰქონდათ.
საქართველოს მთავრობის N426 დადგენილების თანახმად, 2013 წლის 10 ივნისიდან საქართველოს საზღვარზე იმპორტირებისთვის გამიზნული საქონელი ექვემდებარება: დოკუმენტურ შემოწმებას, იდენტურობის შემოწმებას და ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისა ან ლაბორატორიული ანალიზისთვის. თუ საქონელი ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება, საჭიროა შესაბამისი სერთიფიკატის ქონა, რომელიც ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაიცემა.
ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება: ყველა სახის ცხოველი, ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, პურეული მარცვლოვნები, ცხოველთა საკვები, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები და სხვა. ფიტოსანიტარულ კონტროლს კი ექვემდებარება მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.
იმისთვის, რომ იმპორტირებული საქონელი ქვეყანაში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების და ეპიდემიების შემომტანი არ გახდეს, შესაბამისი უსაფრთხოების ზომებია გათვალისწინებული. 2013 წლის 21 იანვრის საქართველოს მთავრობის სხდომის N3 ოქმის თანახმად, „არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა“ განისაზღვრა. ამ სიაში შესულია ყველა ის ქვეყანა, სადაც გავრცელებულია საშიში ინფექციური დავადებები, ეპიდემიები. აღნიშნული ქვეყნებიდან პროდუქტის შემოტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები ევროკავშირის სურსათის მწარმოებელი ქვეყნების სიაში შედიან ან ევროკომისიის მიერ არიან აღიარებულნი, აქვთ შესაბამისი სერთიფიკატი და საქართველოს საზღვარზე ინსპექტირებას გაივლიან.
რაც შეეხება სამომხმარებლო ბაზარს, აქ სურსათის კონტროლს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 2001 წლის ჯანდაცვის მინისტრის N301/ნ ბრძანების შესაბამისად ახორციელებს. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, სადაც გენმოდეფიცირებულ პროდუქტებში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტის რაოდენობის განსაზღვრა, ასევე, გარკვეული საკვებდანამატების იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი. თუმცა, იწვევს თუ არა, რომელიმე იმპორტირებული სურსათი ან მასში შემავალი საკვებდანამატები სხვადასხვა დაავადებებს [მათ შორის სიმსივნეს] ოფიციალურად არ დასტურდება.
დასკვნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო, 2012 წლის მონაცემებით ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევები წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირდა. ამასთან, 2008-2012 წლების სტატისტიკის მიხედვით ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევები ყოველწლიურად მცირდებოდა. შესაბამისად, ავთვისებიან დაავადებათა ზრდა, მითუმეტეს მკვეთრი ზრდა, როგორც ამას გოგი თოფაძე მიუთითებდა, არ დასტურდება. 2012 წელს წინა წელთან შედარებით 0-19 წლამდე კატეგორიაში ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ავთვისებიანი დაავადებები მართლაც გაახალგაზრდავდა.
რაც შეეხება იმპორტირებული სურსათის კონტროლს, 2006 წლიდან 2013 წლამდე იმპორტირებული საქონლის შემოტანა გამარტივებული იყო. იმპორტირებული საქონელი საზღვარზე დოკუმენტურ შემოწმებას ექვემდებარებოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სურსათის უვნებლობის დამადასტურებელ საერთაშორისო [ISO] სერთიფიკატს ითხოვდნენ. 2013 წლის 10 ივნისიდან იმპორტირებული საქონელი ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს ექვემდებარება. დღევანდელი მონაცემებით, იმპორტირებისთვის გამიზნული საქონელი ექვემდებარება: დოკუმენტურ შემოწმებას, იდენტურობის შემოწმებას და ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისთვის ან ლაბორატორიული ანალიზისთვის.
ამასთან, ეპიდემიებისაგან და ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვის მიზნით, არსებობს „არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა“, რომელშიც ყველა ის ქვეყანა შედის, სადაც საშიში ინფექციური დავადებები, ეპიდემიებია გავრცელებული. აღნიშნული ქვეყნებიდან პროდუქტის შემოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეს ქვეყნები ევროკავშირის სურსათის მწარმოებელი ქვეყნების სიაში შედიან ან ევროკომისიის მიერ არიან აღიარებულნი, აქვთ შესაბამისი სერთიფიკატი და საქართველოს საზღვარზე ინსპექტირებას გაივლიან.
რეალური პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს არის შესაბამისი ლაბორატორიების არ არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება გენმოდეფიცირებულ პროდუქტებში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტის რაოდენობის განსაზღვრა და გარკვეული საკვებდანამატების იდენტიფიცირება.
დეპუტატი ავთვისებიანი სიმსივნეების და სხვა დაავადებების გავრცელებას იმპორტირებული სურსათის ხარისხის უკონტროლობას უკავშირებს. როგორც ვნახეთ, ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული სურსათის კონტროლი უმეტესწილად ხორციელდება. გარდა ამისა, ოფიციალურად არ დასტურდება, იწვევს თუ არა იმპორტირებული სურსათი ან მასში შემავალი საკვებდანამატები სხვადასხვა დაავადებებს.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გოგი თოფაძის განცხადება: „მკვეთრად გაიზარდა ავთვისებიანი დაავადებები, გაახალგაზრდავდა დაავადებები, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. გარდა ამისა ბევრი სხვა დაავადება იმიტომ ვრცელდება, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ იმპორტირებული საქონლის ხარისხს“, არის მეტწილად მცდარი.