სოციალურ ქსელში facebook-ანგარიშები (1;2;3;4;5;6;7) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „საიდუმლო სერობის“ პაროდია გააკეთეს,“ რითაც ქრისტიანობას შეურაცხყოფა მიაყენეს. სინამდვილეში, ცერემონიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სცენას „საიდუმლო სერობასთან“ კავშირი არ ჰქონია და ის წარმართულ დღესასწაულს ასახავდა.

გარდა ამისა, ტელეკომპანია POSTV ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ორგანიზატორები „საიდუმლო სერობის“ იმიტირებისთვის ბოდიშს იხდიან. სინამდვილეში, ორგანიზატორებმა ბოდიში ნამდვილად მოიხადეს, თუმცა არსად ადასტურებენ, რომ მათ „საიდუმლო სერობის“ იმიტაცია მოახდინეს.

2024 წლის 26 ივლისს, პარიზში, ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა.

გახსნის ერთ-ერთი სეგმენტი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ფრესკას, „საიდუმლო სერობას“ მიამსგავსეს, რომელზეც ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელი ვახშამია ასახული. ოლიმპიადის სპიკერმა ენ დეკამ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა: „ჩვენი განზრახვა არ ყოფილა უპატივცემულობა გამოგვეჩინა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. [გახსნის ცერემონიას] საზოგადოების ტოლერანტობა უნდა გამოეხატა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ამბიცია მიღწეულია. ძალიან ვწუხვართ, თუ ხალხმა ეს შეურაცხყოფად მიიღო“.

2024 წლის 27 ივლისს თომას ჯოლიმ, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვა, რომ სცენა „საიდუმლო სერობით“ არ ყოფილა შთაგონებული და რეალურად, ის წარმართულ დღესასწაულს ასახავდა, რომელიც ოლიმპოს ღმერთებთანაა დაკავშირებული. BFMTV-სთან საუბრისას ჯოლიმ განაცხადა, რომ მის ნამუშევრებში ვინმეს ან რაიმეს შეურაცხყოფის სურვილს ვერასოდეს იპოვიდნენ. „ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა მრავალფეროვნებაზე. მრავალფეროვნება ერთად ყოფნას ნიშნავს. ჩვენ უბრალოდ, ყველას ჩართულობა/მონაწილეობა გვსურდა.

მოგვიანებით, 2024 წლის 30 ივლისს ამერიკულმა გამოცემამ New York Post, გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდნენ, რომ მათთან საუბრისას, ოლიმპიადის სპიკერმა აღიარა, რომ სცენა ნამდვილად ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ იმიტაცია იყო. თუმცა სპიკერის ვინაობას არ ასახელებდნენ. ამასთან. Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, New York Post-ს აფასებს, როგორც ზოგადად სანდო წყაროს, თუმცა აქ განთავსებული ინფორმაცია მაინც საჭიროებს გადამოწმებას.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ინსტაგრამის ე.წ. „სთორის“ ფოტოანაბეჭდი, რომელიც თითქოს ამ სცენის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბარბარა ბუტჩმა განათავსა. მასზე შედარებული იყო „საიდუმლო სერობის“ ნახატი და ოლიმპიადის გახსნის სცენა წარწერით: „ახალი გეი აღთქმა”. სხვადასხვა გამოცემის, მათ შორის, The express Tribune და The Sydney Morning Herald ინფორმაციით, აღნიშნული „სთორი“ მოგვიანებით წაიშალა.

„ფაქტ-მეტრმა“ კომენტარისთვის პარიზის ოლიმპიადის პრესსამსახურსა და New York Post-ის რედაქციას მიმართა. პასუხის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.

მანამდე, „ფაქტ-მეტრს“ არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს მართლაც დაუდასტურეს, თუ - არა ოლიმპიადის ორგანიზატორებმა New York post-ს აღნიშნული ინფორმაცია, ან განათავსა, თუ - არა ბარბარა ბუტჩმა ფოტოსურათი. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ რედაქცია სტატიას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რედაქტორის შენიშვნა: თავდაპირველად, ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და სამხატვრო ხელმძღვანელის კომენტარებზე დაყრდნობით, სტატიას მიენიჭა ვერდიქტი „ყალბი ამბავი“. 2024 წლის 30 ივნისს, New York Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მათთან აღიარეს, რომ სადავო სცენა „საიდუმლო სერობით“ იყო ინსპირირებული. „ფაქტ-მეტრი“ ცდილობს, გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია. მანამდე, დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე, სტატიას უვერდიქტოდ ტოვებს.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია