ლევან დავითაშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პირველ კვარტალში 36%-ით - 800 მლნ-მდე, გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 795 მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, 1.5%-ით მეტი - 808 მლნ დოლარი.

1.5%-იანი ზრდა უმნიშვნელოა და ინფლაციის გათვალისწინებით ნულოვან ზრდად შეიძლება შეფასდეს. იმავე პერიოდში, ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით და მათ შორის ტურისტების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა. ბოლო ინფორმაცია უცხოური ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებზე 2023 წლის დეკემბრით თარიღდება. 36%-იანი ზრდა არც 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ჯდება, რაც გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მინისტრს მონაცემები უნებლიეთ ერთმანეთში აერია.

რიცხობრივად სწორად დასახელებული მონაცემის მიუხედავად, პრაქტიკულად ნულოვანი ზრდის 36%-იანი ზრდად დასახელების გამო, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 17 ივნისს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმზე საუბრისას განაცხადა (1:23-დან): „შემოსავლებში [ტურიზმიდან] ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 800 მლნ-ზე მეტია შემოსავალი პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან. ესეც რეკორდულად მაღალია, 2023 წლის მონაცემებს 36%-ით აღემატება“.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1.3 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მათგან 938 ათასს ტურისტი შეადგენდა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 808 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 1.5%-ით მეტია და არა 36%-ით.

ტურიზმის აღდგენის ნიშნები ჯერ კიდევ პანდემიურ 2021 წელს გამოჩნდა, 2022 და 2023 წლებში აღდგენის ტემპი დაჩქარდა, თუმცა ტურისტების რაოდენობის მხრივ 2019 წლის მაჩვენებელს ვერ დაეწია.

განსხვავებული ვითარებაა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. 2022 წელს სექტორიდან მიღებულმა ნომინალურმა შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადაასწრო, 2023 წელს კი - რეალურმა შემოსავლებმაც.

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგდა. ასეთი სწრაფი ზრდის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ 2022 წლის დასაწყისში კოვიდრეგულაციების ნაწილი ჯერ კიდევ ნარჩუნდებოდა. მეორე კვარტალში ზრდის ტემპი 35%-მდე შემცირდა, მესამეში - 5%-მდე, მეოთხეში კი 13%-იანი კლება დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1.5%-იანი ზრდა, ინფლაციის გათვალისწინებით, ნულოვან ზრდად შეიძლება შეფასდეს.

ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული 36%-იანი ზრდა სიმართლეს არ შეესაბამება და ძნელია იმის დადგენა, ლევან დავითაშვილი რაიმე სხვა პარამეტრს ხომ არ გულისხმობდა და თუ კი, რომელს.

თუ შესადარებლად პანდემიამდელ პერიოდს ავიღებთ, მაშინ ზრდის ტემპი 40% იქნება. უცხოური ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციების შესახებ ბოლო ინფორმაცია 2023 წლის დეკემბრით თარიღდება. 2024 წლის პირველ კვარტალზე ინფორმაცია არც სექტორულადაა (ტრანსპორტი, განთავსების ობიექტები, კვება) ხელმისაწვდომი.

36% არ ჯდება არც ტურისტების რაოდენობრივ ზრდაში. 2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.6%-ით გაიზარდა, მათ შორის, ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით და უშუალოდ ტურისტების რაოდენობა - 11%-ით. თუ შესადარებლად 2019 წლის პირველ კვარტალს ავიღებთ, ტურისტების ნაწილში 6.4%-იან მატებას მივიღებთ. საერთაშორისო მოგზაურებისა და ვიზიტორების ნაწილში კი ისევ 20%-იანი და 13%-იანი კლება ფიქსირდება.

წარსულის გამოცდილებით, ტურისტული თვალსაზრისით, პირველი კვარტალი ყველაზე ნაკლებადაა დატვირთული. 2011-2019 წლებში პირველ კვარტალზე შემოსავლების 17% მოდიოდა, ყველაზე დატვირთულ მესამე კვარტალში - 37%.

ტურიზმის სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯავშნების ნაწილი გაუქმდა.ისინი ამ ფაქტს „რუსულ კანონს“ უკავშირებენ („რუსული კანონი“ 3 აპრილს დაინიციირდა, პირველი მოსმენით 17 აპრილს იქნა მიღებული და 14 მაისს მესამე მოსმენით, პრეზიდენტის ვეტო კი დეპუტატებმა 28 მაისს დაძლიეს). ცალკეული განცხადებები სურათის ერთი ნაწილია და სტატისტიკური ინფორმაციის გარეშე, რიცხობრივი მსჯელობა წინასწარ, გაუმართლებელი იქნება. შესაძლოა, „რუსულმა კანონმა“ მართლაც შეამცირა პოტენციურ ტურისტთა რაოდენობა, მაგრამ ზრდის ტემპი მაინც შენარჩუნდა. პირობითად თუ ტურისტთა რაოდენობა სხვა შემთხვევაში 10%-ით უნდა გაზრდილიყო, ზრდა აღმოჩნდეს 8% და შემოსავლებიც +7%, +12%-ის ნაცვლად. აპრილ-ივნისის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მესამე კვარტალში გამოქვეყნდება.

როგორი ზრდაც არ უნდა დაფიქსირდეს მეორე ან მესამე კვარტალში, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ პირველ კვარტალში შემოსავლების კუთხით ზრდა მინიმალური - 1.5%-იანი იყო და არა 36%-იანი. რიცხობრივად სწორად დასახელებული აბსოლუტური მონაცემის მიუხედავად, პრაქტიკულად ნულოვანი ზრდის 36%-იანი ზრდად დასახელების გამო, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია