ჯერ კიდევ გასულ წელს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებდა, რომ მიმდინარე წლიდან, სტატუსის მიუხედავად, ხელფასი ყველა მასწავლებელს გაეზრდებოდა, მასწავლებლების 70%-ს საშუალოდ 500 ლარით, დანარჩენი 30%-ის ანაზღაურება საათების პროპორციულად გაიზრდებოდა. მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იგეგმებოდა.

მართლაც, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდა, რომლის მიხედვით მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდა, როგორც მთავრობა აცხადებს, დაახლოებით 200-800 ლარით.

რა პრინციპით და რამდენით გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები?

ჩვენ ქვემოთ შევეცდებით, დაწვრილებით განვიხილოთ ის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მასწავლებლები 1 ივლისიდან გაზრდილ ანაზღაურებას იღებენ.

ახალი მექანიზმის მიხედვით, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოს და შესაძლო დანამატისგან შედგება. თავის მხრივ, თანამდებობრივი სარგო შემდეგი კრიტერიუმებით გაანგარიშდება: 1. განათლება და კვალიფიკაცია, 2. სამუშაო სტაჟი; 3. სამუშაო დატვირთვა.

რაც შეეხება შესაძლო დანამატს, ის შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი;

კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;

არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისთვის: ქართული; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია;

კლასის დამრიგებლის დანამატი;

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

რადგან მასწავლებლის შრომის ანაზღაურებას მრავალი მდგენელი განსაზღვრავს და ერთი კონკრეტული ფორმულით არ გამოითვლება, მასწავლებლის შრომის ანაზღაურების უკეთ გასაანალიზებლად, მისი შემადგენელი თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამდებობრივი სარგოს ერთ-ერთი მდგენელია სამუშაო დატვირთა, რაც კვირაში ჩატარებული საათების მიხედვით დგინდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, კვირაში ჩატარებული ერთი საათის ხელფასი 96 ლარით განისაზღვრა (დარიცხული, ხელზე ასაღებ ხელფასს 22% - 20% საშემოსავლო და 2% საპენსიო აკლდება, შესაბამისად, ერთი საათის ხელზე ასაღები ანაზღაურება 75 ლარი გამოდის). მასწავლებელმა კვირაში მაქსიმუმ 25 გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მისი დარიცხული ხელფასი სამუშაო დატვირთვის მიხედვით, 2 350 ლარი იქნება (ხელზე ასაღები 1833).

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს შემდეგი მდგენელია სამუშაო გამოცდილება - სტაჟი. განხორციელებული ცვლილებით, სამუშაო გამოცდილების მიხედვით დანამატი შემდეგნაირად გაიცემა:

5 წლამდე სტაჟის მქონე მასწავლებელი -15 ლარი;

5-დან 10-წლამდე სტაჟის მქონე - 30 ლარი;

10 წელზე მეტი სტაჟის მქონე - 45 ლარი.

რაც შეეხება დანამატს განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, მისი ოდენობა ასე გამოიყურება:

ბაკალავრის სტატუსის მქონე მასწავლებელი - 20 ლარი;

მაგისტრის სტატუსის მქონე მასწავლებელი - 40 ლარი;

დოქტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი - 100 ლარი.

ზემოთ განხილულის უკეთესად აღსაქმელად, მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. თუ მასწავლებელი კვირაში ატარებს 20 გაკვეთილს, აქვს 10 წელზე მეტი სტაჟი და ფლობს მაგისტრის სტატუსს, მისი თანამდებობრივი სარგო დატვირთვისთვის იქნება 1920 ლარი, რასაც დაემატება სტაჟის 45 და კვალიფიკაციის 40 ლარი, ჯამში, მისი დარიცხული თანამდებობრივი სარგო იქნება 2005 ლარი, რასაც 22% დააკლდება და მასწავლებელი ხელზე 1564.9 ლარს აიღებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამუშაო სტაჟის და განათლების და კვალიფიკაციის მიხედვით დანამატი სრულად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის დატვირთვა კვირაში მინიმუმ 15 საათს შეადგენს, 15 საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად. შესაბამისად, თუ მასწავლებელს აქვს 10-წლიანი სტაჟი, მაგრამ მისი დატვირთვა კვირაში 5 საათია, სტაჟის გამო გათვალისწინებული 30-ლარიანი დანამატის ნაცვლად, მასწავლებელი მიიღებს დატვირთვის პროპორციულ დანამატს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 30/15*5=10 ლარს. ზუსტად ასევე გამოიანგარიშება კვალიფიკაციის შესაბამისი დანამატიც.

ეს რაც შეეხება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოს. როგორც თავში აღვნიშნეთ, თანამდებობრივ სარგოს შესაძლო დანამატი ემატება:

კლასკომპლექტით სწავლება - 40,50 ლარი;

არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება - 40,50 ლარი;

კლასის დამრიგებლობა - 101,25 ლარი;

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად;

წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი - 150 ლარი;

მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი - 300 ლარი.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, მასწავლებლის ხელფასი მრავალკომპონენტიანია და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, თითქმის ყველა მასწავლებლისთვის, ინდივიდუალურია.

მასწავლებელთა ხელფასების ახალი მექანიზმის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია ერთზე მეტ სკოლაში და შესაბამისად, დანამატი გაიცემა ყველა იმ სკოლაში, სადაც ასრულებს შესაბამის ფუნქციას.

თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გაანგარიშების ახალი წესით ნაკლებია 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მიღებული ანაზღაურებისა, 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს უნარჩუნდება ძველი ანაზღაურება და მიეცემა დამატებით 200 ლარი. 200-ლარიანი მატება შენარჩუნებული იქნება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგაც.

თუ ახალი წესით და ძველი წესით დაანგარიშებულ ხელფასებს შორის სხვაობა არ იწვევს 200 ლარის ოდენობით ხელფასის ზრდას, მაშინ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, გაზრდილი ანაზღაურება მიეცემა მინიმუმ 200 ლარის ოდენობით.

ივლისის და აგვისტოს თვეების საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესის შესაბამისად გაიცემა 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის დატვირთვების მიხედვით, ივლისის თვის პირველ ნახევარში.

როგორ გამოითვლებოდა მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურება ცვლილებამდე?

ჩვენ ზემოთ განვიხილეთ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან როგორ მოხდება მასწავლებლების ხელფასის გაანგარიშება.

ახლა შეგახსენებთ, რა იყო 2024 წლის 1 ივლისამდე. ამ ცვლილებამდე მასწავლებელთა ხელფასი საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატისგან შედგებოდა. საბაზო ხელფასი 2016 წლიდან მოყოლებული არ გაზრდილა და 405 ლარს შეადგენდა. ბოლო წლებში, როდესაც მასწავლებელთა ხელფასები იზრდებოდა, სინამდვილეში, არა საბაზო ხელფასი, არამედ მასწავლებელთა სტატუსთან მიბმული დანამატი იზრდებოდა. ხელფასის ზრდა არ ეხებოდათ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც მასწავლებლების საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჰქონდათ ჩაბარებული, მათი რაოდენობა მიმდინარე სასწავლო წლისთვის დაახლოებით 3000-მდე იყო. სტატუსის დანამატი უფროსი მასწავლებლისთვის: 795 ლარს, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის - 1175 ლარს, მენტორი მასწავლებლისთვის 1475 ლარს შეადგენდა. ცვლილებამდე, მასწავლებლის ხელფასის ძირითადი განმსაზღვრელი სტატუსის დანამატი იყო.

რა შეიცვალა მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ახალი მექანიზმის მიხედვით?

ცვლილების შედეგად საბაზო ხელფასი გაუქმდა, სტატუსთან მიბმული დანამატი ფუნქციური დანამატით შეიცვალა და საგრძნობლად შემცირდა, წამყვანი მასწავლებლისთვის - 150 ლარამდე, მენტორი მასწავლებლისთვის - 300 ლარამდე. პედაგოგის ხელფასის ძირითადი მდგენელი საათობრივი ანაზღაურება გახდა, რომლის რაოდენობაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 96 ლარამდე გაიზარდა.

გასული წლიდან მოყოლებული მთავრობა მასწავლებელთა ხელფასების 500-ლარიან ზრდას აანონსებდა, თუმცა აცხადებდა, რომ ხელფასები 2024 წლის ივლისიდან გაიზრდებოდა. რა მოხდა სინამდვილეში? ხელფასები ყველა მასწავლებელს გაეზარდა, მაგრამ არა თანაბარი რაოდენობით, თანაც, თუ მანამდე მასწავლებლის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი სტატუსის დანამატი იყო, ცვლილებით, ყველა მასწავლებელი გათანაბრდა და ხელფასის მატების ძირითადი განმსაზღვრელი მასწავლებლის დატვირთვა გახდა. მასწავლებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ აქამდე არსებული სტატუსის დანამატი შეუნარჩუნდებოდათ და ხელფასის მატება სტატუსის დანამატის ზემოთ მოხდებოდა.

დასკვნა

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 56 703 მასწავლებელია დასაქმებული. მასწავლებლები ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილნი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი.

ცვლილების მიხედვით, მენტორ და წამყვან მასწავლებლებს სტატუსთან მიბმული დანამატი შეუმცირდათ. ვინც ახლა ჩააბარებს მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდებს, ცვლილების შედეგად განსაზღვრულ ფუნქციურ დანამატს მიიღებს, რაც 150-200 ლარია. ხოლო იმ მენტორ და უფროსს მასწავლებლებს, ვისაც ცვლილების შედეგად ხელფასები შეუმცირდებათ, დანაკლის ხელფასს სამინისტრო შეუვსებთ, ანუ იმავე რაოდენობით ხელფასს მიიღებენ, რაც ცვლილებამდე ჰქონდათ და ხელფასის ეს ოდენობა ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ და 200-ლარიანი დანამატიც მიეცემათ. რეალურად, მასწავლებლის ამ კატეგორიას, რომელთა რაოდენობა სკოლებში 10 000-ზე მეტია, ხელფასი 200 ლარით გაეზარდათ.

ყველაზე მეტად ხელფასი უფროსს ( დაახლოებით 500-800 ლარამდე) მასწავლებლებს გაეზარდათ, რომელთა რაოდენობა სკოლებში ყველაზე მეტია (დაახლოებით 41 000).

აქვე უნდა აღინიშნოს დაწყებითი კლასის მასწავლებლები, რომელთა მაქსიმალური დატვირთვა 13 საათია. შესაბამისად, ამ კატეგორიის მასწავლებლებსაც, ახალი სქემის მიხედვით, ხელფასი 200 ლარით გაეზარდათ.

შესაბამისად, მივიღეთ მოცემულობა, რომ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებს შრომის ანაზღაურება ნაკლებად გაეზარდათ, საშუალო და დაბალი კვალიფიკაციისას - უფრო მეტად.

მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი მექანიზმის მიხედვით, ხელფასის მატების განმსაზღვრელი მასწავლებლის დატვირთვა გახდა და არა კომპეტენცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ, მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ნაკლებად იქნებიან ორიენტირებულნი და შეეცდებიან, მაქსიმალური დატვირთვის ხარჯზე მიიღონ გაზრდილი ანაზღაურება. ამ ტიპის დატვირთვა კი, სწავლის ისედაც არც თუ ისე მაღალ ხარისხზე (რაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული) უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, საათების რაოდენობაზე ორიენტირება მასწავლებლებს შორის არაჯანსაღ კონკურენციას გამოიწვევს და სკოლაში ახალი კადრების მისვლას