2014 წლის 21 თებერვალს, ასპინძის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ტარიელ ლონდარიძემ, ასპინძაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, რაიონის ორ სოფელში, საროსა და ხიზაბავრაში, გაზიფიცირების პროცესი დასრულებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას გაზი მაინც არ მიეწოდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან ენერგეტიკის მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. ტარიელ ლონდარიძე, ასევე, ასპინძის რაიონის სასმელი წყლით მომარაგების საკითხს შეეხო. მისი თქმით, მთელი ზამთრის განმავლობაში, რაიონს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა კი აღნიშნულ საკითხს ვერ აგვარებენ.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ტარიელ ლონდარიძემ ჩვენს საპარლამენტო კორესპონდეტთან საუბარში აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ სოფლებში, 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ, ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა და მას შემდეგ არ განახლებულა. მისი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდებაზე „ყაზტრანსგაზი“ იყო პასუხისმგებელი, თუმცა, ახლა ვინ არის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე პასუხისმგებელი, გაურკვეველია.
რაც შეეხება დაბა ასპინძის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ წყალი მოსახლეობას ნაწილობრივ მიეწოდება, ხოლო ვისაც მიეწოდება, დაბინძურებული და სასმელად უვარგისია. ამიტომ, მოსახლეობას წყლის ყიდვა უწევს. ერთი ტონა წყალი მათ 20-40 ლარი უჯდებათ. „ჩვენს დროს წყალმომარაგების კომპანია იღებდა თავის თავზე ყველაფერს. ახლა კი პასუხიმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება. ის ვერ მართავს იმ შ.პ.ს.-ებს, ვისაც ეს ევალებათ, ანუ, პრობლემას ვერ აგვარებენ. ეს ფაქტი არც ცენტრალურ ხელისუფლებას აწუხებს, ან უბრალოდ კომუნიკაცია არ აქვთ“ - აცხადებს ტარიელ ლონდარიძე და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობითაა გამოწვეული.
ჩვენ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დავუკავშირდით. მათი წარმომადგენლის განცხადებით, ასპინძის რაიონში გაზის 7,68 კილომეტრიანი მილია გაყვანილი. ამ ეტაპზე, შიდა დაქსელვის სამუშაოები შემდეგ სოფლებშია დასრულებული: დაბა ასპინძა, დამალა, სარო და ხიზაბავრა. საერთო ჯამში, ასპინძის რაიონში 1270 აბონენტია გაზიფიცირებული. ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემის არსებობას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროშიც ადასტურებენ. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურების გამო, საროსა და ხიზაბავრას ამ დროისათვის ბუნებრივი აირი მართლაც არ მიეწოდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სოკარ ჯორჯიასთან“, ამ სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, საროსა და ხიზაბავრას ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა. ზემოთაღნიშნული ორი სოფლის მოსახლეობა რამდენიმე დღის განმავლობაში იღებდა მილებში დარჩენილ ბუნებრივ აირს, რომელიც სატესტო რეჟიმში საშუალო წნევის მიწოდების შედეგად იყო დარჩენილი. ასპინძის მუნიციპალიტეტსა და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა.
ფაქტ-მეტრი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლევან ცაბაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ასპინძის რაიონში მართლაც არსებობს პრობლემები ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების სამუშაობის ნაწილი, კერძოდ კი შიდა დაქსელვითი სამუშაოები, დასრულებულია, მოსახლეობას ბუნებრივი აირი მაინც არ მიეწოდება.
ლევან ცაბაძე ფაქტ-მეტრს სასმელი წყლის პრობლემის შესახებაც ესაუბრა. მისი თქმით, დაბა ასპინძაში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში, ძლიერი ყინვის შედეგად მილების გაყინვის გამო იყო. თუმცა, ასპინძის გამგეობას 150 ტონა სასმელი წყალი მომარაგებული ჰქონდა და დაბა ასპინძის მოსახლეობას 2 კვირის განმავლობაში უფასოდ ურიგებდა, თუმცა, ასევე იყვნენ კერძო პირები, რომლებიც მოსახლეობაში სასმელ წყალს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ყიდდნენ. გარდა ამისა, ასპინძის გამგეობამ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსგან გამოყოფილი თანხით წყლის მილები შეიძინა და დაბა ასპინძის მოსახლეობის დაახლოებით 75%-ის სასმელი წყლით მომარაგება განაახლა. რაც შეეხება დარჩენილ მოსახლეობას, მათი წყლით უზრუნველყოფა კვლავ სასმელი წყლის დარიგების გზით ხდება.
ასპინძის რაიონის გამგებლის განცხადებით, რაიონისათვის აღნიშნული პრობლემა ახალი არ არის, თუმცა წელს, განსაკუთრებით ცივი ზამთრის გამო, პრობლემამ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. ლევან ცაბაძის განცხადებით არსებობს ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიულ აქტსაც. აღნიშნულის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, თუმცა ამ დრომდე გამოძიება „წინ არ წასულა“.
ცაბაძის თქმით, წყალმომარაგებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. 2007-2008 წლებში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შ.პ.ს „კოლხმა“ ტენდერის პირობები დარღვევით შეასრულა. შესრულებული სამუშაოები არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტიც არ გაფორმებულა. კერძოდ, ასპინძის რაიონის მაღალმთიან მონაკვეთებში, სასმელი წყლის მილები არ არის შესაბამის მიწის სიღრმეში გაყვანილი, რაც ზამთრის პირობებში მის გაყინვას იწვევს. ასპინძის გამგეობამ შ.პ.ს „კოლხს“ სასამართლოში უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიამ დავა წააგო და ასპინძის გამგეობის სასარგებლოდ 1 მილიონ 600 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ცაბაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასპინძის გამეობისათვის ამ კანონდარღვევის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებითშ.პ.ს „კოლხის“ გაკოტრების პროცესი დაიწყო.
ლევან ცაბაძის განცხადებით, 2007 წლიდან გამგეობის ანგარიშზე 300 ათასი ლარი ირიცხება, რომელიც შპს „კოლხისთვის“ უნდა გადაერიცხათ, მაგრამ დარღვევით შესრულებული სამუშაოების გამო ასპინძის გამგეობამ „კოლხს“ დარჩენილი თანხა არ გადაუხადა. ამ თანხითა და შ.პ.ს „კოლხისგან“ მიღებული კომპენსაციით ასპინძის გამგეობა, უახლოეს მომავალში, სასმელი წყლის მილების დამონტაჟების მიზნით, ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
დასკვნა
ტარიელ ლონდარიძის განცხადების გადამოწმების შედეგად ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ასპინძის რაიონის 2 სოფელს, საროსა და ხიზაბავრას მართლაც არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მიუხედავად იმისა, რომ გაზის მილების გაყვანის სამუშაოები დასრულებულია. ენერგეტიკის სამინისტრო და ასპინძის მუნიციპალიტეტი პრობლემის არსებობას ადასტურებენ, თუმცა, მათი განცხადებით, აღნიშნული პრობლემა სამართლებრივი პრობლემებითა და დროში გაწელილი პროცედურებით არის გამოწვეული.
რაც შეეხება დეპუტატის განცხადების მეორე ნაწილს, სასმელი წყლით მომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, ის არაზუსტია. ასპინძის გამგებლის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს „კოლხმა“ სასმელი წყლის მილების გაყვანის სამუშაოები კონტრაქტის პირობების დარღვევით შეასრულა და სასმელი წყლის შეფერხებით მიწოდების პრობლემაც ამან გამოიწვია. მისივე თქმით, მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების პრობლემა გასულ წლებშიც არსებობდა, რადგან სასმელი წყლის მილები სტანდარტის დარღვევით იყო გაყვანილი. გარდა ამისა, წელს დაბა ასპინძაში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა 2 კვირიან პერიოდში იყო და არა მთელი ზამთრის განმავლობაში, როგორც ამას დეპუტატი აცხადებს. დეპუტატი ასევე ცდება, როცა ამბობს, რომ ასპინძის მთელი მოსახლეობა წყალს ყიდულობდა. გამგებლის განცხადებით, მოსახლეობა წყალს უფასოდ იღებდა. ამ დროისთვის კი, მოსახლეობის 75%-ს წყლის მიწოდება აღუდგა. აღნიშნულ ფაქტს, როგორც ასპინძის რაიონის გამგებელი, ისე ტარიელ ლონდარიძეც ადასტურებენ.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატის განცხადება: „უკვე წელიწადნახევარია, ასპინძის რაიონის ორ სოფელში გაზიფიცირება დასრულებულია, მხოლოდ გაზია მისაწოდებელი და წელიწადნახევრის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრმა ვერ მიაღწია იმას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. ასპინძის რაიონს უკვე რამდენიმე თვეა, მთელი ზამთრის განმავლობაში სასმელი წყალი არ მიეწოდება...“, არის ნახევრად სიმართლე.