სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, რომელზეც ვკითხულობთ: „ფედერასტები“ - თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია წარადგინეს“. რეალურად, აღნიშნული ფოტოანაბეჭდი რედაქტირებულია, მასში შეცვლილია პარტიის სახელწოდება.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს. 15 აგვისტოს კი ახალი ოპოზიციური პარტიის - „ფედერალისტები“ - პრეზენტაცია გამართეს. ფოტოანაბეჭდზე წარმოდგენილი ფოტოც სწორედ პარტიის პრეზენტაციაზეა გადაღებული.
ფოტო, რომლის რედაქტირებულ ანაბეჭდსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ეკუთვნის. გამოცემის ფოტოზე, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, წერია: „ფედერალისტები - თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია წარადგინეს“. ფოტოზე წაშლილია როგორც გამოცემის ლოგო, ასევე შეცვლილია პარტიის სახელწოდებაც.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოანაბეჭდი ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.