სეირან კიურეღიანი: არჩევნებში ხმის ფარულობა არის დაცული

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს დისტანციურ არჩევნებს, ამომრჩეველი უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე. საქართველოში დანერგილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიკაციას, ხმის მიცემის, დათვლისა და შეჯამების პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე ხმის ფარულობა დაცულია.

9 ივლისს ნინოწმინდის ადგილობრივი ტელევიზიის „ფარვანა ტვ-ის’ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნინოწმინდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე სეირან კიურეღიანი საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე საუბრობს. მისმა განცხადებამ, რომელიც სიუჟეტში მოხვდა, ამომრჩეველს შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს ამომრჩევლის ხმა არ არის ფარული და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებისთანავე, ისახება, თუ ვინ ვის მისცა ხმა. სეირან კიურეღიანის განცხადებასთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრის“ რეგიონულ ანალიტიკოსს დაუკავშირდნენ და ხმის ფარულობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სთხოვეს.

ნინოწმინდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ადგილობრივი მედიით გავრცელებულ სიუჟეტში (ამ მომენტისთვის ვიდეო წაშლილია) ამბობს:„რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენთან 35 საარჩევნო უბნიდან 19-ში არჩევნები ჩატარდება ელექტრონული გზით. ძალიან დიდი ცვლილებებია. ელექტრონულის სისტემის შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის სპეციალური აპარატები არსებობს, საარჩევნო ყუთების შემთხვევაშიც, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენს აგდებს საარჩევნო ყუთში, ისახება, რომელი/ვისი ხმა რომელი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ დაფიქსირდა“. აღნიშნული განცხადება მოსახლეობამ აღიქვა ისე, თითქოს შესაძლებელია იდენტიფიცირება, თუ რომელმა ამომრჩეველმა რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა. რეალურად, ელექტრონული ყუთი ადასტურებს ბიულეტენის მიღებას, აღრიცხავს მიცემულ ხმას, თუმცა იმის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, თუ ვინ არის ხმის მიმცემი, აპარატი საერთოდ არ ფლობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი ჩატარდა, აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ. აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი ზედმიწევნით არის რეგულირებული და სტრუქტურირებული ისე, რომ ამომრჩევლის არჩევანი არ იყოს იურიდიულად ან ტექნიკურად გამჟღავნებული.

ხმის მიცემა ფარულია და ვერავინ შეძლებს გაგებას, თუ ვის მიანიჭა ამომრჩეველმა უპირატესობა. ბიულეტენს ფარავს ჩარჩო ფორმა, რომელსაც რეგისტრატორი ამომრჩეველს ბიულეტენთან ერთად გადასცემს. ამომრჩეველმა ბიულეტენი უნდა მოათავსოს ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობაში, იმგვარად, რომ წარწერები იყოს ქვედა მხარეს და დაცული იყოს ფარულობა.

ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან, ამასთან არ არსებობს კავშირი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობას შორის, რაც დაფიქსირებულ ხმას და ამომრჩეველს შორის რაიმე კავშირის დადგენას გამორიცხავს.

ბიულეტენის კონკრეტულ ამომრჩეველთან ასოცირება შეუძლებელია. ბიულეტენზე განთავსებული QR კოდი შეიცავს მხოლოდ საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის ნომერს. ბიულეტენი არ არის დანომრილი და არ შეიცავს ციფრულ ინფორმაციას, რომელიც პოტენციურად დააკავშირებს ამომრჩეველსა და მის არჩევანს.

შესაბამისად, ხმის მიცემის მომენტში, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებს საარჩევნო ყუთში, აპარატს ტექნიკურადაც კი არ შეუძლია ამოიცნოს, ვისი ბიულეტენი მიიღო და დაადგინოს და დაიმახსოვროს კავშირი კონკრეტულ ამომრჩეველსა და მის მიერ მიცემულ ხმას შორის. მეტიც, ამგვარი კავშირის თეორიული შანსის გამოსარიცხადაც კი, აპარატი ბიულეტენის მიღების დროსაც კი არ იმახსოვრებს და თითოეულ ბიულეტენს ზუსტად ერთი და იმავე თარიღს ანიჭებს.

„ფაქტ-მეტრის“ რეგიონული ანალიტიკოსი ნინოწმინდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე სეირან კიურეღიანს დაუკავშირდა. ის „ფაქტ-მეტრთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხმის ფარულობა ნამდვილად დაცულია და მისი განმარტებით: „სიუჟეტში არ მოხვდა ის ნაწილი (ან არ გადაიღეს, ან არ ჩასვეს), სადაც ამომრჩევლებს ვუხსნი, რომ ხმის მიცემა ფარულია. ამომრჩევლებმა გვკითხეს, თუ ეს ტექნოლოგიები, როგორ მუშაობს, როდესაც ბიულეტენს ვაგდებთ, იქ აისახება ვინ ვის მისცა ხმაო? მე ვუპასუხე, რომ მსგავსი რამ არ არსებობს და რომ ხმის ფარულობა დაცულია. ეგ ნაწილი ალბათ არ იყო გადაღებული ჟურნალისტების მიერ“.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია