სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Ramaz Gagnidze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), პოსტს აქვეყნებს. მისი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენით შერჩევით დააჯილდოვა. რეალურად, პრეზიდენტი ღირსების ორდენით აჯილდოებს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოძახებულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების პერსონალს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოებულიყვნენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის 2024 წლის 13 ივნისის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, პრეზიდენტი არ გამოეხმაურა.

„შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოებულიყვნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვენს ფეხბურთელებს აღნიშნული ორდენები აუცილებლად გადაეცემათ“, - განაცხადა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძის განცხადებას 2024 წლის 16 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოხმაურება მოჰყვა. ამასთანავე, გამოქვეყნდა განკარგულება 1 და განკარგულება 2, რომლებშიც იმ ადამიანების სია იყო მოცემული, რომლებიც ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი 2024 წლის 23 მაისს გამოსცა, ხოლო დაჯილდოების ცერემონია სექტემბერში გაიმართება.

რაც შეეხება უშუალოდ განკარგულებებს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N23/05/01, ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლის ხელშეწყობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის ღირსების მედლით აჯილდოებს: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტებს, ექიმებსა და ასისტენტ მწვრთნელს.

ხოლო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N23/05/02-ის მიხედვით, 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან, საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ნაკრების მწვრთნელები, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

როგორც მმართველი პარტიის წევრებმა განაცხადეს, პრეზიდენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ღირსების ორდენის ჯილდოზე 53 ადამიანი იყო წარდგენილი. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იმ ადამიანთა სიაში, ვინც ღირსების ორდენით დაჯილდოვდება, 40 ადამიანია წარმოდგენილი. სიის ცვლილებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც გამოეხმაურა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული“.

„ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც წარდგენილ სიაში ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი“, - აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მართალია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოვდება ყველა ფეხბურთელი, რომელიც პრეზიდენტისთვის გადაცემულ სიაში იყო წარმოდგენილი, თუმცა კობახიძე-პაპუაშვილის მიერ წარდგენილი 53-კაციანი სიიდან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულთა შორის არ მოხვდა 13 ადამიანი.

დაჯილდოებულთა შორის არ იყვნენ ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი; ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე; მწვრთნელების და პერსონალის ნაწილი: დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქოჩლაძე, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს სექტემბერში პირადად დააჯილდოებს.

„სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ, მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.

სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია