სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი თომას მეთიუ კრუკსი ტრენინგებს ამერიკულ ინვესტიციების მართვის კომპანია „ბლექროკში“ გადიოდა. რეალურად, ფოტო „ბლექროკის“ რეკლამიდან არის, რომელიც 2022 წელს მეთიუ კრუკსის სკოლაში გადაიღეს და მასში კრუქსთან ერთად სკოლის მასწავლებელი ჩანს.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს საღამოს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ტყვია ესროლა. დონალდ ტრამპი თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა. გამოძიების ფედერალური სამსახურის (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია.

სწორედ მეთიუ კრუქსი ჩანს რეკლამაში, რომელიც „ბლექროკს“, ინვესტიციების მართვის კომპანიას ეკუთვნის. „2022 წელს ჩვენ გავავრცელეთ რეკლამა, რომელშიც წარმოდგენილი იყო ბეთელ პარკის საშუალო სკოლის მასწავლებელი, ვიდეოში უკან რამდენიმე მოსწავლე ჩანდა, რომელთაც რეკლამაში მონაწილეობისთვის თანხა არ მიუღიათ, მათ შორის თომას მეთიუ კრუქსი“, - განუცხადა „ბლექროკის“ მენეჯერმა Reuters-ს. Pittsburgh Tribune Review-ის თანახმად, თომას კრუქსმა 2022 წელს სწორედ ბეთელ პარკის საშუალო სკოლა დაამთავრა.

BlackRock ინვესტიციების მართვის კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ინსტიტუციურ და საცალო კლიენტებს ინვესტიციების მართვაში დახმარებას უწევს და მათ ტექნოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. „ბლექროკი“ ექთნებს, მასწავლებლებს, მეხანძრეებს, სამართალდამცავებს და საჯარო და კერძო სექტორის სხვა მუშაკებს საპენსიო გეგმის აქტივების მართვაშიც ეხმარება. X-პლატფორმაზე „ბლექროკის“ მიერ გავრცელებული რეკლამაც ერთ-ერთი ასეთ ბენეფიციარს, კერძოდ, ბეთელ პარკის სკოლის მასწავლებელ ბრაიან დელალოს ეხება. რეკლამის აღწერაშიც ვკითხულობთ: „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ადამიანებს, როგორიცაა ბრაიანი, მასწავლებელი ბეთელ პარკში, პენსილვანია, მიაღწიონ ფინანსურ უსაფრთხოებას, რათა მან შეძლოს ფოკუსირება იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის სტუდენტებზე“.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო სწორედ აღნიშნული რეკლამიდან არის ამოღებული. ფოტოზე ტომას მეთიუ კრუქსთან ერთად მასწავლებელი ბრაიან დელალო ჩანს.

ამდენად, ფოტოზე ჩანს არა „ბლექროქის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომელსაც მეთიუ კრუქსი ესწრება, არამედ აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი რეკლამა. რეკლამაში ბეთელ პარკის სკოლის მასწავლებელი, რომელიც „ბლექროკის“ სერვისებით სარგებლობდა, თავის გამოცდილებაზე საუბრობს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია