ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეკონომიკა 28-დან 80 მლრდ-მდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2012 წელს საქართველოს ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 27.9 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წელს 190%-ით მეტს - 80.2 მლრდ-ს, თუმცა რადგან ეკონომიკურ ზრდას მუდმივად თან სდევდა ინფლაცია, ზოგ შემთხვევაში, ორნიშნა ინფლაციაც. იმავე პერიოდში, რეალური ეკონომიკა ბევრად ნაკლებით - 70%-ით გაიზარდა.

ცალკე აღებული ნომინალური შემოსავლები, მსყიდველუნარიანობის განსაზღვრის გარეშე, ღირებულ ინფორმაციას არ იძლევა. თეორიულად, შეიძლება შემოსავალი თანხობრივად გაიზარდოს, მაგრამ მისი მსყიდველუნარიანობა შემცირდეს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ეკონომიკა არ შემცირებულა (კლება მხოლოდ ერთხელ 2020 წელს დაფიქსირდა), თუმცა რეალური ზრდა ნომინალურს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

დამატებითი განმარტების გარეშე, ნომინალურად თუნდაც სწორი რიცხვების დასახელება, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს რეალური ცხოვრების დონეც 2012 წლის შემდეგ 190%-ით გაიზარდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან რეალური ეკონომიკა დასახელებულ პერიოდში ბევრად ნაკლებით - 70%-ით, გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ შინაარსობრივად ნომინალურსა და რეალურ ზრდას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია მიღებულ შედეგებს შორისაც, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: საარჩევნო კამპანიისა და ახალი ოფისის გახსნაზე, 16 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე განაცხადა: „12 წლის მანძილზე, „ქართული ოცნების“ მმართველობამ საქართველოს, დემოკრატიულთან ერთად, ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა: - 28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა“.

2012 წელს საქართველოს ნომინალური ეკონომიკის მოცულობა27.9 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს 2.9-ჯერ მეტს - 80.2 მლრდ ლარს. ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ეკონომიკა 11 წელიწადში 190%-ით გაიზარდა.

ნომინალური ეკონომიკის 190%-ით ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოქალაქეები საშუალოდ ამ მოცულობით გამდიდრდნენ. მსგავსი შედეგისთვის მშპ წლიურად 10%-ით უნდა გაზრდილიყო, მაშინ, როცა ორნიშნა ზრდა მხოლოდ ორჯერ - 2021 და 2022 წლებში, დაფიქსირდა. 2013-2023 წლებში რეალური ეკონომიკა მხოლოდ 70%-ით გაიზარდა. ნომინალურ და რეალურ ეკონომიკურ ზრდებს შორის სხვაობის უმთავრესი მიზეზი კი ინფლაცია გახდა.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინფლაცია საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, სამომხმარებლო ფასები წლიდან წლამდე იზრდება. შეიძლება გარკვეული პროდუქტზე ფასები შემცირდეს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ტენდენცია გაძვირებისკენაა მომართული. პროცესი ფულს დროში ღირებულებას უცვლის. 100 ლარად 5 ან 10 წლის წინ უფრო მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე დღეს. იგივე შეიძლება ითქვას ვალუტათა აბსოლუტურ უმრავლესობაზეც.

2012 წლის შემდეგ, 2024 წლამდე, სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 64.3%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 2012 წლის ეკონომიკას 2023 წლის ფასებში დავითვლით 45.9 მლრდ ლარს მივიღებთ. თუ ფასებს გავათანაბრებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ რეალური ეკონომიკა 28-დან 80 მლრდ-მდე კი არა 46-დან 80 მლრდ-მდე გაზრდილა.

გრაფიკი 2: საშუალო წლიური ინფლაცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქვეყნისთვისაც და ცალკეული ადამიანებისთვისაც, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რამდენი პროცენტით მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი მისი შემოსავლით წინა პერიოდთან შედარებით, ვიდრე ის, თუ თანხობრივად რამდენით გაიზარდა მისი შემოსავალი. ჰიპერინფლაციის დროს, ნომინალური შემოსავლები წლიურად შეიძლება რამდენიმე ათასი პროცენტითაც გაიზარდოს, თუმცა მსგავს მოვლენებს, როგორც წესი, მოსახლეობის გაღატაკება ახლავს ხოლმე თან.

საქართველოში, ადრეული 90-იანი წლების შემდეგ, ჰიპერინფლაცია აღარ ყოფილა. ეკონომიკური ვარდნაც სულ ორჯერ დაფიქსირდა 2009 და 2020 წლებში, ამის მიუხედავად, ნომინალური ზრდის რეალურ ზრდად წარმოჩენა მცდარია. 2013-2023 წლებში რეალური ეკონომიკა 70%-ით გაიზარდა და არა 190%-ით.

გრაფიკი 3: ნომინალური და რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპი 2013-2023 წლებში (2012 წელი = 100%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დამატებითი განმარტების გარეშე, ნომინალურად, თუნდაც სწორი რიცხვების დასახელება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს რეალური ცხოვრების დონეც 2012 წლის შემდეგ თითქმის სამჯერ, 190%-ით გაიზარდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან რეალურმა ჯამურმა ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა დასახელებულ პერიოდში ბევრად ნაკლები 70% შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ შინაარსობრივად ნომინალურსა და რეალურ ზრდას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია მიღებულ შედეგებს შორისაც, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია