2024 წლის 15 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევა წარადგინა (იხილეთ:განზოგადებული მონაცემები, იხილეთ: ინდივიდუალურ ორგანიზაციად ჩაშლილი). „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის, განცხადებით, „[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის] კანონპროექტის დაინიციირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები მსგავსი კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. შემდგომში ამ ორგანიზაციათა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონის აღსრულებას არ დაემორჩილებიან და კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში არ გაივლიან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია. ამ მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, შეესწავლა ხელმომწერი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რამდენად გამჭვირვალე არიან ისინი და რამდენად არის საზოგადოებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი“.

მისი განცხადებით, შეისწავლეს „12 ივლისამდე პერიოდში 474 ორგანიზაციის შესახებ არსებული ინფორმაცია საჯარო წყაროებზე. ეს შესწავლა დაეფუძნა საბაზისო ინფორმაციას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება სიღრმისეულ შესწავლას, არამედ ძირითადად ფაქტებს. შესწავლის მიზნით 7 კომპონენტი ავიღეთ: აქვს, თუ - არა ორგანიზაციას ვებგვერდი; მითითებული აქვს, თუ - არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო; პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის, თუ - არა საჯარო; რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული; რა ხანგრძლივობის არის ეს პროექტი და გრანტი; აქვთ, თუ - არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია. ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო. ორგანიზაციების 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება“.

აღნშნულ კვლევაზე დაყრდნობით, მიქანაძე ასკვნის, რომ „ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე გამჭვირვალე არ იყო, მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია გახდეს და საზოგადოების ინფორმირება შესაძლებელი იყოს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, დაახლოებით რამდენიმე კვირაში ეს კანონი ამოქმედდება. შემდგომში უკვე შევხედავთ, პროცესები როგორ განვითარდება. თუმცა, ფაქტია, ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი არიან ხელმისაწვდომი ინფორმაციის თვალსაზრისით და გამჭვირვალე, რეალურად, არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას არ ახდენენ საზოგადოების წინაშე“.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თავად გივი მიქანაძე აცხადებს, რომ არ ჩატარებულა სიღრმისეული შესწავლა (არამედ კვლევა დაეფუძნა „ძირითად ფაქტებს“), თუმცა „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით მაინც ეწევა. ასევე საინტერესოა, რომ (არასიღრმისეული) კვლევა ჩატარდა მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ და არა კანონის მიღებამდე. აღნიშნული ადასტურებს, რომ კანონის მიღებამდე ხელისუფლების მიერ დასახელებული „გამჭვირვალობის“ პრობლემა არასიღრმისეულ კვლევასაც არ ეფუძნებოდა.

გამოქვეყნებულ კვლევას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კვლევამ დაადასტურა „დეზინფორმაციული, კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა“: „ამ შტურმში არამხოლოდ თავად NGO-ები, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას და ჩვენც, მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ცნობილია ხალხისთვის და ა.შ. ჩავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 500-მდე ორგანიზაციის 80%-ის გრანტი არ ვიცით რამდენია; 70%-ში საერთოდ არ ვიცით მათი დონორი ვინაა; NGO -ების 97%-ში ამბობენ, რომ საზოგადოებას წარმოადგენენ, თუმცა ანგარიშებსაც კი არ აწვდიან საზოგადოებას, რა გააკეთეს წლის განმავლობაში ამ საზოგადოების სასარგებლოდ. 97% იმასაც კი არ კადრულობს, რომ საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, რაში დახარჯეს ფული და შინაარსობრივად რა გააკეთეს. უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ ვიცით, ვინ არიან თანამშრომლები, ვინ დგას ამ ორგანიზაციის უკან, არამხოლოდ როგორც დონორი, არამედ ვინაა გუნდი. ვნახეთ, რომ იმ ელემენტარული შვიდკომპონენტიანი საბაზისო ინფორმაცია იმის შესახებ ვებგვერდი აქვთ, თუ - არა, დონორი ვინაა, რა მოცულობის გრანტია, ვინ მუშაობს, სრულად დაკმაყოფილებული აქვს 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას ანუ 99% შემთხვევაში, ან საერთოდ არაა ეს საბაზისო ინფორმაცია, ან არასრულია ინფორმაცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში, მათ ამ კანონთან პრობლემა იმიტომ კი არ ჰქონდათ, რომ ხდება სტიგმატიზაცია, სინამდვილეში, მათ და მათ დონორებს აქვთ პრობლემა, რომ არ გასაჯაროვდეს ფინანსები სად მიედინება, რა საქმეში მიედინება, რაში იხარჯება. ეს არის ამის დასტური. ეს კვლევა გასაჯაროვდა და ყველას შეუძლია ორგანიზაციების ჩამონათვალი ნახოს. თავად ამ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ გადახედონ, თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, შეუძლიათ მიაწოდონ ჩვენს პარტიულ სტრუქტურას და იქნება გათვალისწინებული“.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და მისი შედეგების ინტერპრეტაცია მანიპულაციურია.

სინამდვილეში, შედეგების მსგავსი განზოგადება და ინტერპრეტირება ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციასაც, რომლებიც, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმადაც გამჭვირვალეები არიან.

კვლევა წარდგენილია მხოლოდ ცხრილის სახით და არ არის მოცემული არც მეთოდოლოგია და არც მონაცემების შეგროვების მეთოდები. რეალურად, კვლევის დოკუმენტი მოიცავს მხოლოდ შეგროვებულ მონაცემებს, თუმცა შეგროვების მეთოდების და წყაროების მითითების გარეშე. ხოლო მეორე დოკუმენტში მხოლოდ პირველ დოკუმენტზე დაყრდნობით არის სტატისტიკა გენერირებული. დოკუმენტში გამოყოფილია 7 კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც მოხდა ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესწავლა - ვებგვერდი[ს არსებობა], დონორის დასახელება/ლოგო, პროექტის დასახელება, გრანტის ოდენობა, პროექტის/გრანტის ვადა, წლიური ანგარიში, ორგანიზაციის გუნდი.

კვლევაში არაა დასაბუთებული, თუ რატომ შეირჩა აღნიშნული კრიტერიუმები ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესაფასებლად. ასევე არ არის მითითებული კვლევის არავითარი პოტენციური ლიმიტაციები. მაგალითად, ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად დასახელებულია ვებგვერდი, თუმცა არაა დასაბუთებული, თუ რატომ არის აუცილებლად ვებგვერდის ქონა ორგანიზაციის გამჭვირვალობის განმსაზღვრელი. აქტივობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციას ვებგვერდის არსებობის საჭიროება შესაძლებელია, საერთოდ არ ჰქონდეს; და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვებგვერდის შექმნა, ოპერირება და შენახვა დაკავშირებულია ხარჯებთან, ხოლო კვლევაში ჩამოთვლილ ორგანიზაციებს შორის ბევრია მცირე და რეგიონული/ლოკალური ორგანიზაცია, რომელსაც ვებგვერდის შექმნის ფინანსური ან ტექნიკური საშუალება საერთოდ არ ჰქონდა. ბუნებრივია, ვებგვერდის არქონა ავტომატურად არ გულისხმობს ორგანიზაციას გაუმჭვირვალობას, რადგან ის, შესაძლოა, ინფორმაციას სხვა გზებით - მაგალითად, სოციალური მედიის არხებით (რაც მცირე ორგანიზაციების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება) ავრცელებდეს. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა კვლევაში მოცემულ ინფორმაციის სანდოობას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ასევე, თეორიულად შესაძლებელია, რომ ორგანიზაციას ერთზე მეტი ვებგვერდი ჰქონდეს და ინფორმაცია, მაგალითად, სხვადასხვა პროექტის მიხედვით, ორგანიზაციის სხვადასხვა ვებგვერდზე იყოს განთავსებული.

ასევე არაა დასაბუთებული, თუ რატომ არის აუცილებელი წლიური ანგარიშის გამოქვეყნება - ორგანიზაცია შესაძლოა, მისი აქტივობების შესახებ სათითაოდ ან პროექტების მიხედვით ან ყოველთვიურად/კვარტალურად ან სხვა სიხშირით ავრცელებდეს ინფორმაციას, რაც ჯამში იმავე ინფორმაციის გასაჯაროებას უზრუნველყოფდა, რაც წლიურ ანგარიშში მოხვდებოდა. თავის მხრივ, წლიური ანგარიშის შემუშავება დაკავშირებულია ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან, რაც, განსაკუთრებით, მცირე ორგანიზაციებს შესაძლებელია არ ჰქონდეთ (ჰიპოთეზურ სცენარში, თუ ორგანიზაციაში დასაქმებულია 1-3 ადამიანი და ისინი ორგანიზაციის გარკვეულ საქმიანობებს ახორციელებენ, მათ მოუწევდათ გარკვეულ პერიოდში საქმიანობის, ფაქტობრივად, შეჩერება, რათა წლიური ანგარიშის შედგენაზე ემუშავათ).

ასევე, არაა დასაბუთებული ორგანიზაციის გუნდის შესახებ ინფორმაციის არსებობა რატომ არის აუცილებელი ორგანიზაციის გამჭვირვალობის დასაკმაყოფილებლად. არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის მათი სამუშაო ადგილი კონფიდენციალური ინფორმაციაა და მათ არ აქვთ ვალდებულება, რომ ის გაასაჯაროონ და სავსებით შესაძლებელია, რომ სურდეთ, არ იყოს მათი სამუშაო ადგილი ყველასთვის ცნობილი, ისევე, როგორც კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის არაა მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება სავალდებულო. ორგანიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ისინი, შესაძლებელია, სურვილისამებრ ასაჯაროებდნენ ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, თუმცა ეს გამჭვირვალობისთვის აუცილებელი მოთხოვნა ვერ იქნება. გამჭვირვალობის კონტექსტში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად ავლებდნენ პარალელს პოლიტიკოსებისა და საჯარო სექტორის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუმცა საჯარო სექტორის შემთხვევაში, საჯარო მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებია და არა - უწყებაში დასაქმებული თითოეული ადამიანი.

არსებული ფორმით კვლევის წარდგენა შეუძლებელს ხდის, რომ მოხდეს კვლევის შედეგების რეპლიკაცია და მისი ვალიდურობის დადასტურება. მაგალითად, არაა ცნობილი, თუ რა პრინციპით იძებნებოდა, ჰქონდა, თუ - არა ამა თუ იმ ორგანიზაციას ვებგვერდი - ეს ხდებოდა მხოლოდ ორგანიზაციის დასახელების რომელიმე საძიებო სისტემაში ძებნით თუ უფრო კომპლექსური გზებით იქნა გამოყენებული (მაგალითად, ორგანიზაციის სოციალური მედიის მოძებნა და პოტენციურად, იქიდან ვებგვერდზე გადასვლა).

ასევე უცნობია, შემდგომი ინფორმაცია რა გზებით იყო მოძიებული - მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით თუ სხვა წყაროებითაც მოხდა ინფორმაციის მოძიება. გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ, ფაქტობრივად, ყველა ორგანიზაციის შემთხვევაში, სადაც ვებგვერდი არ არის იდენტიფიცირებული (მონიშნულია X-ით), სხვა ყველა სექციაც X-ით არის მონიშნული. თუმცა, შესაძლებელია, ორგანიზაცია მისი პროექტების, დონორებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროების საშუალებით (მაგალითად, სოციალური მედიის არხებით) ავრცელებდეს.

მეთოდოლოგიურად გამართული მაღალი სანდოობის კვლევის შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა, რომ კვლევის ავტორები თითოეულ ორგანიზაციას დაჰკავშირებოდნენ და ის ინფორმაცია, რომელსაც ვერ მიაგნეს, ეკითხათ, თუ იყო ის რაიმე ფორმით საჯაროდ ხელმისაწვდომი და არსებობის შემთხვევაში, მიეწოდებინათ. აღნიშნული პროცედურა რომ არ განხორციელებულა, ადასტურებს თავად „ფაქტ-მეტრი“, ვინაიდან ორგანიზაციას - საქართველოს რეფორმების ასოციაცია, რომლის დაფუძნებული პროექტიცაა „ფაქტ-მეტრი“, „ქართული ოცნების“ კვლევაში ერთ კრიტერიუმში (წლიური ანგარიში) აქვს X მონიშვნა, თუმცა მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაჰკავშირებიან (დაკავშირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მითითება, თუ სად იყო განთავსებული შესაბამისი დოკუმენტი - იხილეთ საქართველოს რეფორმების ასოციაციის 2023 წლის წლიური ფინანსური ანგარიში „ფაქტ-მეტრის“ ვებგვერდზე, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი). ფაქტს, რომ კვლევის ავტორები ორგანიზაციებს ინფორმაციის მოძიების მიზნით არ დაჰკავშირებიან, ადასტურებენ სხვა ორგანიზაციებიც. კერძოდ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ და „სასამართლოს გუშაგმა“ „ფაქტ-მეტრს“ დაუდასტურა, რომ მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლევის ფარგლებში არ დაჰკავშირებიან, ხოლო კვლევას საჯარო კომენტარით გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის განცხადებით, ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს წლიური ანგარიში, თუმცა „ქართული ოცნების“ კვლევაში მაინც მითითებულია, რომ ორგანიზაციას წლიური ანგარიში არ აქვს (იხილეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წლიური ანგარიში ბმულზე).

შესაბამისად, აღნიშნული და სხვა ლიმიტაციების გამო, კვლევა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მანიპულაციურია.

საინტერესოა, უშუალოდ კვლევის შედეგების განხილვაც. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ე.წ. „მდიდარი ენჯეოების“ (მაგალითად, იხილეთ 1,2,3,4,5,6,7 და ა.შ.) და მათი გაუმჭვირვალობის შესახებ და რამდენიმე ორგანიზაციას ხშირად სახელდებითაც ესხმიან თავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძემ „მდიდარი ენჯეოების“ საკითხი დაასახელა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების დროსაც.

შალვა პაპუაშვილმა კვლევაზე საუბრისას ახსენა, რომ მხოლოდ 8 ორგანიზაცია აკმაყოფილებდა სრულად 7 კრიტერიუმს, თუმცა მას არ დაუსახელებია, რომელია აღნიშნული 8 ორგანიზაცია. ესენია:„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი, Research-Intellectual Club “Dialogue of Generations”, „ქალთა ფონდი საქართველოში“. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლითა ნაწილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ე.წ. „მდიდარ ენჯეოებს“ შორის მოიაზრება და მათი თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, განსაკუთრებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ – ISFED, ასევე „მედიის განვითარების ფონდი“, რომლის ოფისიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვის პერიოდში ვანდალიზმის სამიზნე გახდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და მასთან აფილირებული აქტორების კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტი გამხდარან, მათ შორის, მათი გამჭვირვალობის კონტექსტში, „ქართული ოცნების“ კვლევაში მოაზრებულ გამჭვირვალობის უმეტეს კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები, რომელთა ნაწილიც „ქართული ოცნების“ კრიტიკის საფუძველი ხშირად გამხდარან და წარმოადგენენ შედარებით დიდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, „ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, გარდა წლიური ანგარიშისა; თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ ისინი სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სხვა სახით ხელმისაწვდომი იქნება. ესენია: „დემოკრატიის მცველები“, „თბილისი პრაიდი“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EEMCD), „მწვანე ალტერნატივა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ეკონომიკური კვლევის ცენტრი“, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ („ფაქტ-მეტრის“ მშობელი ორგანიზაცია, როგორც ზემოთ აღნიშნულია, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წლიური ფინანსური ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნებულია), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, CRRC Georgia, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „უფლებები საქართველო“, CENN, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და ა.შ.

„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, სრულიად გაუმჭვირვალე ორგანიზაციებად დასახელებულია ისეთი რეგიონული/ლოკალური, მცირე ზომის/მასშტაბის ორგანიზაციები, რომლებსაც, შესაძლოა, დაფინანსებული პროექტები საერთოდ არც ჰქონდეს ან ვებგვერდისა და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი რესურსები არ გააჩნდეს (და მხოლოდ სოციალურ მედიას ან ლოკალური ორგანიზაციების შემთხვევაში ადგილობრივებთან სხვა ტიპის კომუნიკაციას იყენებდეს); და ასევე აქვთ შედარებით ნაკლები ცნობადობა, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს; ასევე აღნიშნული ორგანიზაციების ნაწილს არ აქვთ ვებგვერდი, მაგრამ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებენ. მაგალითად, სრულიად გაუმჭვირვალე (რომლებიც „ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, გამჭვირვალობის ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ) არიან: „რაჭის ტურისტული კლუბი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „შეხვედრის ადგილი დმანისი“, „დრანდა“, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“, „საქართველოს მომავლის აკადემია“, „მირიბალდები“, „მოვუსმინოთ სამყაროს“, „ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი „ილაპარაკე“, „ცხოვრების შანსი“, „ჯვარის სათემო განათლების ცენტრი“, „აგვისტოს ომის მუზეუმი, ერგნეთი“, „ალგეთის სათემო ცენტრი“, „დაეხმარე და გაახარე“, „აფხაზეთი ჩემი“, „აღმამედლოს სათემო ცენტრი“, „აჭარის რეგიონული თემი“, „ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის“, „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“, „ახალგაზრდული ჰაბი“, „ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი“, „ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი“, „ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრი“, „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა“, „ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია“, „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „ბათუმის ველომოყვარულთა ქსელი“, „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“, „ბოლნისის ენის სახლი“, „ბოძაურის საინიციატივო ჯგუფი“, „განათლება და სამყარო“, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, „გუთურის საჯარო სკოლა“, „დედების სივრცე“, „დიმელი ქალები“, „დიღმის ჭალები“, „ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „თელავის გენდერი მედიაცენტრი“, „იორმუღანლოს სათემო ცენტრი“, „იპოდრომი - უბეტონო მხარე“, „კომლის თემი“, „კოშკოს სათემო განვითარების ცენტრი“, „ლიტერატურული კლუბი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)“, „ნაბიჯი ხარაგაული“, „ნეკერი - ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია“, „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“, „სათემო ალიანსი „მანდალა“, „სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი - ნუკრიანის სახელოსნოები“, „სამცხე ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის“, „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი“, „ჩემი იმერეთი“, „სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი“ და ა.შ.

კვლევაში განხილულია „ფაქტ-მეტრიც“ (სიაში 441-ე) და აღნიშნულია, რომ არ აქვს გამოქვეყნებული გრანტის ოდენობა, პროექტის/გრანტის ვადა და წლიური ანგარიში. „ფაქტ-მეტრს“ სურს გამოეხმაუროს აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ის არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა და მცდარია. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრი“ საერთოდ არ წარმოადგენს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციას - ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ კვლევაში ჩამონათვალში ისიც კი არ არის გადამოწმებული, ჩამონათვალში შეტანილი ყველა ორგანიზაცია საერთოდ არსებობს, თუ - არა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. „ფაქტ-მეტრი“ არის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მიერ დაფუძნებული პროექტი, თუმცა ორგანიზაციისგან აქვს სარედაქციო დამოუკიდებლობა. „ფაქტ-მეტრის“ დონორების, პროექტებისა და გრანტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ვებგვერდზე. მეტიც, „ფაქტ-მეტრის“ სექციაში „ჩვენ შესახებ“, აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია და აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი - ამისთვის მითითებულია ორგანიზაციის ვებგვერდი და ჰიპერბმულის სახით დაფინანსების გამოქვეყნების კონკრეტული ბმულიც. ეს მიუთითებს ან კვლევის მეთოდოლოგიურ გაუმართაობაზე (თუ უშუალოდ „ფაქტ-მეტრის“ დომეინზე არ იყო განთავსებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სექციიდან („ჩვენ შესახებ“) ხდება გადამისამართება ამ ინფორმაციის სანახავად, ფასდება როგორც გამჭვირვალობის კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობა), ან მკვლევრების კომპეტენციის ნაკლებობაზე ან მკვლევრების არაკეთილსინდისიერებაზე ან მკვლევრების მექანიკურ შეცდომაზე (თუმცა რთული წარმოსადგენია, გამჭვირვალობის შესახებ კვლევის ჩატარებისას მკვლევარს ვებგვერდის „ჩვენ შესახებ“ სექცია გამორჩეს). ეს კვლევის სხვა მონაცემებსაც, სადაც შეფასებულია, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია გამჭვირვალობის რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ეჭვქვეშ აყენებს. რაც შეეხება წლიურ ანგარიშს, „ფაქტ-მეტრის“ ვებგვერდზე განთავსებულია ორგანიზაციის წლიური ფინანსური ანგარიში სექციაში „ჩვენ შესახებ“. შესაბამისად, კვლევის აღნიშნული ნაწილიც მცდარია. აღნიშნული ფაქტობრივი შეცდომა კვლევის ჩატარების არაპროფესიონალურ დონეზე (ან განზრახ ფაქტების დამახინჯებაზე) მიუთითებს, რაც ასევე კვლევის სხვა მონაცემებსაც ეჭვქვეშ აყენებს, რადგან შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ინფორმაცია უბრალოდ კვლევის ავტორებს გამორჩათ (ან განზრახ შეიყვანეს ცხრილში არასწორი მონაცემი) მექანიკური შეცდომის ან პროფესიული/კომპეტენციის პრობლემის გამო.

ამდენად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა კვლევა მანიპულაციური მეთოდოლოგიით და კვლევის სტანდარტების დაცვის გარეშე. შესაბამისად, მისი მონაცემები და შედეგებიც მანიპულაციურია. ასევე, კვლევაში გამოიკვეთა ფაქტობრივი უზუსტობები და ნაკლოვანი მეთოდოლოგიის (ან მეთოდოლოგიის არარსებობის) შედეგად გამოწვეული უზუსტობები (მაგალითად, კვლევაში ცალკე ორგანიზაციად შეყვანილია ისეთი სუბიექტი, რომელიც ცალკე ორგანიზაციას არ წარმოადგენს; ნათქვამია, რომ არ არსებობს ორგანიზაციის შესახებ რაიმე ინფორმაცია საჯაროდ, მაშინ როდესაც ის არსებობს და ა.შ.), რაც დანარჩენი მონაცემების სიზუსტესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ასევე, აღნიშნული კვლევა „ქართულმა ოცნებამ“ დააინტერპრეტირა, როგორც არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალობის დასტურად, მაშინ როდესაც ის ორგანიზაციები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა და თავს ესხმოდა, მათ შორის გაუმჭვირვალობის ბრალდებით, „ქართული ოცნების“ კვლევითაც კი გამჭვირვალე აღმოჩნდნენ. ასევე შედარებით დიდი ორგანიზაციების უმეტესობა „ქართული ოცნების“ კვლევითაც აკმაყოფილებს გამჭვირვალობის სტანდარტების უმეტესობას. ხოლო მცირე ლოკალური და რეგიონული ორგანიზაციები (რომლებსაც, შესაძლოა, უცხოური დაფინანსება და/ან ვებგვერდის შექმნისა და ოპერირების რესურსები საერთოდ არ ჰქონდეთ) „ქართული ოცნების“ კვლევაში მოიაზრება, როგორც გაუმჭვირვალე ორგანიზაციები. შედეგად, გამოტანილია განზოგადებული მანიპულაციური დასკვნა, რომ არასამთავრობო სექტორი გაუმჭვირვალეა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ „ქართული ოცნების“ კვლევასა და მის შესახებ გივი მიქანაძისა და შალვა პაპუაშვილის კომენტარებს მანიპულირებად აფასებს.


მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია