2024 წლის 25 სექტემბერს, ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის ეთერში გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, ევროკავშირის ელჩის მიერ 20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ყალბი მტკიცება გაჟღერდა.

კონკრეტულად, ედიშერ გვენეტაძემ, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ და „მეორე ფრონტის“ შესახებ განცხადებებს ხშირად ავრცელებს (1, 2, 3), განაცხადა, თითქოს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის მიერ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა დაანონსა (11:50 წუთიდან) - „ნახეთ რა თქვა იმ ბატონმა ჰერჩინსკიმ. ჩვენო არსენალში გვაქვსო ის, რაც გავაკეთეთ ბელორუსიაშიო, რასაც ვაკეთებთ სხვა ქვეყნებშიო და პირდაპირ გველაპარაკებიან, რომ არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, მაგრამ გვეუბნებიან, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ და გამოვაცხადებთ არალეგიტიმურადო... ალბათ ახლა მცდელობა ექნებათ „ლგბტ-ების“ რევოლუციის.“

გვენეტაძის მიერ ევროკავშირის ელჩის განცხადება მცდარად არის წარმოდგენილი. სინამდვილეში, ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და რომ ევროკავშირი იმუშავებს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს. ელჩი ასევე ხაზს უსვამს, რომ თუ არჩევნები იქნება მოპარული, როგორც ეს მოხდა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ევროკავშირი იძულებული იქნება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ზომები, რაც არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარებას და სანქციებსაც მოიცავს.

„თუკი, და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინკსის, არ უთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს წინსწრებით, ნებისმიერ შემთხვევაში არალეგიტიმურად ცნობს, არამედ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები სამართლიანად, თავისუფლად და მშვიდობიანად არ შეფასდება. მან ასევე ევროკავშირის მხრიდან ქართველის ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან მუშაობის მზაობას გაუსვა ხაზი. შესაბამისად, აღნიშნული განცხადების წარმოჩენა, თითქოს „გვეუბნებიან [ევროკავშირი], ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ და გამოვაცხადებთ არალეგიტიმურადო“, მცდარია.

აღსანიშნავია, რომ იმავე ნარატივს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიც ავრცელებს, თითქოს რევოლუციის დაწყების და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ვაშინგტონის მითითებით საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ. „ვაშინგტონისთვის არახელსაყრელი, ამჟამად მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვებაში ხელის შეშლის მიზნით, ამერიკელებმა მოილაპარაკეს ეუთო/ოდირის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელობასთან „თანამშრომლობაზე“... ვაშინგტონის ჩანაფიქრი ნათელია და აღარ იწვევს გაკვირვებას - მისცეს საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციას მიზეზი მასობრივი საპროტესტო აქციების გასაშვებად ქვეყანაში ძალისმიერი გზით ხელისუფლების მიტაცების მიზნით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის ემზადება რათა რევოლუცია დაიწყოს და ხელისუფლება შეცვალოს, გავრცელდა, ტიკტოკ არხ „ფუკოს ქანქარაზე“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ და „ალტ ინფოს“ ეთერებში, ასევე ვებგვერდ „საქართველო და მსოფლიოზე“ და „საქინფორმზე“.


მსგავსი სიახლეები

5678 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია