საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის და სექტემბერში ერთა ლიგის მატჩებში გამარჯვების ფონზე, საფეხბურთო ნაკრები ქვეყნის გამაერთიანებელ ფაქტორად იქცა, რასაც ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვა აქვს. ქართული საზოგადოების სწორედ ამ სენტიმენტებით და ემოციებით მანიპულირებით, ოპონენტების დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იქნა გამოყენებული უკრაინასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 2024 წლის 11 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩი.

დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის სამიზნე ის ჯგუფები გახდნენ, რომლებიც უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ღიად უჭერენ მხარს. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, პროსახელისუფლებო მედია POSTV-თან დაკავშირებულმა Facebook-გვერდმა ad hoc, გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „ქართველი ლიბერალი ნაკრებს ქომაგობს“, რომელშიც მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ლევან გოგორელიანი, იგივე ფაქო. ვიდეოში „ქართველი ლიბერალი“ უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩში უკრაინას გულშემატკივრობს. აღნიშნული ვიდეო დაკავშირებულია ხელისუფლების და პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ნარატივთან, რომლის მიხედვითაც „ქართველი ლიბერალებს“, ანუ ჯგუფებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საკუთარ სამშობლოზე მეტად უკრაინა უყვართ, რადგან ისინი „უსამშობლოები“ და „აგენტურის წევრები“ არიან (ტერმინი „აგენტურა“ 2023 წელს პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის დაინიციირების შემდეგ გამოიყენება დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის).

დისკრედიტაციის გარდა, მატჩის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში ანტი-ოპოზიციურმა ანონიმურმა Facebook-გვერდებმა და TikTok-ანგარიშებმა, როგორებიც არიან „Pოლიტიკა“, „ქვეყნის მტრები“, “Avoe.ge”, ერთიდაიმავე დროს, კოორდინირებულად გაავრცელეს ყალბი პოსტი, რომელიც შემდგომ ათობით პრორუსულმა და პროსახელისუფლებო ანგარიშმა და გვერდმა აიტაცა. ყალბ პოსტში ვკითხულობთ: „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს! გთხოვთ, შემოგვიერთდით თავისუფლების მოედანზე, რათა დავუჩოქოთ უკრაინელებს და ამ ჟესტით გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ. ისინი ჩვენ მაგივრად იბრძვიან! ჩვენი ორგანიზაციის აზრით, მათ წინაშე მუხლის მოყრა ხელს შეუწყობს მეგობრულ ურთიერთობებს და მკაფიოდ გამოხატავს სოლიდარობას!“. პოსტებზე თანდართულია აღწერები „სულ გაგიჟდნენ ეს ნაცები“, „რას ითხოვენ ქართველი სლავა უკრაინელები“, „ქართველი ხალხი მხოლოდ ღმერთის და დედის წინაშე იჩოქებს!!!“ და ა.შ. ყალბი პოსტის მიზანია უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფების (ძირითადად, მმართველი პარტიის ოპონენტების) დისკრედიტაცია და ისე წარმოჩენა, თითქოს მოწოდების ავტორები სწორედ ისინი იყვნენ.

რეალურად, ყველა სახის საძიებო სისტემის, სანდო მედიაწყაროების, პოლიტიკურ პარტიების და სხვადასხვა სახის ორგანიზაციების სოციალური ქსელის გვერდების და საჯარო განცხადებების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი შინაარსის მოწოდება არსად გაკეთებულა. მისი პირველწყარო აღნიშნული ანონიმური გვერდები იყვნენ. ამავდროულად, პოსტში წერია, რომ „ჩვენი ორგანიზაციის აზრით, მათ წინაშე მუხლის მოყრა ხელს შეუწყობს მეგობრულ ურთიერთობებს“, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ რომელმა ორგანიზაციამ გაავრცელა მოწოდება.

ასევე საყურადღებოა, რომ ანონიმურმა გვერდებმა Facebook-სა და ტიკტოკ-ზე ყალბი პოსტი ერთიდაიმავე დროს გამოაქვეყნეს, Facebook- გვერდებმა „Pოლიტიკა“ და „ქვეყნის მტრები“ კი პოსტს ზუსტად ერთიდაიგივე აღწერა დაურთეს, რაც მიუთითებს, რომ ანონიმური გვერდები რამდენიმე პლატფორმაზე კოორდინირებულად მოქმედებენ. კოორდინირებულად და ანონიმურად მოქმედი გვერდები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას.

უკრაინასთან და ალბანეთთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ, 14 ოქტომბერს, ანტი-ოპოზიცურმა ანონიმურმა გვერდმა „ქვეყნის მტრები“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ყალბი ციტატა გაავრცელდა, თითქოს ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მინიჭებულ ღირსების ორდენების ჩამორთმევას ითხოვდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ანონიმურმა გვერდმა „მთავარი არხის“ სოციალური მედიის ბარათების დიზაინი გამოიყენა. დეზინფორმაციის გავრცელების ეს ტაქტიკა ჰგავს რუსული პროპაგანდის მიერ გამოყენებულ ე.წ „Doppelganger”-ის ტაქტიკას, რომელიც სანდო მედიების კლონირებით ცდილობენ მომხმარებლები ყალბი პოსტების ავთენტურობაში დაარწმუნონ.

პოსტი ყალბია. არ არსებობს ოფიციალური ან ავთენტური წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ციტატა გიორგი გახარიას ეკუთვნის. კერძოდ, აღნიშნული ციტატა არ გვხვდება არც გიორგი გახარიას ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე „გახარია“ და არც „მთავარი არხის“ Facebook ან Instagram-ანგარიშებზე.

აქედან გამომდინარე, მავნე აქტორების მიერ ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ფაქტორი, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები, საქართველოს მოქალაქეების მანიპულირების და დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებად იქნა გამოყენებული.


მსგავსი სიახლეები

5678 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია